GE

„ჩვენთან „კაი ტონად“ ის უფრო ითვლება, რომ მასწავლებელი არ „წუწუნებს“, არამედ „ასრულებს“

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, სასკოლო სახელმძღვანელოს თანაავტორი ნინო ლომიძე საქართველოში მასწავლებლების ყოველდღიური რეჟიმის თემას ეხმაურება და უცხოური მედიის სტატიის მაგალითზე წერილს აქვეყნებს.

„სკოლიდან შინ არ მიმაქვს არანაირი სამუშაო. არანაირი! ამისთვის არ მიხდიან. ჩემი პირადი დროის ხარჯზე ვერც დავალებებს შევამოწმებ და ვერც გაკვეთილების გეგმას დავწერ. ეს დრო ჩემი და ჩემი ორი შვილისაა. დირექტორისგან შენიშვნა მივიღე. შენიშვნის პასუხად მივუგე, რომ ის დრო, რაც ამ მოვალეობების შესასრულებლადაა გამოყოფილი და რომელიც მინაზღაურდება, სკოლის სხვა საჭიროებებს მოვახმარე. ძვირფასო კოლეგებო, მაინტერესებს, აქვს თუ არა უფლება დირექტორს მომთხოვოს შაბათ-კვირას და არასასკოლო საათებში არაანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება?“

კოლეგის ამ კითხვაზე ვებსაიტის “bored teachers” გუნდი სხვადასხვა საინტერესო ქმედით რჩევას აძლევს კოლეგას. არსადაა დამუნათება, ვალდებულებების შეხსენება, „აბა როგორ გინდათ“ პათოსი და „მასწავლებელი ყოვლისშემძლე უნდა იყოს“ სადღეგრძელოები.

„ურიკით შინ გასასწორებელი რვეულების მიტანა უსამართლო და დამაზიანებელია როგორც თქვენთვის, ისე თქვენი ოჯახის წევრებისთვის. თქვენც და ისინიც იმსახურებენ უკეთესს. მოსწავლეებს, რასაკვირველია, სჭირდებათ უკუკავშირი და მათ ის უნდა მიიღონ. კარგი მმართველის (კარგი დირექტორის! კარგი) უპირველესი სამუშაოა, უზრუნველყოს მასწავლევლების დროის სწორი გადანაწილება. სწავლა-სწავლების პროცესის პრიორიტეტები ისე უნდა იყოს დალაგებული, რომ მასწავლებელს არ უწევდეს პირადი დროის ხარჯზე მუშაობა“.

ამას მოსდევს რეკომენდაციები.

დასკვნით მიმართვაში კი წერია:

„სწავლება ურთულესი სამუშაოა, ხშირად ჩვენ კიდევ უფრო ვირთულებთ საქმეს იმით, რომ გვსურს სრულყოფილებამდე მივიყვანოთ გასაკეთებელი. ძალიან დიდ დროს ვხარჯავთ ამაზე. შეწყვიტეთ ამის კეთება, შეიმუშავეთ ისეთი დღის წესრიგი, რომელიც მოგცემთ საშუალებას, მიხედოთ საკუთარ ჯანმრთელობას და ოჯახს“.

რასაკვირველია, აქ შესადარებლად და გულის გასახეთქად უნდა გაგვახსენდეს ქართველი მასწავლებელი, რომელსაც შაბათს, კვირას, სკოლის დღეებში საღამოს გვიან და ყოველ თავისუფალ დროს, რაც კი მოეძევება, ან ტრენინგი აქვს, ან საწერი სამუშაო, ან დამატებითი გაკვეთილები და ვინ მოსთვლის კიდევ რა აღარ.

ჩვენთან ამაზე საუბარი მიღებული არაა. ჩვენთან “კაი ტონად” ის უფრო ითვლება, რომ მასწავლებელი არ “წუწუნებს”, არამედ “ასრულებს”, – წერს ნინო ლომიძე 11 სექტემბერს გამოქვეყნებულ წერილში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური