ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში – რას წერს სახალხო დამცველი ბოლო ანგარიშში

საქართველოს სახალხო დამცველის უახლეს ანგარიშიდან, რომელიც 2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ მომზადდა და აპრილში საკანონმდებლო ორგანოს გადაეგზავნა ვიგებთ 2024 წელს საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით კვლავ არაერთი გამოწვევა გამოვლინდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში განგრძობითად გამოკვეთილმა სწავლის მიტოვების მზარდმა მაჩვენებელმა იკლო. მიუხედავად ამისა, სწავლის მიტოვებისა და სტატუსის შეჩერების სტატისტიკა მაინც მაღალია და წინა წლების მსგავსად, ძირითადად, ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ გამგზავრებას უკავშირდება.
2024 წელს საქართველოში 10 800 მოსწავლეს შეუჩერდა ან შეუწყდა მოსწავლის სტატუსი – მიზეზები
სახალხო დამცველი წერს, რომ ბავშვთა ძალადობისგან დაცვა მიმდინარე საანგარიშო წელსაც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.
“ძალადობის პრევენციის გაძლიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანია და საჭიროებს, ერთი მხრივ, ბავშვებისა და საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდას, ხოლო, მეორე მხრივ, პასუხისმგებელი უწყებებისადმი ნდობის ჩამოყალიბებასა და ბავშვზე მორგებულ მიდგომას, რაც ძალადობის შემთხვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების აუცილებელი წინაპირობაა. ამას გარდა, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ძალადობის ფაქტების დროული გამოვლენა, კოორდინირებული, ინტერდისციპლინური მიდგომა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რაც კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს სისტემური გაუმჯობესების აუცილებლობას”.
გარდა ამისა, 2024 წელსაც პრობლემა იყო ბავშვთა სარეაბილიტაციო სერვისებისა და სპეციალისტთა რაოდენობის სიმცირე. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში დასაქმებული იყო 278 სოციალური მუშაკი და 30 ფსიქოლოგი. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით გაიზარდა, სოციალური მუშაკების საშტატო ვაკანსიები სრულად კვლავ არ არის შევსებული908 და, შესაბამისად, არსებულ საჭიროებას ვერ აკმაყოფილებს.
2024 წელს ბავშვთა აზრის გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების რეალიზებასთან, ამ პროცესში მათი ძალადობისგან დაცვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გამოწვევები გამოიკვეთა. აღნიშნული, როგორც ომბუდსმენი განმარტავს, უკავშირდება ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ დაბალ ინფორმირებულობას, სტერეოტიპებსა და შესაბამის პრაქტიკას.
საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, რომ გადამზადდნენ საჯარო სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მასწავლებლები ბავშვთა გამოხატვის თავისუფლებისა და მისი რეალიზების თაობაზე, ასევე, ამ პროცესში ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ საგანმანათლებლო დაწესებულებათა როლის შესახებ.
ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევები
2024 წელს ადრეული და სკოლამდელი აღზრდის 1713 დაწესებულებაში 137 474 აღსაზრდელი ირიცხებოდა. საქართველოს მთავრობის მიერ ჯერ კიდევ 2023 წელს 330 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისა და 555 ბაღის რეაბილიტაციის პროექტის ინიცირების მიუხედავად, რაც სახალხო დამცველმა დადებითად შეაფასა, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2024/2025 წელს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა რაოდენობა მხოლოდ ხუთით გაიზარდა. შესაბამისად, სკოლამდელ განათლებაზე როგორც გეოგრაფიულ, ისე ინფრასტრუქტურულ და ფიზიკურ მისაწვდომობასთან დაკავშირებული გამოწვევები კვლავ აქტუალურია. როგორც წინა წლებში, გამოწვევას წარმოადგენს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვების სკოლამდელ განათლებაზე სრულფასოვანი მისაწვდომობა.
დმანისისა და ონის მუნიციპალიტეტებში, ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით, მისასალმებელია, მოცემულ ეტაპზე, ალტერნატიული სკოლამდელი განათლების მოდელის საპილოტე რეჟიმში დანერგვა. თუმცა, ამის პარალელურად, აუცილებელია სათანადო ღონისძიებების განხორციელება ყველა მუნიციპალიტეტში ადრეული და სკოლამდელი განათლების შესახებ ეროვნული კანონმდებლობისა და სტანდარტების შესაბამისი მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
სახალხო დამცველი ვრცლად წერს შემდეგ მნიშვნელოვან პრობლემებზეც: ბავშვთა დაცვა ძალადობისგან, ოჯახში ძალადობა, სექსუალური ძალადობა, ბავშვთა სიღარიბე, სახელმწიფო და ალტერნატიულ ზრუნვის სისტემაში მცხოვრები ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრებ არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობა, ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში მცხოვრებ არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობა,დედათა და ბავშვთა სახელმწიფო თავშესაფრების ბენეფიციართა უფლებრივი მდგომარეობა, ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა, კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა.
-
სკოლაში სწავლის შეწყვეტა ქორწინების მოტივით – რა ვითარებაა ქვეყანაში ამ მხრივ და რა რეკომენდაციები გაეგზავნათ სახელმწიფო უწყებებს by ARIS.GE-განათლება 8 აპრილი, 2025
-
ამ აბიტურიენტებმა, სტუდენტებმა და მასწავლებლობის მსურველებმა ჯანმრთელობის ცნობა NAEC-ში 10 აპრილის ჩათვლით უნდა წარადგინონ – დეტალები by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე 5 აპრილი, 2025
-
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულ მოსწავლეთა რეიტინგულ სიები – 2024-2025 სასწავლო წელი by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 4 აპრილი, 2025