გიორგი ამილახვარი: სკოლებში, სადაც დირექტორის შერჩევა ვერ მოხდა, ხელახალი კონკურსები გამოცხადდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, 1000-მდე სკოლაში დირექტორთა ასარჩევად ხელახალი კონკურსი გამოცხადდება.
ამის შესახებ მან დღეს, 12 დეკემბერს, “ზოგადი განათლების რეფორმის მიმდინარეობის შესახებ” გამართული პრეზენტაციის ფარგლებში ისაუბრა.
“უახლოეს მომავალში, სრულიად სამართლიანი, ინკლუზიური, გამჭირვალე კონკურსები გამოცხადდება იმ დარჩენილ სკოლებში, სადაც ვერ მოხდა დირექტორის შერჩევა და ყველა დაინტერესებულ ადამიანს, ვისაც აქვს სერტიფიცირება, ან უნდა, რომ მოიპოვოს სერტიფიცირება, ყველას მივცემთ შესაძლებლობას, რომ შემოვიდეს კონკურსში და უზრუნველვყობთ, რომ არჩევნები სკოლებში გაცილებით უფრო მრავალფეროვანი. უახლოეს მომავალში გაიხსნება ეს კონკურსები და 2-3 თვეში ჩვენ მივიღებთ ახალ დირექტორებს და ლიდერებს”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
მისი განცხადებით, თავად სკოლის სამეურვეო საბჭოები გადაწყვეტენ, ვინ იქნება მათი დირექტორი, მინისტრი კი დისკრეციის უფლებას მიზანმიმართულად არ იყენებს: “ეს გამოყენებული იქნება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, არ გვინდა, ჩვენი შეხედულება და ჩვენი გემოვნება თავს მოვახვიოთ სკოლებს, არამედ გვინდა, თავად სკოლებმა გადაწყვიტონ, იმ სკოლის ავტონომიის პრინციპიდან გამომდინარე, იმ აკადემიური თავისუფლებიდან და ინსტიტუციური გაძლიერებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ სკოლებს უნდა მივანიჭოთ, თავად გადაწყვიტონ, ვინ არის მათი დირექტორი”.
განათლების მინისტრმა ასევე უპასუხა ასეულობით სკოლაში კანდიდატების საერთოდ არ წარდგენით გამოწვეულ კრიტიკასაც: „ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა იმ სკოლის დირექტორების კონკურსს, რომელიც მე რომ დავინიშნე, უკვე დაწყებული იყო და მიმდინარეობდა პროცესი. აქაც, როგორც ყველა სხვა გადაწყვეტილება, ჩვენ დავაკვირდით პროცესს და 840 სკოლაში სამეურვეო საბჭოებმა თავად აირჩიეს სკოლის დირექტორები, სამინისტროსა და მინისტრის ჩაურევლად. შესაბამისად, აქ მე მგონი, პასუხი გაცემულია ყველა კრიტიკოსზე, როდესაც ისინი გარკვეულ არაობიექტურობაზე საუბრობენ, ვინაიდან სასკოლო საზოგადოებამ თავად გადაწყვიტა 840 სკოლაში, თუ ვინ უნდა იყოს დირექტორი. რა თქმა უნდა, ჩვენ დარჩენილ, დაახლოებით, 1000 სკოლაში კვლავ გვაქვს კონკურსები გამოსაცხადებელი და სულ გვაკრიტიკებენ, რატომ არ მოხდა კანდიდატების წარმოდგენა, არ მოხდა იმიტომ, რომ ფიზიკურად ამდენი კანდიდატი არ იღებდა კონკურსში მონაწილეობდა”.
განათლების მინისტრის განცხადებას გამოეხმაურნენ დირექტორთა კონკურსის მონაწილე პედაგოგები, რომლებიც მრავალი დღეა, შედეგებს აპროტესტებენ.
ასევე იხილეთ:
სკოლის დირექტორთა კონკურსის მონაწილეების მსვლელობა დღეს პრეზიდენტის სასახლესთან, აქციით დასრულდება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების მიერ კომპეტენციის დადასტურების ვალდებულების დრო ისევ გახანგრძლივდა by ARIS.GE-განათლება