GE

განათლება და კორონავირუსი: როგორ ტარდება გაკვეთილები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

მსოფლიოში ამჟამად არსებული მდგომარეობა განსაკუთრებულად მწვავედ განათლების სფეროზე აისახა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლის მოსწავლეები დისტანციურ სწავლებას დაუბრუნდნენ. პანდემიის გამო მშობლებისა და მასწავლებლების აზრი ორად გაიყო: ზოგი მათგანი დისტანციურ, სხვები კი სწავლების ტრადიციულ მეთოდს ანიჭებენ უპირატესობას. საინტერესოა, როგორ იღებენ სკოლის მოსწავლეების ონლაინ რეჟიმში ცოდნას, მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე.

კანადაში მოსწავლეები და მასწავლებლები სწავლების ფორმატით უკმაყოფილონი არიან

წელს კანადის პროვინციაში ონტარიო, სკოლაში სიარული სავალდებულო არ არის. მოსწავლის მშობელი თვითონ წყვეტს ივლის მისი შვილი სასწავლო დაწესებულებაში, თუ ის სახლში იმეცადინებს. ერთი შეხედვით, ეს არ არის ცუდი გადაწყვეტილება, თუმცა ამ შემთხვევაშიც თავი ბევრმა სირთულემ იჩინა.

საქმე იმაშია, რომ მოსწავლეების უმრავლესობამ სახლში ყოფნა და კლასში მყოფ კლასელებთან სინქრონულად მეცადინეობა გადაწყვიტა. მასწავლებლისთვის მსგავსი გაკვეთილის ორგანიზება ტექნიკურად შეუძლებელი აღმოჩნდა. პედაგოგები ასეთი სისტემით უკმაყოფილონი არიან. მათი თქმით, სწავლების ერთი კონკრეტულ მოდელი – დისტანციური ან ტრადიციული, ბევრად ეფექტურია. იმის გამო, რომ მასწავლებლისთვის ორ ფრონტზე, ყველასთვის თვალყურის დევნება რთულია, სწავლების ხარისხი დიდ დანაკლისს განიცდის.

მოსწავლეების ერთი ჯგუფი დისტანციური სწავლების წინააღმდეგია. მათთვის სწავლების ასეთი ფორმატი უცნობია, რის გამოც ისინი ხშირ შემთხვევაში მეცადინეობას თავს საერთოდ ანებებენ. გარდა ამისა, არიან მოსწავლეები, რომელთაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ, ამიტომ ისინი ონლაინ გაკვეთილების გარეშე რჩებიან.

ინდოეთში ბავშვები რადიოს საშუალებით სწავლობენ

სავალალო მდგომარეობაში არიან ინდოეთში მცხოვრები მოსწავლეები. აქ დიდ ქალაქებში, მაგალითად დელიში, სკოლები საერთოდ არ გახსნილა. ქვეყანაში ონლაინ გაკვეთილების ჩატარება არის რეკომენდირებული. ამაში არაფერი იქნებოდა გასაოცარი, თუმცა აღსანიშნავია, რომ აქ ბევრ ოჯახს არა თუ კომპიუტერი და ნოუთბუკი, არამედ მობილური ტელეფონიც კი არ აქვს. მდგომარეობის გამოსასწორებლად ინდოეთში მცხოვრებ მოსწავლეებს სწავლება რადიოსა და ტელევიზიის მეშვეობით შესთავაზეს. ისინი უსმენენ გაკვეთილებს და დავალებებს ასრულებენ, თუმცა თავიანთ შეკითხვებს ვერავის უსვამენ.

ამერიკაში სკოლების ხელმძღვანელები დილემის წინაშე აღმოჩნდნენ

ჯერ კიდევ გაზაფხულზე, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, დისტანციური სწავლება უარყოფითად შეაფასა და მას საშინელი უწოდა. გარდა ამისა, მან სასწავლო დაწესებულებების გახსნა შემოდგომაზე მოითხოვა. თუმცა ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პირებმა, განაცხადეს, რომ სკოლები უსაფრთხოების შესაბამისი ნორმების დაცვის გარეშე არ უნდა გაიხსნას. შედეგად ქვეყნის 13 000 სკოლის ხელმძღვანელი დილემის წინაშე აღმოჩნდა. ახალ სასწავლო წელს სკოლები ქვეყნის დიდ შტატებში არ გახსნილა. მხოლოდ ნიუ-იორკში, ოქტომბრის დასაწყისში, 300 სკოლა დაიხურა და მოსწავლეები ონლაინ სწავლებას დაუბრუნდნენ.

ჩეხეთში სკოლებმა ონლაინ სწავლებისთვის საჭირო აღჭურვილობის მიღება ვერ მოასწრეს

სექტემბრის ბოლოდან ჩეხეთში სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. მასწავლებლების აზრით, სწავლების ასეთი ფორმატი დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის მოსახერხებელი არ არის, ვინაიდან ბავშვებს მეცადინეობა მშობლების დახმარებით უწევთ. გარდა ამისა, სკოლების უმრავლესობამ ონლაინ გაკვეთილებისთვის საჭირო აღჭურვილობის მიღება ჯერ კიდევ ვერ მოასწრო.

ისრაელში მცხოვრები ყველა მასწავლებელი დისტანციური სწავლებისთვის მზად არ არის

ისრაელში თითქმის ყველა სკოლა დაკეტილია და ბავშვები დისტანციურად სწავლობენ, თუმცა ყველა პედაგოგი გაკვეთილის ონლაინ რეჟიმში ჩასატარებლად მზად არ აღმოჩნდა. ერთ-ერთი სკოლის დირექტორის თქმით, მის სკოლაში მომუშავე ყველა მასწავლებელმა არ იცის, თუ როგორ უნდა ასწავლოს ბავშვს ინტერნეტში, ვინაიდან მათთვის ტრენინგები არავის ჩაუტარებია.

ქვეყანაში ჩატარებული ინტერნეტ გამოკითხვის მონაცემების თანახმად, გამოკითხულთა 62% თვლის, რომ კორონავირუსის ეპიდემიის დროს, ისრაელის სკოლების ონლაინ სწავლებაზე გადასვლა საჭირო და გამართლებული ზომა იყო. ამავე დროს რესპონდენტების 75%-ის აზრით, ქვეყანა ახალი სასწავლო წლისთვის შესაბამისად არ მომზადებულა.

მოამზადა თეა ინაშვილმა

წყარო: gazeta.ru

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური