თანაბრობის პრობლემა ქართული განათლების სისტემაში და გამოსავალი განვითარებისთვის – სიმონ ჯანაშიას მოსაზრება
„ჩვენი [განათლების] სისტემა გულისხმობს გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც ათანაბრებს სკოლებს, მასწავლებლებს, პროფესიაში ჩართულ ადამიანებს და არ ითვალისწინებს განსხვავებულობას“, – ასე ფიქრობს განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია და ქართული განათლების სისტემის პრობლემების აღმოფხვრისა და განვითარების გზებზე საკუთარ მოსაზრებებს ვიდეო ბლოგში, სახელწოდებით: „რატომ არ იცვლება განათლების სისტემა საქართველოში?“ წარმოგვიდგენს.
„მაგალითად, შეიძლება, მასწავლებელს, რომელსაც უნდა, რომ შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში გავიდეს პროფესიიდან, შეიძლება მას მოვთხოვოთ, რომ დაიწყოს პროფესიული განვითარება, ისევე, როგორც ახალბედა მასწავლებელს… ან, მაგალითად, სკოლას, რომელსაც ჰყავს სამი მოსწავლე, მოვთხოვოთ, რომ ჰყავდეს სამეურვეო საბჭო, სადაც მშობლები იქნებიან ჩართულები სკოლის მართვაში, ან ფინანსური მენეჯერი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების კანონის გამოყენებით დაიწყეს შესყიდვას… ეს თანაბარი მიდგომა სკოლების ნაწილს ზღუდავს. ამით მათ არ ვაძლევთ თავისუფლებას იმიტომ, რომ ეს თავისუფლება შეიძლება, იყოს ზედმეტი სხვა სკოლებისთვის, რომლებსაც შესაძლებლობა არ აქვთ, რომ ეს თავისუფლება გამოიყენონ. ეს გათანაბრება ხელოვნურად აჩერებს ზოგიერთი სკოლის განვითარებას იმისთვის, რათა სხვა სკოლებმა შეძლონ დაეწიონ იმ მოთხოვნებს, რაც სახელმწიფოს აქვს“, – მიიჩნევს განათლების ექსპერტი.
სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ განვითარება (მათ შორის სკოლის) პრიორიტეტი უნდა გახდეს, დღეს კი განვითარებას არაერთი ბარიერი აქვს და მათ შორის არის როგორც პარტიული ინტერესები, ასევე სისტემის შიგნით არსებული რეგულაციები:
„სკოლის დირექტორი მიხსნიდა ერთხელ, რომ ბიბლიოთეკის წიგნების ვერ დაალაგებს საკლასო ოთახებში, რადგან რომ დაიკარგოს, მას დასჯიან… ესეც არის განვითარების ბარიერი, მას ბიბლიოთეკა არ აქვს, არ აქვს სივრცე, მაგრამ ვერ იყენებს იმ სივრცეებს, რომლებიც შეიძლებოდა გამოეყენებინა, იმიტომ რომ რეგულაციაა – „არ ქნა, თორემ დაისჯები“.
განვითარებაზე ორიენტირების შემთხვევაში, სიმონ ჯანაშიას საკუთარი ხედვები და გამოსავლები აქვს და მათ შორის არის დიფერენცირებული პოლიტიკაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისადმი.
„ერთი, რაც შეიძლება გავაკეთოთ, არის ის, რომ პოლიტიკა იყოს დიფერენცირებული. ანუ გულისხმობდეს იმას, რომ სხვადასხვა დოზის თავისუფლებას და მხარდაჭერას შეიძლება განუსაზღვრავდეს სკოლებს.
„თუ ფოკუსი იქნება განვითარებაზე, შეიძლება მოვიფიქროთ ისიც, რომ მაგალითად შეიქმნას გარკვეული ერთეული, რომელიც სკოლების განვითარებაზე იქნებოდა პასუხისმგებელი. დღეს რომ შევხედოთ, როგორ იმართება განათლების სისტემა ვერ ვიტყვით, რომელი სტრუქტურული ერთეულია განვითარებაზე ორიენტირებული, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ცენტრი არსებობს. ამიტომ, შეიძლება, ერთ-ერთი გადაწყვეტა ესეც იყოს, რომ არსებობდეს მაკოორდინებელი ორგანო ან ცენტრი, რომელიც სკოლების განვითარებაზე იქნება კონცენტრირებული“, – აცხადებს მკვლევარი.
სიმონ ჯანაშიას განცხადებით, სკოლების განვითარებაზე ფოკუსი გულისხმობს იმასაც, რომ რესურსების სიმწირის ფონზე, პრიორიტეტები გამოიყოს:
„თუ ვამბობთ, რომ თანაბარი საჭიროებები არ აქვთ სკოლებს და თან თუ ვიცით, რა პრობლემები არსებობს ჩვენს სისტემაში, მაგალითად, დღევანდელ სისტემაში პრიორიტეტი უნდა იყოს ის, რომ დავეხმაროთ შედარებით უფრო ღარიბ სკოლებს, რათა ბავშვებს დავეხმაროთ, გადალახონ ის სოციალური პრობლემები, რომლის გამოც ისინი ვერ ახერხებენ ნორმალურად სწავლას“.
ამ კონტექსტში მკვლევარმა მაგალითად მოიყვანა საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებში სოფლად და ქალაქად მცხოვრები მოსწავლეების შედეგებში არსებული აცდენა და აღნიშნა, რომ პროგრამა, რომელიც სოფლის სკოლების ხარისხს აწევდა, არ გაგვაჩნია.
„მაგალითად, ისეთი პროგრამები, როგორიცაა გახანგრძლივებული დღის შემოღება, სასკოლო კვების შემოღება და ა.შ, ეს პროგრამები არ ინერგება, რაც მნიშვნელოვანი წახალისება იქნებოდა განვითარებისთვის იმ სკოლებში, სადაც განსაკუთრებულად უჭირთ ბავშვებს“, – დასძენს ჯანაშია.
განათლების მკვლევარი მიიჩნევს, რომ განვითარება დღეს ბუნებრივი ნაწილი არ არის, ყველა ცვლილება თამაშად ან კვლევად აღიქმება, რომელიც არ არის სისტემის ნაწილი, იწვევს სისტემაში მყოფი ადამიანების უნდობლობას და სწორედ ამიტომ არის საჭირო ცვლილებების ინსტიტუციონალიზაცია.
სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ განვითარებისთვის, გარდა იმისა, რომ სისტემა მმართველი პარტიის კონტროლისგან უნდა გათავისუფლდეს, ასევე მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილებები დემოკრატიულად მიიღებოდეს.
„პარტიისგან გათავისუფლება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი დემოკრატიული გახდეს… თუ მსჯელობა არ იქნება გადაწყვეტილებების მიღების წინ, მაშინ დიდია იმის ალბათობა, რომ ეს გადაწყვეტილებები არ იქნება გადამოწმებული, სისტემური და შეფასებული სხვადასხვა ღირებულებიდან გამომდინარე… დემოკრატიულობის განხორციელებისთვის სხვადასხვა მექანიზმები შეიძლება წარმოვიდგინოთ. მაგალითად, როგორიც არის სამინისტროს დამოუკიდებელი მრჩეველთა საბჭო, ვისთანაც სამინისტროსთვის საჭირო იქნებოდა შეთანხმებების მიღწევა. შეიძლება, ეს იყოს იგივე საზედამხედველო საბჭო, რომელიც გააკონტროლებდა მიიღება თუ არა გადაწყვეტილებები არამხოლოდ დემოკრატიულად, არამედ პარტიისგან დამოუკიდებლად….
„ბევრი გამოსავალი არსებობს, მაგალითად, ზოგიერთ სახელმწიფოში მდგრადობისთვისაც არსებობს ხოლმე ისეთი მექანიზმები, როდესაც არის ორი მინისტრი. არ ვიცი, ჩვენ გვინდა თუ არა, ერთის ნაცვლად, 2 მინისტრი გვყავდეს, მაგრამ რეალურად, არის ხოლმე ერთი სახელმწიფო მინისტრი და მეორე პოლიტიკური მინისტრი. სახელმწიფო მინისტრი რჩება მიუხედავად პარტიების ცვლილებისა, ანუ ის უფრო ტექნიკურად არის პასუხისმგებელი რაღაც პროცესებსა და პოლიტიკაზე და ჩვეულებრივი მინისტრები იცვლებიან მთავრობის ცვლილებებთან ერთად. მაგალითად ლატვიას აქვს მსგავსი სისტემა, როდესაც გაყოფილია მინისტრებად და ფუნქციებად“, – აღნიშნავს სიმონ ჯანაშია.
ასევე იხილეთ:
ნელი მოქმედების ნაღმები ზგემში
სიმონ ჯანაშია: ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის პროექტის კრიტიკული შეფასება
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება