GE

როგორი ამინდი ელით ზაფხულის გამოცდების მონაწილეებს ივლისის თვეში – სინოპტიკოსების პროგნოზი

2026 წლის ზაფხულის გამოცდები 2 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება და 29 ივლისს, მასწავლებლის გამოცდით დასრულდება. სულ წლევანდელ ზაფხულის გამოცდებში 82 000-ზე მეტი აპლიკანტი მონაწილეობს. მათგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 10 000-ზე მეტი კანდიდატი, ხოლო მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებზე 29 000-ზე მეტი მონაწილეა რეგისტრირებული.

ზაფხულის გამოცდების მონაწილეებისთვის, ივლისი, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ცხელი თვე იქნება, რადგან აპლიკანტებისა და მათი გულშემატკივრების მღელვარების ზრდასთან ერთად, სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურაც ნელ-ნელა მოიმატებს.

უფრო კონკრეტულად კი, როგორც EDU.ARIS.GE-ს დღეს, 19 ივნისს, გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ივლისის დასაწყისი შედარებით გრილი იქნება, შუა რიცხვებიდან ტემპერატურა მოიმატებს და 20-ის შემდეგ ცხელი პერიოდია მოსალოდნელი.

აღსანიშნავია, რომ 2026 წელს, საქართველოს მასშტაბით, 24 საგამოცდო ცენტრი 12 ქალაქსა და დაბაში გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში. იმის მიხედვით, თუ სად აბარებთ გამოცდას, ივლისში, ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურასთან დაკავშირებით შემდეგი ინფორმაცია უნდა გაითვალისწინოთ:

დასავლეთ საქართველო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოს სანაპირო რაიონებისთვის ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა ივლისში 25-26 გრადუსი იქნება. ამდენივეა მოსალოდნელი კოლხეთის დაბლობზეც, ეს მაჩვენებელი კი, საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან შედარებით, 1 გრადუსით მაღალია.

რაც შეეხება მაქსიმალურ ტემპერატურას, შავი ზღვის სანაპიროზე მაქსიმალური ტემპერატურა, შესაძლოა, 33-36, ხოლო კოლხეთის დაბლობზე, ქუთაისში, ზუგდიდსა და გურიის რაიონებში – 35-38 გრადუსამდე გაიზარდოს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში საშუალო ტემპერატურა 24-25 გრადუსი იქნება, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან შედარებით, 1 გრადუსით მაღალია. ცალკეულ დღეებში, მთიან რაიონებში, შესაძლოა, ტემპერატურამ 34-35 გრადუსამდეც მიაღწიოს.

აღმოსავლეთ საქართველო

ივლისი ქართლში შედარებით უფრო ცხელი იქნება და მოსალოდნელია 24-27 გრადუსი ტემპერატურა, რაც ასევე 1 გრადუსით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. კახეთში ჰაერი 24-26 გრადუსამდე გათბება.

ივლისის ბოლოსკენ ცალკეულ დღეებში – ქვემო ქართლში (თბილისი, ბოლნისი, მარნეული) ტემპერატურამ, შესაძლოა, 36-39, ხოლო შიდა ქართლში 36-37 გრადუსამდე მოიმატოს. კახეთში, ცალკეულ დღეებში, ტემპერატურის მატება 33-38 გრადუსამდეა ნავარაუდევი.

მთიან რაიონებში საშუალო ტემპერატურა 21-23, ცალკეულ დღეებში კი 34-37 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება ნალექს, ივლისში ნალექი მთელ საქართველოში ნორმის ფარგლებში და ნორმაზე ნაკლები იქნება.

ასევე იხილეთ: 

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური