GE

8 აპრილი, 2025

სკოლაში სწავლის შეწყვეტა ქორწინების მოტივით – რა ვითარებაა ქვეყანაში ამ მხრივ და რა რეკომენდაციები გაეგზავნათ სახელმწიფო უწყებებს

ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინება ერთ-ერთი თემაა, რომელსაც საქართველოს სახალხო დამცველი საკუთარ უახლეს ანგარიშში მიმოიხილავს და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებთან ერთად, იმ წინადადებებსა და რეკომენდაციებსაც წარმოადგენს, რომლებიც ვითარების გამოსწორების მიზნით, მთავრობამ უნდა განახორციელოს.

ომბუდსმენის განცხადებით, სამწუხაროდ, ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრა კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. არასაკმარისი საკანონმდებლო რეგულირების გამო, სტატისტიკის და სათანადო რეაგირების მიღმა რჩება მშობლების ინიციატივით ბავშვთა ნიშნობის შემთხვევები, რაც ბავშვის მთელ რიგ ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს.

სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული ცნობების თანახმად, მიმდინარე წელსაც შემცირებულია არასრულწლოვანთა ორსულობის და მშობიარობის რიცხვი, თუმცა მაჩვენებელი მაინც მაღალია. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წელს 427 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა, ხოლო არასრულწლოვან მშობლად კი 365 პირი.

“საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი ბავშვთა ქორწინების/ნიშნობის შემთხვევების მიხედვით, კვლავ იკვეთება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ზრუნვის სააგენტოს შორის კოორდინირებული მუშაობის და არსებული დაცვის და დახმარების მექანიზმების ეფექტიანი გამოყენების პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებელი უწყებებიდან მხოლოდ სააგენტოს აქვს დამტკიცებული „სოციალური მუშაკებისთვის ბავშვთა და ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევათა მართვის შესახებ“ პრაქტიკული სახელმძღვანელო დოკუმენტი, შესწავლილი ინდივიდუალური საქმეებიდან კვლავ იკვეთება სოციალურ მუშაკთა მხრიდან არაეფექტიანი რეაგირება, რაც, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობის თემის მიმართ წინასწარი განწყობებითა და სტერეოტიპული დამოკიდებულებითაა გამოწვეული. ასევე, პრობლემურია ბავშვობის ასაკში შესაძლო ქორწინების ფაქტებზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არასრულწლოვანთან ქორწინების მოტივით ჩადენილ 184 შესაძლო დანაშაულზე დაიწყო გამოძიება და 74 შემაკავებელი ორდერი გამოიცა, პროკურატურის მონაცემებით, არასრულწლოვანთან ქორწინების მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე დაზარალებულად ცნეს 50 ბავშვი, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა 45 პირის მიმართ დაიწყო”, – ვკითხულობთ ლევან იოსელიანის ანგარიშში.

სახალხო დამცველი წერს, რომ 2024 წელს ქორწინების მიზეზით 43 მოსწავლეს (38 გოგო 5 ბიჭი) შეუწყდა ან შეუჩერდა მოსწავლის სტატუსი. თუმცა სტატისტიკური მონაცემი, შესაძლოა, რეალურ სურათს არ ასახავდეს, რადგან სწავლის მიტოვების საფუძვლები ხარვეზულად მიეთითება. განსაკუთრებით პრობლემურია „მშობლის განცხადების“ საფუძველზე მოსწავლის სტატუსის შეწყვეტა, რომლის უკან, რიგ შემთხვევაში, სწორედ ბავშვთა ქორწინების მოტივი დგას.

სახალხო დამცველი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრისგან ითხოვს, რომ მინისტრის ბრძანებით დამტკიცდეს სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის ერთიანი სტანდარტული ოპერაციული პროცედურები (სოპ) ბავშვთა ქორწინების შემთხვევების გამოვლენის, ეფექტიანი რეაგირებისა და გადამისამართების შესახებ.

წინადადებები

წინადადებები საქართველოს პარლამენტს:

– საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სათანადოდ უზრუნველსაყოფად, გაითვალისწინოს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები სავალდებულო გენდერული კვოტირების მექანიზმის ხელახლა შემოღებასთან და, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების ფინანსური წახალისების მექანიზმთან დაკავშირებით;

– დამტკიცდეს საკანონმდებლო პაკეტი სექსუალური ძალადობის კანონმდებლობის სტამბოლის კონვენციასთან მისასადაგებლად;

– სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილებები და შესაძლებელი გახდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას დაზარალებულის დაკითხვის დისტანციურად ჩატარება ან ბრალდებულის სხდომის დარბაზიდან დროებით გაყვანა.

რეკომენდაციები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას:

შემუშავდეს ერთიანი საკომუნიკაციო სტრატეგია ბავშვობის ასაკში ქორწინებისა და მისი თანმდევი დანაშაულების თავიდან ასარიდებლად;

განახორციელოს ცვლილებები ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესში, რომელიც უზრუნველყოფს პრაქტიკაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას;

დახვეწოს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ეროვნული რეფერირების მექანიზმი, შესაბამისი ინსტრუმენტების დანერგვისა და განხორციელების პროცესში პასუხისმგებელი უწყებების კოორდინირებული მონაწილეობით, რათა პრაქტიკაში ქმედით და ეფექტიან ინსტრუმენტად იქცეს;

უზრუნველყოს გენდერული თანასწორობის მიმართულებით ეროვნული სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესის ინკლუზიურობა ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის ჩართულობითა და მათთვის სათანადო დროისა და რესურსების გამოყოფით და გათვალისწინებით;

უზრუნველყოს, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სამომავლო სამოქმედო გეგმა ითვალისწინებდეს საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებელ ფართომასშტაბიან კამპანიას, რომელიც მიმართული იქნება გენდერული ძალადობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდასა და სტერეოტიპების შემცირებაზე;

კოორდინაცია გაუწიოს უწყებებს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისთვის სტანდარტული ოპერაციული პროცედურების (სოპ) შემუშავებისა და განახლების პროცესში. საქართველოს იუსტიციის მინისტრს:

გადადგას ქმედითი ნაბიჯები ძალადობრივი ქცევის კორექციის პროგრამების გასაუმჯობესებლად და მოძალადე მსჯავრდებულთა ჩართულობის გასაზრდელად, მათ შორის, ეფექტიანი წახალისების სისტემის დანერგვით;

შეიმუშაოს ძალადობრივი ქცევის კორექციის პროგრამები იმ მოძალადეებისთვის, რომელთა მიმართაც გამოცემულია დამცავი ორდერი;

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი ქალებისთვის სხვა გინეკოლოგიური/რეპროდუქციული სერვისის მსგავსად, აბორტის სერვისის მიწოდება გახდეს უფასო.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს: უზრუნველყოს ბავშვთა ქორწინების შემთხვევებზე ერთიანი ოპერაციული პროცედურების (სახელმძღვანელო წესები) შემუშავება, რომელიც დამტკიცდება შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით;

– პოლიციელებისთვის ჩატარდეს ცნობიერების ამაღლების ტრენინგები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რისკის შეფასების დოკუმენტის შევსების წესებსა და მისი შევსების აუცილებლობაზე. ასევე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევების სრულყოფილად შესწავლის მიზნით. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს:

– მინისტრის ბრძანებით დამტკიცდეს სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის ერთიანი სტანდარტული ოპერაციული პროცედურები (სოპ) ბავშვთა ქორწინების შემთხვევების გამოვლენის, ეფექტიანი რეაგირებისა და გადამისამართების შესახებ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს:

– აწარმოონ სამშვიდობო პროცესებში ქალების მიერ დასახელებული საკითხების გადაწყვეტის სტატისტიკა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს:

– გაზარდოს საინფორმაციო კამპანიების გეოგრაფიული დაფარვა დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდებისთვის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სერვისებისა და რესურსების შესახებ;

– შექმნას და გაზარდოს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში რეპროდუქციული და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამები;

– აწარმოოს ინტენსიური ცნობიერების ამაღლების კამპანია პაპილომა ვირუსის ვაქცინაციის მნიშვნელობაზე, მათ შორის, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს:

– გაზარდოს სოფლად მცხოვრებ ქალებთან, როგორც დამწყებ, ისე გამოცდილ მეწარმეებთან, მეწარმეობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებისა და ტრენინგების რაოდენობა, მათ შორის, გეოგრაფიული დაფარვის გზით. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს:

– სისტემატურად გადამზადდნენ სოციალური მუშაკები ბავშვთა ქორწინებისა და მათ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

ასევე იხილეთ:

ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში – რას წერს სახალხო დამცველი ბოლო ანგარიშში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური