GE

„დღეს ჩვენი დღეა მასწავლებლებო! – ბევრ შეცდომას ვუშვებთ, აღარ ვიყოთ ჩუმად, აღარ დავხაროთ თავი ყველასთან“

ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელი, 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრი თამარ ცანავა 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს და  მასწავლებლებს ხმამაღლა საუბრისა და საკუთარი ნაკლის აღიარებისკენაც მოუწოდებს, რაც მისი აზრით, უკეთესი ცვლილებების საწინდარი იქნება.

“დღეს ჩვენი დღეა!
გილოცავთ კოლეგებო!

მინდა გისურვოთ, საკუთარ თავში გეპოვოთ ძალა და რწმენა, რომ თითოეულ თქვენგანში არის პოტენციალი, რომელსაც შეუძლია, რომ მომავალი თაობები ზუსტად ისეთი გავხადოთ, როგორებიც დემოკრატიულ ქვეყანას უნდა ჰყავდეს!

ვინ, თუ არა ჩვენ, უნდა ვიყოთ მაგალითები მათთვის, რომ იყვნენ საუკეთესო მოქალაქეები, საუკეთესო უნარებით!

ბევრ შეცდომას ვუშვებთ, ხშირად გვავიწყდება, რომ ბავშვებს სჭირდებათ თანადგომა, თანაგრძნობა და მეტი ემპათია ჩვენგან! გვავიწყდება, რომ ძალიან ბევრი მათგანი უდედმამოდ იზრდება, ზოგი მშიერია, ზოგს უბრალოდ არ აქვს ყველა საგნის ერთნაირად ათვისების უნარი! გვავიწყდება, რომ ჩვენც ვიყავით ბავშვები და მეტი დრო გვინდოდა თამაშისთვის, რადგან თამაში გვაბედნიერებდა! გვავიწყდება, რომ ჩვენც არ მოგვწონდა, როდესაც რომელიმე მასწავლებელი კლასის წინაშე შენიშვნას მოგვცემდა ან ზემოდან გვიყურებდა! გვავიწყდება, რომ ჩვენსა და ამ თაობას შორის სულ სხვა აზროვნების და შეგნების დონეა. ხშირად, ჩვენვე ვუბიძგებთ მათ, რომ იყვნენ მჩაგვრელები და რაოდენ მწარე სიმართლეც არ უნდა იყოს, ვერ ვართ ისეთი სამაგალითოები როგორებიც უნდა ვიყოთ!

„ვისაც მასწავლებლობა იოლი და მარტივი ჰგონია, მათთვის აღვწერ ძალიან ჩვეულებრივ დღეს“

ჩვენი ბრალია, თუ სახელმწიფო არ გვაფასებს, ჩვენი ბრალია, თუ ენთუზიაზმზე ვმუშაობთ და იცით რატომ? – იმიტომ, რომ ოდესღაც მიგვაჩვიეს თავის დახრას, მონობას, დუმილს და ეს ყველაფერი ათწლეულების მანძილზე ნორმა გვეგონა… მერე ზოგი მასწავლებლად წამოვედით, ზოგმაც სხვა პროფესია აირჩია და ვინც შეძლო, თავი გაიტანა, ისწავლა საკუთარი თავის გადარჩენისთვის როგორ ებრძოლა, ჩვენ კი რა ვქენით – გავაგრძელეთ ისევ თავდახრილებმა მუშაობა და მას შემდეგ ვზრდით ისეთივე თაობებს, რომლებიც მერე ჩვენვე გვმართავენ.

ჰოდა, ჩემო კარგო მასწავლებლებო, ახლაც თქვენზეა დამოკიდებული მომავალ ათ ან ოცწლეულში როგორ ვიცხოვრებთ, რადგან რასაც ასწავლით ბავშვებს, ისეთივე სიბერე გექნებათ. ამიტომ, აღარ ვიყოთ ჩუმად, აღარ დავხაროთ თავი ყველასთან, აღარ გვეშინოდეს აზრის დაფიქსირების, აღარ ვიძრომიალოთ მაგიდების ქვეშ არჩევნების დროს, აღარ გამოვაყენებინოთ თავი სისტემას და რაც მთავარია, გახსოვდეთ, რომ ბავშვებს სჭირდებათ არა მხოლოდ ჩვენი საგნობრივი უნარები, არამედ ადამიანური რესურსი- ღიმილი, მოფერება, გვერდში დგომა და სიყვარული!

“მოუფერებელი” თაობაა ეს თაობა, რადგან არც მშობელს სცალია ბავშვისთვის (კი იცით რატომაც) და არც მასწავლებლებს გვაქვს იმდენი დრო, რომ მშობლის ყურადღების დანაკლისი შევუვსოთ (ესეც ჩვენი ქაღალდომანიის შედეგი), ამიტომ, უნდა დავდგეთ ერთად და გადავარჩნოთ ჩვენივე მომავალი! მერე მართლა გვიანი იქნება და ნუ გაიკვირვებთ, თუ სიბერის გატარება ამაზე რთულ პირობებში მოგვიწევს, როგორიც დღეს ჩვენ პენსიონერ თანამოქალაქეებს აქვთ.

ბოდიში ვრცელი ტექსტისთვის, მაგრამ საკუთარი ნაკლის აღიარებაც უნდა შეგვეძლოს, იქნებ ასე მაინც შეცვალოთ რამე უკეთესობისკენ!”, – წერს საჯარო სკოლის მასწავლებელი, თამარ ცანავა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური