გამარჯვების გოლის ავტორის ბავშვობის ისტორია – „იდგა 5-6 წლის პატარა ბიჭი უზარმაზარი ჩანთით, ჯიუტად“
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. გამარჯვების გოლის ავტორი ნიკა კვეკვესკირია, რომლის ბავშვობის ისტორიაც დღეს, 27 მარტს, სოციალურ ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლისგან გავრცელდა:
“გამარჯვების გოლის ავტორზე, ნიკა კვეკვესკირზე, მინდა ვთქვა რაღაც.
გალიდანაა.
ომის შემდეგ, ზუგდიდში, დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობდა, მეზობლები ვიყავით.
მე და ჩემი ძმა შორს დავდიოდით სკოლაში და, მეზობელი ბავშვებისგან განსხვავებით, ნახევარი საათით ადრე ვიდექით უკვე გაჩერებაზე. ყოველ დილით, ვინც ჩვენზე ადრე ელოდებოდა ტრანსპორტს, კვეკვესკირი იყო.
90-იანი წლების ყოველ წვიმიან, თოვლიან, ქარიან დილას, იდგა 5-6 წლის პატარა ბიჭი უზარმაზარი ჩანთით ჯიუტად და ვარჯიშზე მიდიოდა.
კიდევ მახსოვს, შეკრებაზე უნდა წაეყვანა მწვრთნელს პატარების გუნდი და მის მშობლებს (რომლებიც ძალიან ცდილობდნენ, არაფერი მოეკლოთ ბავშვისთვის) არ აღმოაჩნდათ ფინანსები და ნიკას მოუწია სახლში დარჩენა, თუმცა იმდენად მტკივნეული იქნებოდა ეს ბავშვისთვის, რომ ეს ამბავი დაუმალეს და მწვრთნელს ათქმევინეს, რომ 1 კვირა, უბრალოდ, ვარჯიში არ ექნებოდათ და ისვენებდნენ.
კიდევ მახსოვს, ერთხელ, მარშრუტკის მძღოლმა არ ამოუშვა, ისეთი ტალახიანი იყო ვარჯიშის მერე. მეორე მძღოლმა უთხრა, დაიფინე რამე და ჩემს მარშრუტკაში ჩაჯექი, მალე გავდივარ მეცო.
მადლობა, ნიკა, ამ სიჯიუტისთვის, ყველაფრისთვის და, განსაკუთრებით, გუშინდელი, შენებური, თავდაჯერებული გამარჯვების გოლისთვის”, – წერს ნანა ცქვიტარია.
ასევე იხილეთ:
- „ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვლიდან როცა ამოიღებ ილიას „ბენდიერ ერს“, განდეგილს“, გასაგებია თუ რა იდეით იმართება „განათლების“ სისტემა“ by სოციალური ქსელები
- „დირექტორმა მასწავლებელს ჰელოუინის შესახებ ინფორმაციული ხასიათის გაკვეთილის ჩატარება „არ ურჩია” by სოციალური ქსელები
- „ისაუბრეთ შვილებთან ან მოსწავლეებთან იმაზე, თუ რა არის ძალადობა“ – მენტორი მასწავლებლის მიმართვა by სოციალური ქსელები