დილის 5 რიტუალი – თქვენი პროდუქტიულობის გარანტია მთელი დღის განმავლობაში
თანამედროვე საზოგადოებაში ადამიანთა ნაწილი კვირაში 40, 50 ზოგიერთი კი 60 საათს მუშაობს. თუმცა დროის არაეფექტურად დაგეგმვას, აგრეთვე მუშაობისას ისეთი ხელისშემშლელი ფაქტორების არსებობას, როგორებიცაა ინტერნეტი, პაუზები ყავისთვის და არასამუშაო ახალი ამბების განხილვას კოლეგებთან, იქამდე მივყავართ, რომ ამ 40, 50 თუნდაც 60 საათის უმეტეს ნაწილს, გაჭირვებით თუ ვუწოდებთ ეფექტურს.
იმისათვის, რომ სტანდარტული სამუშაო დღე რაც შეიძლება მეტად პროდუქტიულად აქციოთ და მაქსიმალურად გამოიყენოთ, გთავაზობთ, თქვენს ყოველდღიურ დილას ხუთი რიტუალი დაუმატოთ.
1. ვარჯიში “7 წუთი” – დიახ, 10 არა, ზუსტად 7. გაინტერესებთ რატომ? იმიტომ, რომ შვიდი წუთი – არც ისე ბევრია დილის დროისათვის, როდესაც წუთები საკმაოდ სწრაფად გარბიან, ამავდროულად შვიდი წუთი სავსებით საკმარისია, რათა ორგანიზმი ხანგრძლივი ძილის შემდეგ გამოაფხიზლოთ.
ინტერნეტში თქვენ უპრობლემოდ შეძლებთ იპოვოთ სხვადასხვაგვარი კომპლექსური სავარჯიშოები და შეარჩიოთ ის, რომელიც თავად მოგეწონებათ. ვფიქრობთ, ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტი დილის ვარჯიშისთვის პროგრამა “7 წუთია”. იგი შედგება სხვადასხვა კუნთის 12 ვარჯიშისაგან, რომლებიც ზუსტად 7 წუთზეა გათვლილი. არსებობს მობილური აპლიკაციაც, (შეგიძლიათ, გადმოიწეროთ App Store-დან ან Google Play-დან) რომელიც საკმაოდ პოპულარულია.
2. დაიწყეთ დღე ხილისა და ბოსტნეულის საუზმით – ჯერ კიდევ ადრეული ბავშვობიდან ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ საუზმე – საკვების მიღების ძირითადი ეტაპია. ჯანსაღი საუზმე უზრუნველყოფს ჩვენს ძალებს მთელი დღის განმავლობაში, იგი გვიმაღლებს პროდუქტიულობასა და შრომისუნარიანობას. იმისათვის, რომ ორგანიზმი ღამის შემდეგ გავაღვიძოთ და ბიძგი მივცეთ ნივთიერებათა ცვლის პროცესის დაწყებას, საკმარისი იქნება ბუტერბროდი, ერთი ულუფა ფაფა და ერთი ქილა იოგურტი.
თუ თქვენ გსურთ, რომ საუზმე არა მარტო აფხიზლებდეს ორგანიზმს, არამედ ავსებდეს მას ენერგიითა და სასიცოცხლო ძალებით, სცადეთ დილის დაწყება ხილისა და ბოსტნეულის საუზმით. მისი მომზადება ბუტერბროდზე დახარჯულ დროზე მეტს არ წაგართმევთ, თუმცა ეფექტი გაცილებით შთამბეჭდავი იქნება.
მაგალითისთვის, შეგიძლიათ, ბლენდერში ჩავყაროთ ფორთოხალი, ვაშლი, ბანანი, ნახევარი კიტრი, ცოტაოდენი ისპანახი, სელის რამდენიმე თესლი, ნებისმიერი წვენი და ყინულის რამდენიმე კუბი. სწრაფი და მარტივი ხერხი ენერგიით დასამუხტავად მზადაა.
3. აირჩიეთ სამი საქმე, რომელთა შესრულება სავალდებულოა დღის განმავლობაში – სანამ თქვენი საუზმე მზადდება, შეგიძლიათ გააკეთოთ კიდევ ერთი სასარგებლო რამ. დაფიქრდით, რომელ სამ საქმეს ისურვებდით, რომ აუცილებლად შეგესრულებინათ მომავალი 12 საათის განმავლობაში. რა თქმა უნდა, თქვენს გეგმებში შესაძლოა, შეხვდეთ გაუთვალისწინებელ გარემოებებს და ყველა დაგეგმილი საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანოთ. სამაგიეროდ, ასეთი გეგმა დაგეხმარებათ უფრო ნათლად დაინახოთ თქვენს წინაშე მდგარი ამოცანები და მოგცეთ სწორი მიმართულება მათი რეალიზაციისათვის.
4. დაიწესეთ ვადები დავალებების რეალიზაციისთვის – ადამიანების მიერ დაშვებული შეცდომებიდან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია – როდესაც ისინი ადგენენ შესასრულებელი საქმეების სიას, მაგრამ არ უთითებენ კონკრეტულ დროს მათ შესასრულებლად. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ვადები სამუშაოს შესასრულებლად სტიმულს აძლევს ადამიანებს და ამით ისინი სამუშაო პროცესის ეფექტურობას იმაღლებენ.
ასე რომ, შესასრულებელი საქმეების სიის შედგენისას მიუწერეთ ყოველ პუნქტს საორიენტაციო დრო, რომელიც მისი რეალიზაციისათვის იქნება საჭირო. უმჯობესი იქნება, რომ სავარაუდო დრო 33%-ით გაზარდოთ, ეს გაზრდის სამუშაოს შესრულების ალბათობას დადგენილ ვადაში.
თუკი რომელიმე პროექტის რეალიზება არ წარმოადგენს ერთ დღეში შესასრულებელ საქმეს, უმჯობესია, ასეთი პროექტი ნაწილებად დაყოთ. ერთი ნაწილი გამოიყენეთ რეალიზაციისათვის, დარჩენილი კი – დაგეგმვისათვის.
ეს მარტივი სტრატეგია დაგეხმარებათ, ფოკუსირება მოახდინოთ პრიორიტეტულ დავალებებზე და არ გადაიტანოთ ყურადღება უმნიშვნელო წვრილმანებზე.
5. დაკავდით სადილისშემდგომი პროფესიული მედიტაციით – გამოიყენეთ პირველი 15 წუთი სადილისშემდგომი შესვენებისა ერთგვარი პროფესიონალური მედიტაციისათვის. მოშორდით თქვენს კომპიუტერს, ან უბრალოდ გამორთეთ, თუკი არის ამის შესაძლებლობა, განმარტოვდით და გააანალიზეთ, რა დგას თქვენს დღის წესრიგში მიმდინარე დღის ბოლომდე.
გადახედეთ სიას, რომელიც შეადგინეთ დილით. ზუსტად გრაფიკით მოქმედებთ? ასწრებთ მას თუ საერთოდ ვერ ეტევით დროში? თუკი ხედავთ, რომ ვერ ასწრებთ, გაიგეთ, რა გახდა ამის მიზეზი და რა დაგეხმარებათ ჩვეულ რიტმში დასაბრუნებლად.
სცადეთ ამ საინტერესო რიტუალების პრაქტიკაში დანერგვა თუნდაც ერთი კვირის მანძილზე. თქვენ გაგაოცებთ შედეგი!
წყარო: cluber.com.ua