GE

GRUNI-ს აკადემიური პერსონალი UN PRME-ის პედაგოგიკის სასერტიფიკატო სესიაში მონაწილეობდა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი გაეროს პასუხისმგებლიანი მენეჯმენტის განათლების პრინციპების (UN PRME) პედაგოგიკის სასერტიფიკატო სესიაში მონაწილეობდა.

უნივერსიტეტის მიერ 19 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, აკადემიურ პერსონალი, როგორც PRME-ის ოფიციალური წევრი ინსტიტუციის წარმომადგენლები, ჩართულნი იყვნენ საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამაში, რომელიც მიზნად ისახავდა პასუხისმგებლიანი მენეჯმენტის განათლების პრინციპების ეფექტიან ინტეგრირებას სწავლა-სწავლების პროცესში.

სასერტიფიკატო სესიას გრუნის პროფესორები – მეჰდი მაჯიდი, ვახტანგ ჭარაია, თამარ ბიწაძე, ნინო საჩალელი, ნინა გერსამია, ელისო ჩაფიძე, ნინო რაჭველიშვილი, მაია მელაძე, ოთარ გერზმავა, მაია გოგიაშვილი და თამარ კაპანაძე ესწრებოდნენ.

სესიის მონაწილეებმა შეისწავლეს და გააანალიზეს თანამედროვე პედაგოგიკური მიდგომები, მათ შორის: სისტემური აზროვნება, გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლება, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდები, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია სასწავლო პროცესში და სხვა. სესიის დასრულების შემდეგ მონაწილეებს საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ.

უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისათვის სესია მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო, გაცნობოდნენ ამ სფეროში არსებულ თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკასა და მიდგომას.

PRME-ის პედაგოგიკის სასერტიფიკატო სესიაში უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მონაწილეობას კოორდინაციას უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრი უწევდა.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური