რა ხელისშემშლელი ფაქტორები აქვს სკოლებში მოსწავლეთა თვითმმართველობის საქმიანობას – ანგარიში
„სკოლის თანამშრომლების უმეტეს ნაწილს მიაჩნია, რომ დღეს მოსწავლეები მეტ ყურადღებას აქცევენ უფლებებს და არა მოვალეობებს. თუ ეს ფაქტია, გამოდის სკოლა სათანადოდ ვერ ახერხებს აღზარდოს პასუხისმგებლიანი თაობა. სწორედ ეს პასუხისმგებლობა უნდა ავაღებინოთ თვითმმართველობას და ზოგადად მოსწავლეებს სკოლის და საზოგადოების მიმართ“, – აცხადებს ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორი საქართველოს პარლმენტის მიერ მომზადებული თემატური მოკვლევის ანგარიშში, მოსწავლეთა თვითმმართველობის საკითხზე საუბრისას.
მოსწავლეთა თვითმმართველობა სავალდებულო სტრუქტურაა ყველა საჯარო სკოლისთვის. სკოლის მართვის პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას უზრუნველყოფს მოსწავლეთა თვითმმართველობები, მის საქმიანობას კი არეგულირებს საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ. აღნიშნული ორგანოს მთავარი ფუნქციებია: სკოლის შინაგანაწესის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება; სამეურვეო საბჭოში თავისი წარმომადგენლის არჩევა; მოპოვებული გრანტების განკარგვაში მონაწილეობა; სამეურვეო საბჭოსთვის წინადადების წარდგენა სკოლისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით; სასკოლო კლუბების შექმნა.
თემატური მოკვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა ნათლად ასახავს მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკებს და საფუძველს ქმნის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსწავლეთა ჩართულობისთვის, თემატურ მოკვლევაში მონაწილე პირთა მოსაზრებები, რიგ შემთხვევაში, საწინააღმდეგოზე მიუთითებს.
„ხარისხიანი განათლების მიწოდება არის სკოლის დანიშნულება, მოსწავლე არის ის ვისთვისაც სკოლა არსებობს, შესაბამისად ყველა დემოკრატიულ სკოლაში მოსწავლე უნდა იყოს ძირითადი შემფასებელი სასწავლო პროცესის ხარისხის, მოსწავლეთა თვითმმართველობა, კი ის რგოლი, რომელიც ჩართული უნდა იყოს შეფასებისა და კვლევის პროცესებში. უფრო მეტიც, თავად უნდა უწევდეს ორგანიზებას მსგავს აქტივობებს და რეკომენდაციის სახით აწვდიდეს ადმინისტრაციას. რეალურად, დღევანდელ სკოლაში ხშირად მოსწავლეების ასეთი აქტივობები თავგასულობად აღიქმება.
„სკოლის თანამშრომლების უმეტეს ნაწილს მიაჩნია, რომ დღეს მოსწავლეები მეტ ყურადღებას აქცევენ უფლებებს და არა მოვალეობებს. თუ ეს ფაქტია, გამოდის სკოლა სათანადოდ ვერ ახერხებს აღზარდოს პასუხისმგებლიანი თაობა. სწორედ ეს პასუხისმგებლობა უნდა ავაღებინოთ თვითმმართველობას და ზოგადად მოსწავლეებს სკოლის და საზოგადოების მიმართ. პასუხისმგებლობის აღება, კი, მხოლოდ თავისუფალ ადამიანს შეუძლია, ამიტომ სკოლა და თვითმმართველობა უნდა იყოს მეტად ავტონომიური და სკოლას ჰყავდეს ლიდერი ხელმძღვანელი“, − აცხადებს ერთ-ერთი სკოლის დირექტორი თვითმმართველობის მნიშვნელოვნებაზე საუბრისას.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრების მიერ მომზადებულ დოკუმენტში ვეცნობით იმ მიგნებებს, რომლებიც მოკვლევისას გამოიკვეთა:
1.მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ფორმალურად მიმდინარეობს − რიგ შემთხვევაში მოსწავლეებს არ აქვთ ინფორმაცია თვითმმართველობის შესახებ, ამასთანავე არც ის იციან, რატომ უნდა მისცენ თავიანთ კლასელს ხმა და რა უფლებამოსილებას ანიჭებენ მას. ასევე, კანდიდატებს ასახელებს კლასის დამრიგებელი იმ მოსწავლეთა შორის, რომლებიც გამოირჩევიან აკადემიური მიღწევებით, ან ყოფაქცევით;
2.თვითმმართველობის საქმიანობა ფორმალური ხასიათისაა და არ არის საყოველთაო − რიგ შემთხვევებში, იმ სკოლებშიც, კი, რომელთაც აქტიური თვითმმართველობები ჰყავთ, ყველა პროცესში ჩართულნი არიან ერთიდაიგივე მოსწავლეები, ამასთანავე მათი საქმიანობა მხოლოდ კლუბების შექმნითა და არაფორმალურ განათლებაში ჩართულობით გამოიხატება;
3.მოსწავლეებს არ აქვთ მხარდამჭერი ადამიანური რესურსი − მოსწავლეებს არ აქვთ საკმარისი გამოცდილება და მზაობა თავად უზრუნველყონ თვითმმართველობის საქმიანობა ადამიანური რესურსის მხარდაჭერის გარეშე, რომელსაც შესაძლოა საკონსულტაციო ფუნქციები ჰქონდეს, ამასთანავე, მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული მხარდაჭერა მოსწავლეთა თემში ინფორმაციის გავრცელების კუთხითაც.
თემატურ მოკვლევაში ჩართული პირები განმარტავენ, რომ თვითმმართველობის საქმიანობის პროცესში ჩართული პირები არ ფარავენ მთლიანად მოსწავლეთა თემს.
„იმ სკოლებშიც კი, რომელსაც აქტიური მოსწავლეთა თვითმმართველობა ჰყავს, მოსწავლეთა ჩართულობა არ არის საყოველთაო, სკოლაში არსებობს ერთგვარი ბირთვი, რომელიც არ შეადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დიდ ნაწილს და მხოლოდ ისინი არიან ჩართული ყველა აქტივობის განხორციელებაში“, − განმარტავს ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი.
სკოლების წარმომადგენლები ყველაზე აქტიურ კოლეგიალურ ორგანოდ სწორედ მოსწავლეთა თვითმმართველობას ასახელებენ და ამის განსამტკიცებლად, შესაბამისი არგუმენტებიც მოჰყავთ:
„მოსწავლეებს, როგორც წესი, მოსწონთ ნებისმიერი ტიპის აქტივობა, რაც მათ სერიოზული გადაწყვეტილების მიღების მონაწილედ აგრძნობინებს თავს, მაგალითად: კლუბების და წრეების ჩამოყალიბება, მათი ხელმძღვანელობა, ინიციატივების გაჟღერება და შემდეგ საკუთარი ინიციატივების სისრულეში მოყვანა, სასკოლო ღონისძიებების ორგანიზება, თემატურ კონკურსებსა და სპორტულ შეჯიბრებებში ჩართვა, საგრანტო განაცხადებზე მუშაობა, ლიდერობა, თანასწორგანმანათლებლობა − ეს იმ საქმიანობების არასრული ჩამონათვალია, რაც მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების ფუნქციაში შედის ან/და ითავსებენ და ამიტომ თითქმის ყველა მოსწავლე ოცნებობს, რაც შეიძლება მალე და აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესებში“, − აცხადებს ერთ-ერთი სკოლის წარმომადგენელი.
თუმცა თემატურ მოკვლევაში ჩართული პირები იმ ფაქტორებზეც საუბრობენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება, აღნიშნული, კი, საბოლოო ჯამში ხელს უშლის მის ეფექტიან ფუნქციონირებას.
მთავარ ფაქტორებს შორის სახელდება არჩევნების ფორმალური ხასიათი. აღნიშნულის მიზეზად სახელდება ინფორმაციის სიმცირე, კლასის დამრიგებლის გავლენა და მაღალი ჩართულობა შედეგებზე ზემოქმედების კუთხით. როგორც საჯარო სკოლის მასწავლებლები, აცხადებენ ბავშვებს არ ესმით რა მიზანი აქვს მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნებს, ასევე რას გულისხმობს აღნიშნული ორგანო და ისინი არჩევანს აკეთებენ გაუცნობიერებლად. მოკვლევის ფარგლებში შემოსული მოსაზრებების ავტორები, ასევე განმარტავენ, რომ, რიგ შემთხვევაში, ნაკლებად ხდება მოსწავლის სურვილის გათვალისწინება და კლასის დამრიგებელი თავად ასახელებს თვითმმართველობის კანდიდატს იმ მოსწავლეთა შორის, რომლებიც გამოირჩევიან აკადემიური მიღწევებით, აქტიურობით ან დისციპლინით.
„სკოლამ, მოსწავლეთა თვითმმართველობების არჩევნების ჩატარებამდე უნდა ჩაატაროს მათი ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები, გააცნოს წარმატებული თვითმმართველობების საქმიანობები, მოაწყოს შეხვედრები იმ სკოლადამთავრებულ მოსწავლეებთან, რომლებიც ჩართულნი იყვნენ სწავლის დროს მოსწავლეთა თვითმმართველობის საქმიანობაში და ა.შ.“ − ამბობს ერთ-ერთი სკოლის დირექტორი.
ანგარიშის თანახმად, როგორც მოკვლევის პროცესში ჩართული მასწავლებლები აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეთა დიდი ნაწილი აქტიურობს თვითმმართველობის საქმიანობაში, შესაფასებელია, რამდენად ეფექტიანია ამ რგოლის ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ვინაიდან, ძირითადად, მათი საქმიანობა დაკავშირებულია კლუბურ აქტივობებთან და არაფორმალურ განათლებასთან. თუმცა, თვითმმართველობის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია სასკოლო კლუბების დაფუძნებაა, რომლებიც, თავის მხრივ, არაფორმალური განათლების მიმწოდებლები არიან. სკოლები ამ მხრივაც აწყდებიან პრობლემას, მათი განცხადებით, არაფორმალური განათლების განხორციელება ქალაქის ტიპის სკოლებისთვის, სადაც სწავლა რამდენიმე ცვლაში მიმდინარეობს, მუდმივი პრობლემაა, რაც დაკავშირებულია მასწავლებელთა, მოსწავლეთა, საათობრივი ბადის დატვირთულობასთან და ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან.
თვითმმართველობის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის დამატებითი ადამიანური რესურსების საჭიროებაზე საუბრობენ სკოლების წარმომადგენლები, რომლებიც განმარტავენ, რომ თვითმმართველობის საქმიანობა ეფექტიანი ვერ იქნება, თუკი მოსწავლეებს შესაბამისი მხარდაჭერა არ ექნებათ.
„როდესაც საუბარია სკოლის კოლეგიალური ორგანოების ეფექტიან ფუნქციონირებასა და მათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობაზე, არსებითია სწორად ესმოდეთ მონაწილეობა, არამხოლოდ მოსწავლეებს, არამედ სკოლის ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მშობლებს. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ნამდვილ მონაწილეობას სარგებელი მოაქვს არამხოლოდ მოსწავლეების, არამედ სკოლისა და ადგილობრივი თემისთვისაც.
„მოსწავლეებს უყალიბდებათ დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები, ხდებიან მეტად გაბედულები და ყალიბდებიან საზოგადოების აქტიურ წევრებად, რომლებიც მუდმივად არიან აღმოჩენისა და საკუთარი თავის განვითარების პროცესში. მოსწავლეებს უყალიბდებათ მიკუთვნებულობის განცდა სკოლის მიმართ, რაც ამცირებს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისციპლინასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ასევე ზრდის სკოლის რეპუტაციას თემში, ვინაიდან სწორედ მოსწავლეები არიან თემის შესახებ ინფორმაციის ძირითადი გადამტანები“, – წერია „სასკოლო საზოგადოების ჩართულობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პროცესში“ შესახებ მომზადებული მოკვლევის ანგარიშში.
როგორც დოკუმენტის ავტორები წერენ, მოკვლევაში ჩართულ პირთა მოსაზრებების საფუძველზე, თვითმმართველობის საქმიანობის ხელშემშლელი ფაქტორები, შესაძლებელია, შემდეგნაირად წარმოვადგინოთ:
• თვითმმართველობის ფორმალური ხასიათი;
• არჩევნების პროცესის ფორმალურობა;
• ინფრასტრუქტურის პრობლემები და ფინანსური რესურსების სიმცირე;
• გადატვირთული საგაკვეთილო ბადე;
• მოსწავლეთა დროის სიმცირე;
• ადამიანური რესურსი.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სკოლების ავტორიზაციის განახლებულ სტანდარტში აქცენტი კეთდება მოსწავლეთა მხარდაჭერაზე, კერძოდ, სკოლამ კანონმდებლობით დადგენილი წესითა და სათანადო კვალიფიკაციის მქონე პერსონალის მეშვეობით უნდა უზრუნველყოს დამატებითი/ არაფორმალური აქტივობების წახალისება და მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერა. ამასთანავე, მოსწავლეთა უკუკავშირის საფუძველზე სკოლამ უნდა გააუმჯობესოს მოსწავლეთა მომსახურება.
„საქართველოში პირველი კვლევა მოსწავლეთა თვითმმართველობის საქმიანობასთან დაკავშირებით 2006-2007 წლებში ჩატარდა, გამოკითხულთა აბსოლუტურ უმრავლესობას (85.7 %-ს) აღნიშნული ორგანოს შექმნა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად მიაჩნდა”, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მოკვლევაში.
თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები: კომიტეტის თავმჯდომარის პირევლი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე, ბაია კვიციანი და რამინა ბერაძე.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება