GE

ცვლილება კანონში – რამდენი იქნება მაღალმთიანი დასახლების სკოლის პედაგოგის სახელფასო დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში

თუ საქართველოს მაღალმთიან დასახლებაში არსებული სკოლის პედაგოგი ხართ, სრული დატვირთვის შემთხვევაში, თვენი სახელფასო დანამატი სახელმწიფოსგან 150 ლარი იქნება.

აღნიშნულს ითვალისწინებს საქართველოს საგანონმდებლო ორგანოში განსახილველად წარდგენილი კანონის პროექტი “მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე, რომელსაც 10 აპრილს პარლამენტის განათლების კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

“ცვლილება ითვალისწინებს მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის სახელმწიფოს მხრიდან დანამატის მიცემას, რომელიც სრული დატვირთვის შემთხვევაში, განისაზღვრება 150 ლარის ოდენობით. არასრული დატვირთვის შემთხვევაში კი საათობრივი დატვირთვის პროპორციულად.

“აქ საუბარია იმაზე, რომ დღევანდელი მოცემულობით 35%-იანი დანამატი ხორციელდება სახელფასო ოდენობის, რომელიც არის განსაზღვრული, მაგრამ ცვლილებით უკვე განისაზღვრება, კონკრეტულად, ფიქსირებულად 150 ლარის ოდენობით, რაც გარკვეულწილად აუმჯობესებს იმ დეფაქტო მდგომარეობას, რომელიც ახლა არსებობს”, – განმარტა კანონპროექტის წარდგენისას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა.

კანონის მიღების აუცილებლობა განმარტებით ბარათში ასეა ახსნილი: 2024 წლის 1 ივლისიდან მასწავლებლებისთვის ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა. შესაბამისად, ცვლილება უნდა განხორციელდეს ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” საქართველოს კანონში. კერძოდ, მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისთვის სახელმწიფო უზრუნველყოფს დანამატის მიცემას, რომელიც სრული დატვირთვის შემთხვევაში განსაზღვრულია 150 ლარის ოდენობით, ხოლო არასრული დატვირთვის შემთხვევაში, საათობრივი დატვირთვის პროპორციულად.

ასევე იხილეთ:

მასწავლებლის საშვებულებო ანაზღაურება ახალი წესით დარეგულირდება – ცვლილების პროექტი პარლამენტშია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური