„ეს არის საგანგაშო“ – ირაკლი ღარიბაშვილმა დასაქმების ის სფეროები დაასახელა, სადაც მაღალი მოთხოვნა და კადრების ნაკლებობაა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილმა დაასახელა სფეროები, სადაც საქართველოს შრომის ბაზარზე კადრების ნაკლებობაა და ამ კონტექსტში სკოლებში პროფესიული განათლების აქტიურად ინტეგრირების გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გააჟღერა.
„გვინდა, პროფესიული განათლება პრაქტიკულად სავალდებულო გავხადოთ ზოგად განათლებაში“
“ჩვენ აქტიურად ვიწყებთ პროფესიული განათლების ინტეგრირებას სკოლებში, რაც სკოლის ასაკიდანვე განუვითარებს ბავშვებს პროფესიულ უნარებს, შესძენს მათ კონკრეტულ პროფესიას და ამის შემდეგ უკვე მათ ექნებათ საშუალება, რომ გადაწყვიტონ თავად, გააგრძელონ თუ არა სწავლა უმაღლესი განათლების საფეხურზე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ათ ოქტომბერს, პროფესიული განათლების განვითარების ხედვის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
პრემიერმა ბიზნესის მიერ არაერთგზის დასახელებულ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ დღეს ბაზარზე გვაქვს ძლიერი ეკონომიური ზრდა, მაგრამ არ არის მიწოდება კვალიფიციური მუშა ხელის, რაც სერიოზული პრობლემაა და დაასახელა ის მსხვილი დასაქმების სფეროებიც, სადაც სახელმწიფო კვლევების მიხედვით, კადრების ნაკლებობაა.
“მაგალითად, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების სააგენტოში შემოსული ვაკანსიების თანახმად, გამოიკვეთა ყველაზე მსხვილი სფეროები და ესენია: საბითუმო და საცალო ვაჭრობა, განთავსების საშუალებები სასტუმროები, უზრუნველყოფა და საკვების მიწოდების საქმიანობა, კვების ობიექტები, როგორიც არის სარესტორნო ბიზნესი, ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმინობა. დღეის მდგომარეობით სამინისტროში 10 000-მდე ვაკანსიაა დაფიქსირებული,” – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან ასევე ახსენა ეკონომიკის სამინისტროს მიერ გასულ წელს ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელსაც საგანგაშო უწოდა და აღნიშნა, რომ დღევანდელი კონცეფცია, პროფესიული განათლების განვითარების სწორედ ამ კვლევისა თუ კვლევების შემაშფოთებელ შედეგებს ეფუძნება:
“გამოიკვეთა, რომ შარშან, პირველი სექტემბრის მდგომარეობით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საწარმოთა 32%-ს ჰქონდა ვაკანსია, რომელმაც ჯამში 140 00 შეადგინა… ეს, რა თქმა უნდა, არის საგანგაშო. ჩვენ თუ სწორად დავგეგმავთ ყველა ამ პროფესიას და ამ პროგრამებს, პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ 100% იქნება გარანტირებული დასაქმება ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩააბარებს და ისწავლის პროფესიულ სასწავლებელში”.
პროფესიული განათლების პოპულარიზაციის, მისი სკოლის საფეხურიდანვე განვითარებისა და შესაბამისად, შრომის ბაზარზე არსებული პრობლემის გადაჭრის ხედვა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმაც კიდევ ერთხელ ჩამოაყალიბა და ასეთი განმარტება გააკეთა, რომ ის პრესტიჟულობა, რაც დღეს საზოგადოებაში პროფესიულ განათლებასთან მიმართებით არის, ვერანაირი მარკეტინგული თუ საინფორმაციო კამპანიით ვერ ამოიქაჩება, თუ პროფესიული განათლების დანერგვა სკოლებში ადრეული ასაკიდანვე არ დავიწყეთ:
“სწორედ ამ მიზნით, როგორც საბაზო, ისე განსაკუთრებით საშუალო საფეხურზე – მე-10, მე-12 კლასში არჩევით სავალდებულო ნაწილად, ჩვენ სრულიად ახალ კონცეფციას შევთავაზებთ სკოლებს, სადაც საშუალო საფეხურზე იქნება რამდენიმე მიმართულება არჩევითი, თუმცა ზოგადი განათლებისთვის სავალდებულო და დავნერგავთ სკოლებში ე.წ. ინტეგრირებულ პროგრამებს. ეს ნიშნავს, რომ ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე ექნებათ შესაძლებლობა, მეათე კლასიდან აირჩიონ სკოლის საგნებთან ერთად… ბუნებრივია, არ უნდა აგვერიოს, რომ ვინმე რაიმე ფორმით ჩამორჩება ზოგადი განათლების იმ საგნებს, რომელიც აუცილებელია. მოსწავლე პარალელურად დაეუფლება კონკრეტულ პროფესიას და სკოლის დამთავრებისთანავე მას შესაძლებლობა ექნება, დასაქმდეს შრომის ბაზარზე, წამოიწყოს თავისი მცირე ბიზნესი და სურვილისამებრ გააგრძელოს მოღვაწეობა გნებავთ, პროფესიულ განათლების ან უმაღლესი განათლების მიმართულებით. ეს არის ყველაზე დიდი სიახლე და ინოვაცია სკოლებში. თქვენ იცით, 2 100 სკოლა გვაქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 2024 წლიდან ჩვენ შევარჩევთ პირველ ყველაზე ძლიერ საპილოტე სკოლებს სადაც პროცესი დაიწყება და რამდენიმე წელიწადში ყველა სკოლაში გაიშლება.
- პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია by პროფესიული განათლების ამბები
- გამოქვეყნდა უმაღლეს და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ტესტირების განრიგი და დავალებათა ნიმუშები by პროფესიული განათლების ამბები
- 20 საჯარო სკოლაში ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება დაიწყო by პროფესიული განათლების ამბები