GE

„ბოლოს როდის ვკითხეთ საკუთარ შვილს: როგორ ხარ შვილო, როგორია შენი სამყარო, რომელშიც ცხოვრობ?“

განათლების ექსპერტი, ნინო ელბაქიძე, ბავშვებზე, ბავშვის ცხოვრებაში სკოლისა და მშობლის როლზე საუბრობს და ამბობს, რომ ის, რაც ბავშვს ყველაზე მეტად სჭირდება, მშობლის უპირობო სიყვარული და მხარდაჭერაა.

16 თებერვალს გამოქვეყნებულ წერილში ის ერთ-ერთ მასწავლებელთან შეხვედრას და მასთან საუბრის შინაარსს იხსენებს.

„დიდი ხანია ამ მასწავლებელს ვიცნობ. სულ ახალი რომ ვიყავი განათლებაში, მაშინ გავიცანი. ლამაზი ქალია, სასწაული პროფესიონალი. შემთხვევით შევხვდით. გავიხარეთ. ისევ ლამაზია, როგორც ადრე.

სკოლაზე, ბავშვებზე ვკითხე. შეწუხებული ჩანდა. ძალიან ცოდოები არიან ბავშვები. უჭირთ ძალიან, მათთვის არავის სცალიაო. პანდემიამ ემოციურად ძალიან დააზარალა ბავშვები, დღემდე ვერ მოვიდნენ აზრზე, ვერაფრით ვშველი და გული მტკივაო. ისე ძალიან მტკივა გული, რომ მირჩევნია, წავიდე და აღარ ვხედავდე ამასო…

გული შემეკუმშა…

უსიყვარულობაში იზრდებიან და მეცოდებიანო. ან წარმატების მარათონში ექაჩებიან მშობლები, ან სულ თავის ნებაზე ჰყავთ მიშვებული, კანტი-კუნტად თუ ნახავ ბავშვს, მშობელი ჯანსაღად მხარს უჭერდესო.

როგორ მივაღწიოთ ბავშვზე ორიენტირებულ განათლების სისტემას და აღმვფხვრათ სოციალური უთანასწორობა

სერიოზულად არც უყურებენ ბავშვები, რასაც ვასწავლითო. ზოგს ერთი მშობელი არ ჰყავს, ზოგს-არცერთი, ზოგს ორივე ჰყავს, არც არაფერი აკლია ვითომ, მაგრამ მაინც უჭირს, სხვაგვარადო…

სკოლა უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას და ბევრი არაფერი შეუძლია შეცვალოს, რადგან ეს გამოწვევა პირდაპირ განათლებას არ ეხება. ემოციური, ფიზიკური ან ორივე მხარდაჭერის გარეშე დატოვებული ბავშვები, რომლებიც თავად ზრდიან თავის თავს. მშობლები ვიბრძვით ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის. რაც გვაქვს და რასაც ვაკეთებთ, ყველაფერი მათთვის გვინდა. ვახარჯავთ ყველანაირ რესურსს, რაც გაგვაჩნია. ყველა ბავშვს ასე არ უმართლებს. ყველა მშობელი ვერ წევს მშობლობას. ბავშვს ყველაზე მეტად რაც სჭირდება, მშობლის უპირობო სიყვარული და მხარდაჭერაა. და დრო, რომელსაც მშობელი შვილთან დახარჯავს.

ბოლოს როდის ვკითხეთ საკუთარ შვილს:
როგორ ხარ, შვილო?
რას გრძნობ?
რას განიცდი?
როგორია შენი სამყარო, რომელშიც ცხოვრობ…“.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური