GE

ესეების კონკურსის „მასწავლებლები კონსტიტუციაზე“ ჟიურის წევრთა ვინაობა ცნობილია  

31ივლისს საგანმანათლებლო პორტალმა  EDU.ARIS.GE–მ, პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით პრაქტიკოსი და ყოფილი მასწავლებლებისთვის ესეების კონკურსი სახელწოდებით „მასწავლებლები კონსტიტუციაზე“ გამოაცხადა. კონკურსმა, რომლითაც პედაგოგებს შესაძლებლობა მიეცათ ქვეყნის მთავარ კანონზე საკუთარი მოსაზრებები ღიად, პირდაპირ და დაუფარავად გამოთქვან, დიდი მოწონება დაიმსახურა და სპეციალურ ელექტრონულ მისამართზე ese@aris.ge უკვე მივიღეთ არაერთი ესე. მონაწილეთა ინტერესს იწვევს ჟიურის წევრთა ვინაობა და სწორედ ამ ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით გაცნობებთ, რომ მათი ვინაობა უკვე ცნობილია და წარმოგიდგენთ თითოეულ ჟიურის წევრს. აქვე გეტყვით, რომ კონკურსის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჟიური სხვადასხვა პროფესიებისა და სფეროს მიხედვით შეირჩა.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ ჟიურის წევრებს, რომლებმაც ქვეყნის მასშტაბით 16 გამარჯვებული უნდა გამოავლინონ. 5 თბილისში, 11 კი რეგიონებში.

ლიტერატურათმცოდნე და მწერალი, საქართველოს პარლამენტის ერონული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

ამბობს, რომ მისთვის ესეს შეფასებისას მთავარი ამოსავალი წერტილი იქნება იმ ბეწვის ხიდზე სწორად გავლა, რასაც კონსტიტუციაზე ესეს წერა გულისხმობს.

„ჩვენ რაღაც ტიპის სიზუსტეს აუცილებლად მოვითხოვთ, იმის გამო, რომ კონსტიტუციაა მოცემულობა, ეს კი გულსიხმობს გარკვეულ დათქმებს. მეორე მხრივ, ენობრივად გამართული ტექსტი და ინტერპრეტაციის ერთგვარი უნარი ვფიქრობ, რომ აუცილებელი მოთხოვნაა. ჩემთვის სასიამოვნო აღმოჩენა იქნება მეტი ინტერპრეტაცია, მეტი სითამამე და თავისუფლება და, ამავდროულად, კვალიფიციურობა, კონსტიტუციის კარგად ცოდნაში. ხელოვნური მეტაფორები, პირიქით, გააუარესებს საქმეს, აქ ბეწვის ხიდზეა გასასველი. კონსტიტუციაზე ლექსად წერა ჩვენი დროის მოთხოვნა არაა, მაგრამ, ამავდროულად, მშრალი ენით და სტერილურად დაწერილი ტექსტიც მთლად მისაღები ვერ იქნება“, – განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

კონსტიტუციონალისტი დიმიტრი გეგენავა – როგორც თავად ამბობს, მისი მთავარი ინტერესი იქნება პედაგოგების ესეებში აღმოაჩინოს კონსტიტუციის ახლებური ხედვა და კარგად ნაცნობი პასაჟების სხვა კუთხით წარმოჩენა.

„ძალიან ბევრი მიმართულებით შეიძლება განავითარონ თემა. კონსტიტუცია ძალიან ბევრ საკითხს აწესრიგებს. შესაძლებელია, სხვადასხვა საგნის პედაგოგებმა პროფილის გათვალისწინებით გაშალონ თემა. მოგვითხრონ, აწესრიგებს თუ არა ჯეროვნად კონსტიტუცია გარემოს დაცვის საკითხებს, სოციალურ საკითხებს, თავისუფლებასა და ღირსებას. განათლების უფლება რა დოზით არის მოწესიგებული, რა შეიძლება ჩაამატონ, ამოიღონ და შეცვალონ. ეს ყველაფერი კი არგუმენტებით უნდა იყოს გამყარებული. როგორ შეიძლება ასახოს ქვეყნის ძირითადმა კანონმა განათლების სფეროს პრობლემები, მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობა, განსაზღვროს ის პრიორიტეტები და აქტუალური საკითხები, რომლებიც სახელმწიფოს განვითარებისთვისაა აუცილებელი. უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს შინაარსობრივად გამართული, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციონალიზმის ძირითად სტანდარტებსა და პრინციპებს, არ უნდა იყოს ძველი, საბჭოური ან ტოტალიტარული იდეები გატარებული. დაწუნებული იქნება ის ნაშრომი, სადაც იქნება ადამიანის ძირითად უფლებებზე დარღვევისკენ მოწოდება“, – აცხადებს გეგენავა EDU.ARIS.GE-ისთან საუბრისას.

ფილოლოგი ცირა ბარბაქაძე, ესეების შეფასებისას, ყურადღებას მიაქცევს იმას, როგორ გამოხატა აზრი მასწავლებელმა ლინგვისტურად; რამდენად მდიდარი ლექსიკა აქვს მას.

„მასწავლებლების ესეებში ჩემთვის დიდი აღმოჩენა იქნება, თუ ის დაარღვევს ესეს წერის სტანდარტულ კლიშეს და შემოგვთავაზებს თემის დასაბუთების ორიგინალურ, ინდივიდუალურ და კრეატიულ გზას; ვერ გეტყვით, როგორ ხედავენ მასწავლებლები კონსტიტუციას, მაგრამ მაქვს მოლოდინი, ესეების დაწერის შემდეგ ისინი გააცნობიერებენ ამ დოკუმენტის მნიშვნელობას და მომავალში გახდებიან ცვლილებებში აქტიური თანამონაწილეები“, – აღნიშნა ცირა ბარბაქაძემ.

ჟურნალისტი, დოკუმენტალისტი თომა ჩაგელიშვილი –  როგორც თავად ამბობს, მისთვის მთავარი კონცეპტუალური ხედვის აღმოჩენა იქნება.

„მასწავლებელი არის მასწავლებელი და მას უნდა ჰქონდეს იურისტისგან განსხვავებული ხედვა. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც მივაქცევ ყურადღებას. ჩემი აზრით, იქნება სასიამოვნო სიურპრიზები. ესე უნდა იყოს ემოციური“, – უთხრა თომა ჩაგელიშვილმა EDU.ARIS.GE-ს.

ესეების კონკურსის „მასწავლებლები კონსტიტუციაზე“ მეხუთეს ჟიურის წევრი კი გახლავთ პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძე.

ძვირფასო მასწავლებლებო, გამოიყენეთ ეს შანსი და მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში! ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის ჩამოყალიბებაში, თქვენი აზრი, როგორც თაობების გამზრდელი საზოგადოებისა, უდიდესია. მოგიწოდებთ, იყავით აქტიურები და გახსნილები, ისაუბრეთ პიდაპირ და დაუფარავად!

მიიღეთ მონაწილეობა თქვენ და მიაწოდეთ ინფორმაცია კონკურსის შესახებ თქვენს კოლეგებსა და ყოფილ მასწავლებლებს. ჩვენი მიზანია საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენელი პედაგოგის, მასწავლებლის პოზიციის მოსმენა და საზოგადოებისთვის გაცნობა. მიაწოდეთ მათ ეს ბმული:edu.aris.ge/ese, ან გააზიარეთ ის თქვენს პირად გვერდზე.

ამასთან, თხოვნით მივმართავთ სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომელთაც ასევე აქვთ კონკურსში მონაწილეობის უფლება და გამარჯვების შანსი. ამობეჭდეთ ჩვეულებრივ პრინტერზე კონკურსის პოსტერი და განათავსეთ ის თქვენი ადმინისტრირების ქვეშ მყოფი სკოლის შენობაში თვალსაჩინო ადგილას. ამობეჭდვისთვის დააკლიკეთ ამ ბმულზე.

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური