„ჩვენს განათლების სისტემას ორი გამოწვევა აქვს“ – შალვა პაპუაშვილი განათლების კომიტეტის 2021 წლის მუშაობას აჯამებს
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 2022 წლიდან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს, თუმცა იქამდე, საკანონმდებლო ორგანოს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელმძღვანელი EDU.ARIS.GE-სთან აჯამებს გასულ 2021 წელს და კომიტეტის 2022 წლის გამოწვევებსა და გეგმებზე საუბრობს, რომელსაც ახალი თავმჯდომარე, გიორგი ამილახვარი გაუძღვება.
– ბატონო შალვა, როგორი იყო 2021 წელი განათლებაში საკომიტეტო მუშაობის თვალსაზრისით?
– საინტერესო წელი გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია იყო, კომიტეტმა მაინც შეძლო ბევრი რამის გაკეთება. მნიშვნელოვანია, რომ ამ წლის დასაწყისში მოხდა კომიტეტის გაყოფა, კულტურის ნაწილი გამოეყო განათლებასა და მეცნიერებას. ამიტომ, გარკვეული ორგანიზაციული საკითხებიც იყო თავდაპირველად მოსაგვარებელი, თუმცა ჩვენ დროულად მივიღეთ კომიტეტის სამოქმედო გეგმა. ამ გეგმას გადავხედეთ გასულ დღეებშიც, თუ სად ვიმყოფებით, ძირითადი ნაწილი შესრულებულია. კომიტეტთან აქამდე არ არსებობდა და პირველად შეიქმნა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო. სამი ასეთი საბჭო შეიქმნა მიმართულებების მიხედვით. ორთან უკვე გვქონდა შეხვედრები, რამაც აჩვენა, რომ საბჭო მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია იმისთვის, რათა კომიტეტმა მიიღოს დარგის სპეციალისტების მოსაზრებები სხვადასხვა თემაზე. ამას გარდა, კომიტეტში გამოვიყენეთ ასევე რეგლამენტით მონიჭებული შესაძლებლობა თემატური მომხსენებლის დასახელების და კომიტეტში გვყავს სამი ადამიანი – გიორგი ამილახვარი, რომელიც არის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თემატური მომხსენებელი; თამარ ტალიაშვილი, რომელიც გახლავთ სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით თემატური მომხსენებელი და მარიამ ლაშხი, რომელიც არის პროფესიული განათლების მიმართულებით თემატური მომხსენებელი. ამ ინსტრუმენტმაც აჩვენა, რომ ძალიან ეფექტიანია, ვინაიდან კომიტეტის წევრები, ასე ვთქვათ დარგით სპეციალიზირდებიან და შესაბამისად, ყურადღება უფრო კონცენტრირებულიც არის და მათ შორის, ვთქვათ იქნება ეს აღმასრულებელი ხელისუფლება თუ სხვა დაინტერესებული მხარეები, ჰყავთ უშუალო საკონტაქტო პირი.
მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ საკომიტეტო მოსმენები გვქონდა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ეროვნულ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებით. კომიტეტმა განახორციელა ერთი თემატური მოკვლევა პანდემიის შესახებ ზოგადი განათლების სისტემაზე – „COVID 19, პანდემიის გავლენა განათლების სისტემაზე“. ასევე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებაც მოვასწარით, მათ შორის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით. ამ დაწესებულებების ავტორიზაციის დაყოვნებული პროცესის გამოცოცხლება განვიზრახეთ და მომავალ წლებში ამ კუთხით საინტერესო სამუშაოები ელის მათ შორის კომიტეტსაც.
ასევე, ჩვენ შევიმუშავეთ კომუნიკაციის სტრატეგია და ამ კუთხითაც ჩვენი კომიტეტი გამორჩეული იყო, ვინაიდან ვცდილობდით უშუალო კომუნიკაციას საზოგადოებასთან, მათ შორის იმ კუთხით, რომ ჩვენი კომიტეტი გადაიცემოდა როგორც პირდაპირ ეთერში, ისე მისი ჩანაწერის განთავსებასაც უზრუნველვყოფდით. დავიწყეთ საკანონმდებლო ინიციატივების პოპულარიზაცია იმ მხრივ, რომ ინიციატივის შემოსვლის შემდეგ, მოკლე აღწერა, თუ რას ეხება ცვლილება, ამის განთავსება ხდება ჩვენს გვერდზე.
-რა იყო 2021 წელს ის გარდამტეხი გადაწყვეტილებები, რომელმაც განათლების სისტემის გაუმჯობესებაზე იქონია გავლენა?
-განათლება, ზოგადად ისეთი სფეროა, რომელზეც გადაწყვეტილებები და შედეგები დროში ერთმანეთისგან უფრო დაცილებულია სხვა სფეროებისგან განსხვავებით. დრო სჭირდება, რომ გადაწყვეტილებები შედეგზე აისახოს და ეს დავინახოთ. განსაკუთრებულ გადაწყვეტილებად მე მაინც მიმაჩნია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ავტორიზაციის ასე ვთქვათ მიძინებული პროცესის გამოღვიძება, იმიტომ რომ პროცესი ძირითადში ის იყო, რომ ხდებოდა გადავადება, არ ჩანდა გადავადებული პროცესის წარმატებით დასრულების იმედი და მეორე, განათლების კოდექსის შექმნის საჭიროების კვლევა, რომელიც ასევე ხანგრძლივი პროცესია და დრო დასჭირდება. პრინციპში, ჩვენი სამოქმედო გეგმა როდესაც გავაკეთეთ, იყო ერთწლიანი და გვინდოდა 4-წლიანი გეგმაც, რომ ამ მოწვევის პარლამენტს შედეგი გვქონოდა და ვფიქრობ, ჩვენი მომავალი სამოქმედო გეგმა ასევე იქნება რამდენიმე წლიანიც იმისთვის, რომ საბოლოო შედეგებიც ამ მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ფარგლებში იყოს ასახული.
-პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარისთვის როგორია განათლების ჯეროვანი სისტემა, რა უნდა ჰქონდეს მას ამისთვის?
-განათლების სისტემა რთულია, მუდმივად არის რეფორმების ობიექტი ყველგან, ყველა ქვეყანაში. იშვიათია ქვეყანა, სადაც ბოლომდე კმაყოფილნი არიან ხოლმე, როცა ზოგად განათლებაზე ვსაუბრობთ და ყოველთვის მიდის მცდელობა სხვადასხვა ახალი მიდგომების შემოტანისა ზოგად განათლებაში, ისევე როგორც სხვა მიმართულებით. თუმცა საერთო ჯამში, საზომი, რა თქმა უნდა ეს არის შედეგი და ის შედეგები, რომელიც ჩვენ გვინდა როგორც ზოგადი, ისე უმაღლესი განათლების კუთხით, არ არის. განათლების სისტემას ჩვენთან, იმის გათვალისწინებით რომ ბევრი ინსტიტუციის მოშლა მოხდა, ორი გამოწვევა აქვს: ერთი არის ინფრასტრუქტურული გამოწვევა, რაც საბაზისო გამოწვევაა და 2026 წლამდე ყველა სკოლა მთავრობის გეგმით იქნება გამართული და მეორე, რა თქმა უნდა, ეს გახლავთ უშუალოდ სწავლის შედეგები, ზოგადი განათლება იქნება ეს, უმაღლესი თუ მეცნიერება და მისი შედეგები. ამიტომ, საზომი არის შედეგები და ამას ვაკვირდებით, რომ ეს მივიღოთ.
-და ბოლოს, რა არის 2022 წლის მთავარი გამოწვევა განათლებაში?
-თავისთავად, ეს არის პანდემია, რომელსაც 2021 წელსაც ჰქონდა დიდი გავლენა და დღემდე არ არის ყველა დაწესებულება ფიზიკური დასწრების წესზე გადასული. უმაღლეს სასწავლებლებში კვლავ დისტანციურად მიმდინარეობს სწავლა. ასე რომ, ეს არის საკითხი, რომელიც სავარაუდოდ, 2022 წელსაც გარკვეულ გავლენას იქონიებს მიუხედავად იმისა, რომ არსებობს იმედები, პანდემია შეიძლება დასასრულისკენ წავიდეს მომავალ წელს. მთავარი გამოწვევა იქნება, რომ პანდემიის პირობებში ხარისხის შენარჩუნება მოხდეს დისტანციური სწავლების პირობებში, რომელიც არსებობს, აქ ვერ ვისაუბრებთ ხარისხის გაუმჯობესებაზე.
ვფიქრობ, მნიშვნელოვანი რეფორმების წელი იქნება იმ კუთხით, რომ დაანონსებულია უმაღლესი განათლების დაფინანსების სისტემის ცვლილება. აქ მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი განათლების სამინისტროს მიჰყავს ძალიან ინკლუზიურად და არსებითია თავად უმაღლესი სასწავლებლების ჩართვა ამ პროცესში იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ და მივიყვანოთ ბოლომდე დაფინანსების სისტემის რეფორმის პროცესი. ასევე, მომავალი წლის გამოწვევაა სკოლამდელი განათლების ავტორიზაციის პროცესი ვინაიდან დაგეგმილია ყველა დაწესებულების რეგისტრაცია მათ შორის კერძო ბაღების, დღეს სახელმწიფომ არცკი იცის რამდენი კერძო ბაღი არსებობს. ამიტომ მომავალი წლის ბოლოს ჩვენ უკვე გვეცოდინება რამდენმა ბაღმა უნდა გაიაროს ავტორიზაცია და რა არის სტანდარტები, რომელსაც ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ.
ასევე იხილეთ:
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს გიორგი ამილახვარი უხელმძღვანელებს
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება