„თითქმის ყოველი მესამე 15 წლის მოზარდი არ ფლობს საბაზისო მათემატიკურ უნარებს“ – რა საფრთხეზე მიუთითებს ევროკომისიის ანგარიში
ევროპული კომისიის მიერ 17 დეკემბერს გამოქვეყნებული სპეციალური ანგარიშის თანახმად, ევროპელ მოზარდებში სუსტი მათემატიკური უნარები ევროკავშირის ეკონომიკას საფრთხეს უქმნის. მრავალგვერდიანი ანგარიშთან დაკავშირებულ ამ ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ 19 დეკემბერს აქვეყნებს.
ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მათემატიკური და კითხვის უნარების კუთხით მოზარდებში მდგომარეობა უარესდება, რაც საფრთხეს უქმნის დასაქმებულთა პროდუქტიულობას და კონკურენტუნარიანობას.
ანგარიშის მიხედვით, იმ მოსწავლეების რიცხვი, რომელთა აკადემიური მოსწრება არადამაკმაყოფილებელი იყო, ბოლო 12 წლის განმავლობაში იზრდებოდა, ხოლო 2022 წელს დრამატული უკუსვლა დაფიქსირდა, რაც სავარაუდოდ უკავშირდება კოვიდპანდემიას და სკოლების დახურვას. ექსპერტების მოსაზრებით, ევროკავშირი მნიშვნელოვნად ჩამორჩება დასახულ მიზანს, რომ 2030 წლისთვის 15%-მდე შეამციროს იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომელთა აკადემიური მოსწრება არადამაკმაყოფილებელია.
ევროკომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ თითქმის ყოველი მესამე 15 წლის მოზარდი არ ფლობს საბაზისო მათემატიკურ უნარებს, ხოლო ყოველმა მეოთხემ ვერ შეძლო კითხვასა და ბუნებისმეტყველებაში მინიმალური დონის დაკმაყოფილება.
ყველაზე ცუდი შედეგები მათემატიკურ უნარებში აჩვენეს ბულგარელმა, კვიპროსელმა და რუმინელმა მოსწავლეებმა. ევროკავშირში მცხოვრები შედარებით ღარიბი მოსწავლეების თითქმის ნახევარი ვერ აკმაყოფილებს აკადემიურ მოსწრებას, რაც 2018 წლის მონაცემებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუარესებულ მდგომარეობას მიუთითებს. 2018 წელს ასეთი მოსწავლეების რაოდენობა 38.2%-ი იყო.
იხილეთ შედეგების ცხრილი მათემატიკაში
იხილეთ სრული ანგარიში
ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ ასეთი ცუდი მაჩვენებლები საფრთხეს წარმოადგენს ეკონომიკისთვის. ამასთან ერთად, ანგარიშში მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ბევრ მოქალაქე ვერ აუბამს ფეხს „ეკონომიკის მწვანე და ციფრული გარდაქმნას“.
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ მარტის დასაწყისში წარადგენენ ე.წ. უნარების გაუმჯობესების სამოქმედო გეგმას, რომელიც ფოკუსირებული იქნება უნარების გაუმჯობესებაში ინვესტიციების დაბანდებაზე, მოზრდილთა განათლებაზე, პროფესიული განათლების გაძლიერებაზე. ევროკომისია ასევე გადახედავს ციფრული განათლების განვითარების გეგმას.
ასევე იხილეთ:
წყარო: 1tv.ge