ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში 25 ათასი მოსწავლიდან 6000 გადავიდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2019-2020 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურს ატარებს. პროცესის მიმდინარეობას თბილისის 175-ე სკოლაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე გაეცნო.
მისი ინფორმაციით, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში დაახლოებით 25 ათასი მოსწავლე მონაწილეობდა და აქედან მეორე ტურში 6 000-ზე მეტი გადავიდა.
„ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მე-10, მე-11, მე-12 კლასების მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას, პირველ ტურში მონაწილეობდა დაახლოებით 25 ათასი მოსწავლე მეორე ტურში გადავიდა 6000 მოსწავლე. მესამე ტურზე გადავლენ ის მოსწავლეები, რომლებიც მაქსიმალური ქულის 50% -ს დააგროვებენ და ამის შემდეგ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს დახმარებით, საერთაშორისო ოლიმპიადისთვის მზადებას დაიწყებენ, დანარჩენები კი სხვადასხვა პრიზებს მიიღებენ. მოსწავლემ ოლიმპიადაზე გასვლისას უნდა წარადგინოს რეგისტრაციის ბარათი და პირადობის მოწმობა, თუ პირადობასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა აქვს, მაქსიმალურად ვეხმარებით. მსგავსი ღონისძიებები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ბავშვების წახალისება რომ უფრო მეტი გააკეთონ, ვიდრე ეს არის სკოლაში სწავლა და არის ასევე საშუალება, გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვები“, – განაცხადა სოფიო გორგოძემ EDU.ARIS.GE–სთან საუბარში.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა შემდეგ საგნებში ტარდება: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა და ლიტერატურა არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, უცხოური ენა. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 8 იანვარს დაიწყო და 12 იანვარს დასრულდება.
ოლიმპიადის პირველი ტური შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებული მასალებით უშუალოდ სკოლებმა ჩაატარეს. ამ პირველი ტურის გამარჯვებული გახდა ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა ამა თუ იმ საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60%-ისა და მოხვდა შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ათას მონაწილეს შორის (ან მისი ქულა დაემთხვა რეიტინგულ სიაში მეათასე ადგილზე მყოფი მოსწავლის ქულას).
მესამე ტურში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მონაწილე, რომელიც დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50%-ს და, ამასთან ერთად, მოხვდება რეიტინგული სიის პირველ 50 მოსწავლეს შორის.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება