GE

„ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარები აღარ ბარდება, საგრანტო გამოცდაზე გამსვლელ სტუდენტს კი გვთხოვენ, ჩავაბაროთ – არ არის სამართლიანი“

“როცა აბიტურიენტი ვიყავი, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკა არ ჩამიბარებია და არც უნარების გამოცდა, ახლა კი მიწევს ჩაბარება. ლოგიკური კითხვაა – რატომ? არ არის სამართლიანი”, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან დავით აღმაშენებლის სახელობის (სდასუ) სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი, საბა ჩიტაია, რომელიც დღეს, 12 ივლისს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობს. საბას სასწავლო გრანტის გაუმჯობესება სურს.

სტუდენტს ვკითხეთ, რატომ ფიქრობს, რომ უსამართლოა უნარების ჩაბარება და სხვა რა ალტერნატივას ხედავს იმისთვის, რომ კონკურენცია თანაბარი იყოს.

“მგონია, რომ ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტს გაუჭირდება, გაუწიოს კონკურენცია მას, ვინც ტექნიკური მიმართულებით სწავლობს. რადგან ჰუმანიტარები იშვიათად ირჩევენ მათემატიკის საგანს. ამასთან, უკვე რამდენიმე წელია უნარები სავალდებულო საგანი აღარ არის. არც მე ჩამიბარებია, რადგან პირველ კურსზე ვარ და ჩემს დროს უკვე აღარ ვაბარებდით. ბუნებრივია, რომ გვქონდეს ეს უსამართლობის გრძნობა. სხვა რა ალტერნატივა შეიძლება არსებობდეს, ეს მე ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ცვლილებების საჭიროებას ვხედავ”, – გვიხსნის საბა ჩიტაია.

კიდევ ერთი სტუდენტი EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ უნარების გამოცდის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მაგრამ ისურვებდა, “ტესტური დავალებები და საკითხები უფრო დახვეწილი იყოს”:

“საგრანტო გამოცდის ტესტი გაცილებით მარტივია სამაგისტრო გამოცდის ტესტზე, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ამ ტიპის ტესტზე უნდა იყოს დამოკიდებული, სასწავლო გრანტს გავიუმჯობესებთ თუ არა. გარდა იმისა, რომ ტესტი უფრო დაიხვეწოს, კიდევ მაქვს ერთი სურვილი: მხოლოდ უნარების ქულა არ უნდა იყოს გადამწყვეტი. მეორე ეტაპიც უნდა არსებობდეს. მაგალითად, უნივერსიტეტში რომ გავდიოდეთ გამოცდის ფორმატის ზეპირ გასაუბრებას, როგორც, მაგალითად, მაგისტრობის მსურველებისთვისაა. ალბათ, არავინ იქნებოდა ამის წინააღმდეგი”.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 12 ივლისს, ზაფხულის საგამოცდო ციებ-ცხელებაში სასწავლო გრანტის გაუმჯობესების მსურველი სტუდენტებიც ჩაერთნენ. ამასთან, დღეს გამოცდა ტარდება აბიტურიენტებისთვისაც – რუსულ, ფრანგულ და გერმანულ ენებში.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური