ძილის ნაკლებობა ანადგურებს მოსწავლეთა შემეცნების უნარს – კვლევის შედეგები
საერთაშორისო განათლების მკვლევარების მიერ ჩატარებული ტესტირებების მიხედვით, ძილის ნაკლებობა მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც აუარესებს სკოლის მოსწავლეების მოსწრებას.
როგორც BBC-წერს, ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა როგორც პატარა, ისე მდიდარ ქვეყნებში, რასაც ექსპერტები მობილურებისა და კომპიუტერების გვიან ღამით, საწოლში გამოყენებას უკავშირებენ.
მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი იმ დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისა, რომლებსაც ძილი აკლიათ, არის 47 %. ხოლო საშუალო სკოლისა – 57 %.
ძილსმოკლებული ბავშვების ყველაზე დიდი რაოდენობით გამოირჩევიან ქვეყნები: ამერიკა, ახალი ზელანდია, საუდის არაბეთი, ავსტრალია, ინგლისი, ირლანდია, ფინეთი და საფრანგეთი.
მონაცემები ეყრდნობა საერთაშორისო სტანდარტების შესაფერისი კრიტერიუმების მიხედვით გამოკითხული 900,000-ზე მეტი დაწყებითი და საშუალო სკოლის მოსწავლისაგან მიღებულ შედეგებს, 50-ზე მეტ ქვეყანასა და რეგიონულ ადმინისტრაციაში.
ტესტებს თან ახლდა ძილთან დაკავშირებული კითხვარები მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისათვის. ეს ინფორმაცია მოსწავლეთა ტესტების შედეგებთან შედარდა. შედეგად, შესაძლებელი გახდა ძილის რაოდენობის შედარება ბავშვების მოსწრებასთან მათემატიკაში, სამეცნიერო საგნებსა და ლიტერატურაში და მათ შორის ურთიერთზემოქმედების დონის დადგენა.
გონების საკვები
„ვფიქრობ, ჩვენ საკმარისად ვერ ვაფასებთ ძილის გავლენას. ჩვენი მონაცემები გვიჩვენებს, რომ მთელს მსოფლიოში ბავშვები, რომლებსაც მეტ ხანს ძინავთ, უკეთეს შედეგებს აჩვენებენ მათემატიკაში, მეცნიერებასა და ლიტერატურაში,“ – ამბობს საერთაშორისო კვლევითი ცენტრების TIMSS-ისა და PIRLS-ის წევრი ჩად მინიხი, „ეს იგივეა, რაც საკვების ნაკლებობა ბავშვებისათვის“.
გარდა იმისა, რომ ძილის ნაკლებობა უარყოფითად მოქმედებს თავად ამ ბავშვებზე, ის ხელის შემშლელია სხვებისთვისაც. ძილ-ნაკლულები მოდუნებულნი და ნაკლებად კონცენტრირებულნი არიან, მასწავლებელს კი უწევს, მათ შეუსაბამოს თავისი ინსტრუქციები და საგაკვეთილო პროცესი. ხშირად, ასეთ დროს, გაკვეთილი შეიძლება ჩავარდეს. ამით კი ის ბავშვებიც ზიანდებიან, რომელთაც საკმარისი რაოდენობით ძინავთ.
თუმცა, ზოგადად, კარგი ღამის ძილი ვერ მისცემს შედარებით სუსტ ქვეყანას საგანმანათლებლო სუპერ ძალებს. მაგალითად, ბავშვების ძილის მხრივ ყველაზე კარგი შედეგი აზერბაიჯანს აქვს, მაგრამ, ისინი მაინც მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან ფინეთის ყველაზე ძილ-ნაკლულ მოსწავლეებს.
დიდი ცვლილებები ხდება ასაკის მატებასთან ერთად. მაგალითად, სამხრეთ კორეაში, დაბალ ასაკში მოსწავლეების ძილის ნაკლებობის პრობლემა თითქმის არ დგას, მაგრამ იგი მკვეთრად მწვავდება უკვე საშუალო სკოლის პერიოდში.
სწავლების ბარიერები
ძილის ნაკლებობა სწავლის მძიმე ფიზიკური ბარიერია. ძილის დარღვევებისა და ტვინის ფუნქციონერიების კვლევებმა აჩვენა ძილის მნიშვნელობა მეხსიერებისა და ინფორმაციის განმტკიცებისავის. ძილის გარეშე, ტვინს უჭირს ინფორმაციის მიღება და დამახსოვრება. მისი ნაკლებობა მოსწავლეებს უფრო არასტაბილურს, გაფანტულს ხდის და ფიზიკურად ურთულებს სწავლის პროცესს.
თუმცა, თუ საკმარისი ძილის მიღებას რეგულარულად დაიწყებთ, დანაკარგების აღდგენასაც შეძლებთ.
ექიმი ფითზპატრიკი ამბობს: „ეს პრობლემა უკიდურეს ძილის ნაკლებობაში არ გადაგსვლიათ, ან არ მიგიღიათ სამუდამო დაზიანება და თუ დაუბრუნდებით დღე-ღამეში 7-9 საათიან ძილს, სავარაუდოდ, შეძლებთ ცოდნის დაგროვების, დამუშავებისა და მეხსიერების ფუნქციონირების ნორმალურ დონეზე აღდგენას.“
წყარო: BBC
თ.ჟ