GE

„დირექტორთა ხელახალ კონკურსში მონაწილეობას მივიღებ“ – არ წარდგენილი კანდიდატის გეგმა

ტარიელ კალანდაძე, რომელიც განათლების სამინისტრომ დირექტორთა კონკურსის შემდეგ მისთვის სასურველ, მშობლიურ სკოლაში საერთოდ არ წარადგინა, სხვა წარდგენილი კანდიდატის სკოლის სამეურვეო საბჭოსგან არ არჩევის შემდეგ კი, დღეს ისევ ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია, გეგმავს, რომ დირექტორთა ხელახალ კონკურსში მონაწილეობა მიიღოს.

„იმედი მაქვს, ამჯერად წარმადგენენ“ – უთხრა EDU.ARIS.GE-ს 13 დეკემბერს ტარიელ კალანდაძემ.

ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლა, ერთ-ერთია იმ სკოლებიდან, სადაც განათლების სამინისტროს მიერ წარდგენილი კანდიდატი სამეურვეო საბჭომ არ აირჩია. გიორგი ამილახვარის უწყების ინფორმაციით, ტარიელ კალანდაძემ კონკურსში ტესტირების შემდგომი ეტაპი- გასაუბრება ვერ გაიარა და მისი არ წარდგენაც ამით იყო განპირობებული. ფაქტს მე-4 საჯარო სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების პროტესტიც მოჰყვა. მშობლიურ სკოლაში 38-წლიანი გამოცდილების მქონე დირექტორობის მსურველის ნაცვლად, სამეურვეო საბჭოს, 16 ოქტომბერს, ხათუნა ლომთათიძე წარუდგინეს, საბჭოს 13 წევრიდან კი 12-მა ხმა მის საწინააღმდეგოდ მისცა. სწორედ ამიტომ, მოვალეობის შემსრულებლად სკოლაში კვლავ რჩება ტარიელ კალანდაძე.

„მინისტრს კანონმდებლობით აქვს უფლება თავადვე დანიშნოს დირექტორი, თუმცა მოხდება თუ არა ეს, წინასწარ ვერ გეტყვით. ვფიქრობ, გამოცხადდება კონკურსი, ჩატარდება არჩევნები, მონაწილეობის უფლება მიეცემა ყველას, იმ პირებსაც, ვისაც გამოცდა არ აქვთ ჩაბარებული, ანუ არ არიან სერტიფიცირებულები. როცა გამოცხადდება კონკურსი, შევიტან განცხადებას და მივიღებ მონაწილეობას, მანამდე შევასრულებ მოვალეობას. თუ დირექტორის არჩევა მეორედაც ვერ მოხერხდება, მერე, შესაძლოა, გამოიყენონ დისკრეციის უფლება, თუმცა ეს შეიძლება ნებისმიერ სკოლაში მოხდეს და არა მხოლოდ მე-4 საჯაროში“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.

შეგახსენებთ, რომ ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის პრეზენტაციაზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის ჩატარდება ახალი კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღებას, როგორც სერტიფიცირებული, ისე სერტიფიცირების მსურველი კანდიდატებიც შეძლებენ. დისკრეციის უფლებას კი მინისტრი მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენებს. დისკრეცია გულისხმობს მინისტრის მიერ სკოლის დირექტორის დანიშვნას, რაც მოქმედი რეგულაციის მიხედვით დაშვებულია იმ შემთხვევაში, თუ სამეურვეო საბჭო ამას ვერ ან არ გააკეთებს.

დღემდე კონკურსის ფარგლებში სამეურვეო საბჭოებმა ახალი დირექტორი 840 სკოლაში შეარჩიეს. ხელახალი კონკურსის გამოცხადება კი 1000-მდე სკოლაშია დაანონსებული.

ამავე თემაზე:

გიორგი ამილახვარი: სკოლებში, სადაც დირექტორის შერჩევა ვერ მოხდა, ხელახალი კონკურსები გამოცხადდება

ავტორები: თამარ კირკიტაძე, edu.aris.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური