„სახელმწიფო პროფესიული განათლების განხორციელებაში თანაინვესტორი გახდება“ – რას გულისხმობს ახალი ხედვა
დამსაქმებლებს, ბიზნეს ჯგუფებს იდეების წარსადგენად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ელიან. სახელმწიფო მათ სთავაზობს, თავად დააორგანიზონ, თავად გადაამზადონ ან მონაწილეობა მიიღონ სასურველი კადრების გადამზადება-განათლებაში და შემდეგ დაასაქმონ ისინი. ამ პროცესში კი სახელმწიფოს თანაინვესტორის როლი ექნება.
ასეთი საჯარო შეთავაზება გაუკეთა დღეს გამართული პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის პრეზენტაციაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ბიზნესის წარმომადგენლებსა და პროფესიული კოლეჯების მესვეურებს.
“საჯარო შეთავაზება ბიზნესს, კერძო სექტორს, დამსაქმებლებს. ჩვენ, ბოლო წლების განმავლობაში, დაახლოებით, 200 მლნ ლარზე მეტი დავხარჯეთ საჯარო პროფესიული კოლეჯების განვითარებაში. მათ შორის კერძო კოლეჯებსაც ვეხმარებით, თუმცა გამოცდილებით, საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზით, ჩვენ ამ ყველაფერმა გვაჩვენა, რომ შეუძლებელია იმ შედეგებზე გასვლა, თუ კიდევ უფრო ახლოს არ ჩავრთავთ ბიზნესს, კერძო სექტორს და უკვე რეალურად სახელმწიფო გახდება არამხოლოდ ტექნიკური მხარდამჭერი პროფესიული განათლების განხორციელებაში, არამედ თანაინვესტორი”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
მისი თმით, განათლების სამინისტრო ხსნის ფანჯარას და მზად არის, ბიზნესის წარმომადგენლებსა და ჯგუფს მათივე იდეების ფარგლებში მოუსმინოს და მათთან ერთად იმუშაოს წარმოდგენილ იდეებზე. მიმართვა კი ოფიციალურად 15 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი.
მინისტრმა დაასახელა შესაძლო მოდელები, რომელიც სამინისტროსთვის მისაღები შეიძლება იყოს.
“მთავარი, რაც თქვენ უნდა დაგვისაბუთოთ ეს არის, თუ როგორ შეძლებთ იმ ადამიანების გადამზადებას და შემდგომ დასაქმებას, რათა ჩვენ გავხდეთ ამ პროცესის ინვესტორებიც. რაც შეეხება შესაძლო მოდელებს, ეს შეიძლება იყოს ახალი კოლეჯის დაფუძნება, არსებული კოლეჯის ან მიმართულების მართვაში გადაცემა, საწარმოს, კომპანიის ბაზაზე სხვადასხვა მომზადება-გადამზადების პროგრამების მხარდაჭერა და იქ შექმნათ მინი ტრენინგ თუ კოლეჯის მოდელი, ან ნებისმიერი სხვა, რომელიც ეფექტურად დაგვანახებს, რომ უზრუნველყოფილი იქნება მთავარი ამოცანა – განათლება და დასაქმება”, – აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.
გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ მათი შეთავაზებაა დამსაქმებელმა და სახელმწიფომ ერთობლივად შექმნან და განახორციელონ პროფესიული განათლება.
“ჩვენ, როგორც ტექნიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით, ასევე მეთოდური, ასევე პროგრამების შექმნის ნაწილში მზად ვართ, თქვენთან ერთად ვიმუშაოთ აქტიურად. მათ შორის, ჩავდოთ ინვესტიცია. რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვანია პარტნიორი ორგანიზაციებისა და დონორების მონაწილეობაც. დღეიდან, თქვენ გაქვთ ღია კარი, რომ ნებისმიერ ფორმატში დავიწყოთ აქტიური თანამშრომლობა”, – დასძინა გიორგი ამილახვარმა დღეს, 10 ოქტომბერს გამართულ პრეზენტაციაზე.
განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის პრეზენტაციის ვიდეოჩანაწერი
ამავე თემაზე:
„გვინდა, პროფესიული განათლება პრაქტიკულად სავალდებულო გავხადოთ ზოგად განათლებაში“
- პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია by პროფესიული განათლების ამბები
- გამოქვეყნდა უმაღლეს და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ტესტირების განრიგი და დავალებათა ნიმუშები by პროფესიული განათლების ამბები
- 20 საჯარო სკოლაში ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება დაიწყო by პროფესიული განათლების ამბები