GE

„ბავშვზე ზრუნვა – ანუ რატომ ჯდება გაუნათლებლობა ძალიან ძვირი“

განათლების ექსპერტი ნინო ელბაქიძე ბავშვზე ზრუნვას მისი დაბადებიდან განათლების მიღებით დასრულებული, გერმანიის მაგალითით ხსნის და აცხადებს, რომ განათლება ძვირი ჯდება, მაგრამ “გაუნათლებლობა ბევრად უფრო ძვირად გვიჯდება!”.

“აი, ამაზე ვფიქრობ:

ბავშვზე ზრუნვა – ანუ რატომ ჯდება გაუნათლებლობა ძალიან ძვირი!

ევროპული სახელმწიფო ბავშვზე ჯერ კიდევ დაბადებამდე ზრუნავს და შემდეგ მასზე სიცოცხლის ბოლომდე.

გერმანიაში ფეხმძიმე ქალი როგორც კი აღრიცხვაზე დადგება, ვალდებულია, ყოველ გეგმურ შემოწმებაზე მივიდეს, თუ არ/ვერ მივიდა, ექიმის ოფისი დაურეკავს და გაიგებს მიზეზს. მშობიარობამდე დედას და მამას ეძლევა გარკვეული თანხა (ჩემს დროს ათასი ევრო იყო, როცა ბავშვი გერმანიაში გავაჩინე, ახლა მეტი იქნება), რათა ბავშვის დაბადებისთვის საჭირო ნივთები დროულად შეუძინოს. ჯერ არ დაბადებულ ბავშვზე ამგვარად ზრუნავს სახელმწიფო.

დაბადებისთანავე, ბავშვს ეძლევა გამოკვლევების ჟურნალი, სადაც გაწერილია ყველა გეგმური გამოკვლევა და აცრა, რომელიც, რა თქმა უნდა, უფასოა და უზრუნველყოფს ბავშვის განვითარების მონიტორინგს. ეს მონიტორინგის ვიზიტები სავალდებულოა და მშობლებმა აუცილებლად უნდა მიიყვანონ პედიატრთან შვილი გეგმის მიხედვით. თუ არ მიიყვანეს, ჩაერთვება ბავშვზე ზრუნვის სააგენტო და გაარკვევს მიზეზებს.

სასკოლო ასაკამდე ბავშვის ბაღში მიყვანა ნებაყოფლობითია, თუმცა სასკოლო ასაკს მიღწეული ყველა ბავშვი უნდა რეგისტრირდებოდეს რომელიმე სკოლაში. თუ ასე არ მოხდა, სახელმწიფო მოიკითხავს, სად არის ბავშვი და რატომ არ იღებს სავალდებულო განათლებას.

სკოლის პერიოდში ბავშვზე სკოლა ზრუნავს და უქმნის ყველა პირობას, რომ ბავშვმა საგანი/საგნები და სასკოლო მასალა წარმატებით დაძლიოს. აქ იგულისხმება დამატებითი გაკვეთილები, საჭიროების შემთხვევაში, აკადემიური და ფსიქოლოგიური დახმარება, ენის კურსები ემიგრანტი ოჯახების შვილებისათვის და მრავალი სხვა სერვისი. „არცერთი მოსწავლე ყურადღების მიღმა“ სკოლების გაცხადებული ლოზუნგია.

როგორ მივაღწიოთ ბავშვზე ორიენტირებულ განათლების სისტემას და აღმოვფხვრათ სოციალური უთანასწორობა

სკოლიდანვე იწყება პროფესიული ორიენტაცია. სკოლის პერიოდში ხდება სხვადასხვა პროფესიების გამოცდა/გაცნობა მოსწავლეების მიერ და დახმარება პროფესიის არჩევაში. დიფერენცირებული სკოლები განსხვავებულ შესაძლებლობებზეა გათვალისწინებული. დაახლოებით საბაზო საფეხურიდან ხდება მოსწავლეთა მივლინება სხვადასხვა ტიპის სკოლაში/კლასში და მომზადება სამომავლო პროფესიისთვის. თუ მოსწავლემ გადაიფიქრა პროფესიის არჩევანი, მას ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვალოს განზრახვა. ამაში ისევ სკოლა და დასაქმების სააგენტო დაეხმარება.

რამდენიმე წლის წინ კოლეგებთან ერთად ვიყავი მივლინებით შტუტგარტის დასაქმების სააგენტოში. სააგენტოს წარმომადგენელი გვიყვებოდა სასკოლო და დასაქმების სისტემების შესახებ. მეგონა, გერმანული სისტემები ჩემთვის ძალიან კარგად ნაცნობია და ახალი რაღა უნდა იყოს-თქო, გაოგნებული დავრჩი, ამ ბოლო რამდენიმე წელში როგორ შეცვლილა ადამიანზე ზრუნვის სისტემა. კულმინაცია იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბავშვს, რომელიც ვერ ძლევს რომელიმე საგანს, სახელმწიფო უხდის რეპეტიტორის თანხას, რომ მან ჩამორჩენა დაძლიოს! ცოტა დაუჯერებლად ჟღერს. რატომ აკეთებს ამას სახელმწიფო? თითოეული ბავშვის პოტენციალის გამოყენება თავად სახელმწიფოს ძლიერებისთვის და ბავშვის კეთილდღეობისთვის უფრო ხელსაყრელია, ვიდრე სახელმწიფოს კისერზე ჩამოკიდებული წარუმატებელი ახალგაზრდა.

განათლება ძვირი ჯდება, მაგრამ გაუნათლებლობა ბევრად უფრო ძვირად გვიჯდება!”, – წერს ნინო ელბაქიძე დღეს, 14 აგვისტოს გამოქვეყნებულ წერილში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური