ცოდნა თუ პრაქტიკული განათლება?
გოჩა გაბოძე, ბლოგერი
ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ ცოდნის მიღების სხვადასხვა მეთოდების შესახებ. რამდენად ეფექტურია თითოეული მათგანი, რომელი გზა არის წარმატების მისაღწევად შედეგიანი. პირადად მე განსხვავებული, არატიპური გზა ავირჩიე ცოდნის მისაღებად. კითხვაზე რა პროფესიის გსურს გამოხვიდე, ამ დრომდე არ მაქვს ჩამოყალიბებული ერთი კონკრეტული პასუხი. დაინტერესებული ვარ სხვადასხვა სპეციალობებითა და პროფესიებით რომლებიც ხშირ შეთხვევაში ერთმანეთს კვეთს, თუმცა ხშირად სრულიად მომიჯნავე სფეროსთანაც კი მაქვს შეხება. სკოლის დამთავრების შემდეგ, მუდმივად ვცდილობ სწავლის პარალელურ რეჟიმში ვიმუშაო და პრაქტიკაში გამოვცადო ჩემი ინტერესები და შესაძლებლობები.
განათლების მიღების უამრავი განსხვავებული მეთოდი არსებობს: სკოლა, პროფესიული სასწავლებლები, სასერტიფიკატო პროგრამები, უმაღლესი საუნივერსიტეტო განათლება, ონლაინ სწავლება და სხვა. თითოეული მათგანის მნიშვნელობა და შედეგიანობა განსხვავებულია. პირველი და უმთავრესი სასკოლო განათლებაა. სკოლაში მიღებული საბაზისო განათლება ადამიანის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია. შემდგომ ადამიანები ინდივიდუალურად აკეთებენ არჩევანს, საკუთარი უნარებისა და დასახული მიზნის მისაღწევი გზების შესახებ. არსებობენ ისეთები რომლებიც თოერიულ განათლებაზე არიან ორიენტირებულნი, ხელმძღვანელობენ მხოლოდ წიგნების, ლექტორებისა და მასწავლებლების მიერ გაზიარებული ინფორმაციის მეშვეობით, სხვები ცოდნის მიღების პარალელურად ცდილობენ პრაქტიკული საქმიანობისას შეავსონ მიღებული თეორიული ბაზისი. გადიან სტაჟირების პროგრამებს, სწავლობენ მომიჯნავე სპეციალობებს, ცდილობენ ახალი უნარები შეიძინონ და პრაქტიკული საქმიანობისას შეისწავლონ ის პროფესია, რომლის დაუფლებაც გადაწყვიტეს. დიდი თეორიული ბაზისის მქონე ადამიანები, ძირითად შემთხვევაში აკადემიურ საქმიანობას აგრძელებენ, მათი მიღებული ცოდნა ხშირად დამატებითი დაბრკოლება ხდება პრაქტიკული საქმიანობისას. ისინი უმეტეს შემთხვევებში გადამეტებულად კრიტიკულად უყურებენ საკუთარ პროფესიას და თეორიული ბაზისისგან განთავისუფლება უჭირთ. პრაქტიკაში კი ყოველთვის ისე არ არის, როგორ ეს წიგნებშია აღწერილი, ან ლექტორისა თუ მასწავლებლისგან გვაქვს მოსმენილი.
ასევე, ნაკლებად ეფექტურია ცონის მიღება მხოლოდ თეორიული ბაზისის მქონე ლექტორისგან, თუ საქმე სპეციფიურ კონკრეტულ სპეციალობებს არ ეხება, რომელიც კვლევაზე და თეორიულ ბაზისზეა დაფუძნებული. პრაქტიკოსი ლექტორი რომელსაც უშუალოდ ამ მომენტში აქვს შეხება იმ პროფესიასთან რომელის დაუფლებაც გაქვს გადაწყვეტილი გაცილებით მეტ და მნიშვნელოვან პრაქტიკულ რჩევებსა და ცოდნას გადმოგცემს ვიდრე დიდი თეორიული ბაზისის მქონე ლექტორი. მათი მთავარი განმასხვავებელი დეტალი ლექციის მიმდინარეობისას სამეტყველო ტერმინოლოგიაა. პრაქტიკოსი ლექტორები ცდილობენ ნაკლებად გამოიყენონ პროფესიული სლენგი და საჭიროების შემთხვევაში დეტალურად ახსნან მისი მნიშვნელობა. თეორეტიკოსი ლექტორები კი პირიქით, ცდილობენ სტუდენტზე შთაბეჭდილება სწორედ ამ სლენგის დახმარებით მოახდინონ. მათი მთავარი იარაღი ხომ მხოლოდ თეორიაა. რაც შედეგად სტუდენტის დათრგუნვას და მისი შესაძლებლობების რწმენის კლებას იწვევს.
როდესაც ვიწყებთ ამა თუ იმ პროფესიის შესწავლას საკმაოდ მნიშვნელოვანია სწორად გავიაზროდ რისი მიღწევა გვსურს და რა გზებით მივიდეთ დასახულ მიზნამდე. თარგმანში დაკარგულივით რომ არ მოგვიხდეს შემდგომში საკუთარ ორ დიპლომზე წუწუნი, თუ მიღებული ცოდნა პრაქტიკულ შედეგს ვერ გამოიღებს.
პირადად ჩემთვის სწავლისა და მის პარალელურად პრაქტიკული საქმიანობის მოდელი გაცილებით მისაღებია. ცოდნის მიღებას არ ვცდილობ ერთი კონკრეტული მიმართულებით. მაგალითად უნივერსიტეტში სოციალურ მცნიერებებს ვსწავლობ,მიზანი ამ შემთხვევაში ზოგადი განათლების მიღებაა ისეთ თემებზე როგორებიცაა სოციოლოგია, პოლიტოლოგია, ფილოსოფია. ამ პროფესიებს სიღრმისეულად შესასწავლად არ ვეკიდები, ვერც საკუთარ მომავალ საქმიანობას ვხედავ ამ მიმართულებით. უხეშად რომ ვთქვათ უნივერსიტეტში სულიერ საზრდოს ვიღებ, აზროვნების პროცესს ვსწავლობ. მეორად სპეციალობად ღია არჩევითი საგნები მაქვს აღებული. ამ შემთხვევაში სწავლისას გაცილებით ბეჯითი ვარ, საგნის არჩევისას ვხელმძღვანელობ კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე და აქცენტს ახალი უნარების მიღებაზე ვაკეთებ.
ბოლო ერთი წელია გადავწყვიტე მორიგი ექსპერიმენტი ჩამეტარებინა. უნივერსიტეტში აკადემიური სემესტრი ამეღო და ორიენტირებული გავმხდარიყავი ცოდნის მიღების სხვა მეთოდზე. მიმეღო მეტი პრაქტიკული ცოდნა, შემესწავლა და საკუთარი უნარები მომესინჯა განსხვავებული კუთხით განსხვავებულ პროფესიებში. პირველად არჩევანი რადიო თავისუფლების მიერ გამოცხადებულ სტაჟირების პროგრამაზე გავაკეთე. გავიარე კონკურსი და ორი თვის განმავლობაში, რადიო თავისუფლების ჟურნალისტებისგან მივიღე ის საბაზისო პრაქტიკული ცოდნა და დავეუფლე იმ უნარებს რომელიც ჟურნალისტისთვის არის აუცილებელი. სწავლებას ამ შემთხვევაში მხოლოდ იდეებისა და აზრების გაცვლის ფუნქცია ქონდა. სტაჟიორებთან ურთიერთობის ფორმა გამოცდილი და დამწყები ჟურნალისტის თანამშრომლობის მოდელზე იყო აგებული. სწავლებისას ვმუშაობდით ჩვენს მიერ შერჩეულ თემებზე, რის შესახებაც ვამზადებდით რადიო სიუჟტებს, გვქონდა უშუალოდ შეხება რესპოდენტებთან, რადიო თავისუფლების ჟურნალისტებისგან კი ვიღებდით ტექნიკური დეტალების შესახებ პრაქტიკულ რჩევებს. რის შემდეგაც უკეთ გავიგე ჟურნალისტის პროფესიასთან დაკავშირებული ძირითადი ნიუანსები, რასაც პრაქტიკაში მუდმივად ვიყენებ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე კონკრეტულად ამ სპეციალობით არ ვმუშაობ.
შემდეგ სემესტრში არჩევანი პიარ სკოლაზე შევაჩერე, სადაც ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს გავდივარ. ვთვლი რომ ცოდნის მიღებისას, საკმაოდ ლოგიკური იყო ჟურნალისტიკიდან, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის პროფესიის შესწავლის პროცესზე გადასვლა. ამ ორი მომიჯნავე პროფესიის შესახებ მიღებული ცოდნა მხოლოდ შეავსებს ერთმანეთს და მომავალში მექნება საშუალება, პრაქტიკული საქმიანობისას განსხვავებული რაკურსიდან დავინახო მათი გადაკვეთის წერტილები. როგორც ჟურნალისტმა/ბლოგერმა, ვიცოდე, რა ფორმით სჭირდება კომპანიას საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიისას მედიასთან თანამშრომლობა, ჟურნალისტური პროდუქტის შექმნისას კი განვსაზღვრო ის წერტილი რომელზეც გადის ზღვარი, ახალი ამბის გაშუქებასა და სარეკლამო სიუჟეტს შორის. როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა, ვიცოდე რა მოდელის მიხედვით ავაწყო ეფექტური ფორმით კომუნიკაცია მედიასთან, როგორ მივაწოდო ჟურნალისტებს მათთვის საჭირო ინფორმაცია სასურველ დროს, შედეგად კი როგორ გავზარდო მედიის ინტერესი ჩემი პიარ ობიექტისადმი.
კურსი ამჯერადაც პრაქტიკოსი ლექტორების მიერ პიარსა და მარკეტინგთან დაკავშირებული სხვადასხვა მომიჯნავე სპეციალობების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას მოიცავს. სწავლის პარალელურად ამ შემთხვევაშიც გვიწევს მუშაობა. გუნდური მუშაობის პრინციპით გვიხდება რეალურ დროში მიმდინარე პიარ კამპანიის ჩვენი, ალტერნატიული მოდელის შემუშავება. რაც კიდევ ერთი დამატებითი უნარია პროფესიული საქმიანობისას. ჩვენს მიერ დადებული პროექტი კი იქნება მთავარი განმაპირობებელი ნიუანსი ჯგუფის საბოლოო შეფასებისას.
მგონია, რომ ცოდნის მიღების ამგვარი გზა მეტად ეფექტური შედეგის მომცემი იქნება საბოლოო წარმატებული კარიერის მისაღწევად.