მასწავლებლის საშვებულებო ანაზღაურება ახალი წესით დარეგულირდება – ცვლილების პროექტი პარლამენტშია
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტზე დღეს, 10 აპრილს, “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილება განიხილეს, რომელიც მასწავლებლის ახალი სახელფასო ფორმულის ამოქმედების პარალელურად, საშვებულებო ანაზღაურების დარეგულირებას უკავშირდება.
საკითხი პირველი მოსმენით განათლების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა წარმოადგინა და მისი მიღების საჭიროება განმარტა.
“დარეგულირდება საჯარო სკოლის მასწავლებლის საშვებულებო ანაზღაურების საკითხი 2024 წლის პირველი ივლისიდან ასამოქმედებელი ახალი სახელფასო ფორმულის შესაბამისად. მოგეხსენებათ საშვებულებო ანაზღაურება მიბმულია მასწავლებლსი ხელფასის ოდენობის პროპორციაზე, ეს ცვლილება შემოდის იმიტომ, რომ როდესაც ხელფასი გაიზრდება, პროპორციულად დაანგარიშდება სახელფასო ოდენობაც და შემდეგ უკვე აღნიშნულიც გაზრდილი განაკვეთით მიეცემა პედაგოგს. შესაბამისად, ეს საჭიროებს დარეგულირებას”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ცვლილებით განსაზღვრული პროპორციების ან ახალი სახელფასო ფორმულის შინაარსზე ნოდარ პაპუკაშვილს არ უსაუბრია, თუმცა საზოგადოების ინფორმირების მიზნით, კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის ჩაკითხვის შემდეგ, სამინისტროს წარმომადგენელმა დამატებით ასეთი განმარტება გააკეთა:
“როგორც ვახსენე, აღნიშნული ცვლილება ეხება საშვებულებო ანაზღაურების კოეფიციენტს. პირველი ივლისიდან შევა ძალაში [ცვლილება] რომელიც ეხება პედაგოგების ხელფასების გაზრდას და აქ საუბარია საშუალოდ, დაახლოებით, 500 ლარის ოდენობით სახელფასო ანაზღაურების გაზრდაზე, ეს დამოკიდებულია პედაგოგის დატვირთვის ოდენობაზე და შესაბამისად, პროპორციულად, დატვირთვიდან გამომდინარე მოხდება ამ საშვებულებო ანაზღაურების გაზრდა. ათვლა დაიწყება იქიდან, როცა ძალაში შევა, მაგრამ ზუსტად, თუ ვის როგორ ექნება პედაგოგის სტატუსიდან გამომდინარე, ახლა ვერ გეტყვით იმიტომ, რომ პრაქტიკა აჩვენებს ამას, კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებაში და ყველა, თოთოეული პედაგოგი ამას იგრძნობს. შესაბამისად, კანონში ეს ხარვეზი უნდა გასწორდეს, რათა მასწავლებლებმა გაზრდილ ხელფასთან ერთად, მიიღონ გაზრდილი საშვებულებო ანაზღაურება”.
რა წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში მასწავლებლის საშვებულებო ანაზღაურების შესახებ:
“ახალი სახელფასო პოლიტიკის თანახმად, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება, აღნიშნული ერთ წელიწადში ხელფასების საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით 35%-იანი მატებას გულისხმობს, რაც მასწავლებელთა კორპუსში მრავალი წელია არ განხორციელებულა. ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, მთავარ საზრუნავს და ობიექტს წარმოადგენენ ღირსეული და დამსახურებული მასწავლებლები, რომელთა პროფესიული განვითარების სისტემის დახვეწა, მათი სახელფასო პოლიტიკის გაუმჯობესება და მათ წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრა უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, კანონს ემატება მუხლი, რომელიც დაარეგულირებს საჯარო სკოლის მასწავლებლის 2024 წლის საშვებულებო ანაზღაურების საკითხს.
“კერძოდ, საჯარო სკოლის მასწავლებლისათვის, რომელიც 2024 წლის კუთვნილი შვებულებით სარგებლობს/ისარგებლებს 2024 წლის 1 ივლისიდან, საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო შრომის ანაზღაურებიდან, თუ მის მიერ მუშაობის დაწყების ან ბოლო შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვეების საშუალო შრომის ანაზღაურებიდან (საშვებულებო ანაზღაურების მიზნებისათვის 2024 წლის აპრილის, მაისის და ივნისის თვეების შრომის ანაზღაურება დაანგარიშდეს 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით მოქმედი ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ შესაბამისად). თუ აღნიშნული წესის შესაბამისად განსაზღვრული საშვებულებო ანაზღაურება ნაკლები იქნა იმ თანხაზე, რომელსაც მასწავლებელი მიიღებდა 2024 წლის 30 ივნისს მდგომარეობით მოქმედი ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ შესაბამისად დაანგარიშებული საშვებულებო ანაზღაურებით, მაშინ მასწავლებლის საშვებულებო ანაზღაურება უნდა განისაზღვროს 2024 წლის 30 ივნისს მდგომარეობით მოქმედი ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ შესაბამისად”.
ამავე თემაზე:
- 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ნათია უჩავა გახდა by ARIS.GE-განათლება
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 2025 წელს 3 მილიარდამდე ლარი იქნება – ბიუჯეტის პროექტი by ARIS.GE-განათლება
- მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის პროგრამაზე გრანტით დაფინანსებულთა ოდენობა და წესი დამტკიცდა – მინისტრის ბრძანება by ARIS.GE-განათლება