„განათლება თავისუფლებაა“ – ქართულ განათლებაში არის თავისუფლება? – მენტორი მასწავლებელი 2024 წლის ფაქტებზე
ავტორი: მანანა მიქავა,სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ონარიის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი.
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისათვის, განათლებაში 2024 წლის შეჯამების მაგიერ:
„რიტორიკაში სწერია: ყველაფერი შესავლით უნდა დაიწყოს კაცმაო. ჭეშმარიტია, ჩვენც ისე დავიწყოთ.“ სანამ ქართული საგანმანათლებლო სისტემის განხილვას შევუდგებოდე, მინდა ვისაუბრო თავად განათლების მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ როგორ ათავისუფლებს განათლება ინდივიდებს.
განათლება არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება, პიროვნული და სოციალური განვითარების გასაღები, რომელიც ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას და პიროვნებას ანიჭებს თავისუფლებას აიხდინოს საკუთარი მისწრაფებები. განათლებული ადამიანი ყოველთვის გამონახავს თვითგადარჩენისა და განვითარების რესურსს. როგორც შოთა რუსთაველი წერდა: „თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები!“ ხოლო დავით გურამიშვილი წერდა:
„ბრძენსა აქვს თავის უფლება სოფელში ყოფნა ნებისა;
ბრძენი პურთათვის ჩემსავით მუხლთ არვის მოექნებისა!“
როგორც ჩანს, ადრეული საუკუნეებიდანვე ვთანხმდებით, რომ ერუდირებული, მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებით მანიპულირება რთულია, რადგან ისინი გაცილებით ეფექტურად იცავენ საკუთარ უფლებებს, ესმით სამოქალაქო პასუხისმგებლობა და აქვთ ღირებულებათა სისტემა, რომელიც მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე არ გადის. განათლებულ ადამიანს შესწევს ძალა, ეჭვქვეშ დააყენოს უსამართლობა და დაუპირისპირდეს მჩაგვრელ სისტემას. ამიტომაც, ასეთი ადამიანები ზედმეტ თავისტკივილად მიაჩნიათ ავტორიტარული მართვისკენ მიდრეკილ ხელისუფლებებს და ყველანაირად ცდილობენ, მათი ხმა ჩაახშონ, დაბლოკონ, ხოლო სისტემა დააკომპლექტონ დაბალი კომპეტენციის კადრებით, რომლებიც ყოველთვის დამსაქმებლის ვალში იქნებიან და უსიტყვოდ აასრულებენ სისტემის დაკვეთებს.
ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში კრიტიკულად მოაზროვნე პედაგოგების რეპრესიები დიდი ხანია დაწყებულია. ამის უამრავი მაგალითი არსებობს და თავად მეც არაერთხელ შემეხო. აზრის საჯაროდ და ღიად დაფიქსირების გამო, დაბლოკილი ვარ ყველა სკოლაში. მაგალითად, ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორმა, ნათია ხუფაცარიამ ე.წ. კონკურსის წესით საკუთარი რძალი აიყვანა სამსახურში, ხოლო ჩემი კანდიდატურა დაბლოკა. სოფ. ზედა ეწერის საჯარო სკოლის დირექტორმა კი გასაუბრებაზეც არ დამიბარა. ამ ფაქტზე აუდიტმა დადო დასკვნა, რომ ნამდვილად დაირღვა ჩემი, როგორც აპლიკანტის, უფლება, თუმცა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მხოლოდ საყვედურით შემოიფარგლა.
თბილისის კლასიკური გიმნაზიის გასაუბრებაზე მხოლოდ სახელი და გვარი მკითხეს. დამემშვიდობნენ. ლამაზი გოგო ხარ, მაგრამ გასაუბრება ვერ გაიარეთო, გეგონებათ სილამაზის კონკურსზე ვიყავი მისული.
სისტემას იმდენად ეშინია თავისუფალი ჯანსაღი აზრის, საგაკვეთილო პროცესშიც ერევა და მასწავლებელს მისთვის სასურველ ჩარჩოში აქცევს. თბილისის 21-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ელენე ალაფიშვილი სკოლის დისციპლინარულ კომიტეტს გადასცეს მე-19 საუკუნის ლიტერატურის ახსნისთვის. მას ზოგადი განათლების კანონის მე-13 მუხლის I, II მუხლების დარღვევას ედავებოდნენ. როგორც ელენემ ახსნა, ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი მიზანია მოსწავლის დროსა და სივრცეში ორიენტირება. საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, წარმოუდგენელია, ლიტერატურული ტექსტების: ამ შემთხვევაში, რეალისტების შემოქმედებისა (მე-11კლასში) და ამერიკელი მწერლის, ედვარდ ჰეილის ნაწარმოების ,,უსამშობლო კაცის” (მე-9 კლასში) სწავლება ისტორიული კონტექსტის, თანამედროვე რეალობის სივრცულ-დროით ჭრილში გააზრების გარეშე. ნებისმიერი განსახილველი ტექსტის სწავლების დროს დროითი და სივრცული ფაქტორების გათვალისწინება აუცილებელია, რათა მოსწავლეს მულტიპერსპექტიული ხედვა ჩამოუყალიბდეს.
განსახილველი ტექსტებიდან გამომდინარე, მოსწავლეებს ჰქონდათ კითხვები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, რაზეც მასწავლებელმა საკუთარი აზრი გამოხატა, რისი უფლებაც მას ზოგადი განათლების კანონის მე-14 მუხლის მიხედვით ჰქონდა. მიუხედავად ამისა, 21-ე სკოლის დირექტორმა, თამარ ამზაშვილმა ელენეს საკითხი დისციპლინარულ კომიტეტს გადასცა. საზოგადოებისგან დიდი ზეწოლის გამო, კომიტეტმა ვერ გაბედა მასწავლებლისთვის რაიმე სახის სახდელის დაკისრება. თუმცა ამგვარი ქმედება უკვე ფსიქოლოგიურ ზეწოლად შეიძლება შევაფასოთ.
გაცილებით მძიმე და სევდიანია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ. ფარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებლისა და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეულის წევრის, ეკატერინე წულუკიძის შემთხვევა.
წინასაარჩევნოდ, განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა დაეჯილდოებინა ღვაწლმოსილი პედაგოგები. მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრებს სიები დირექტორებმა გადასცეს. ერთ-ერთ კანდიდატად წარდგენილი იყო ქალბატონი ეკატერინე წულუკიძე, თუმცა უშუალოდ დაჯილდოებისას მესტიის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსმა, მარიამ ჯაფარიძემ აუწყა, რომ მისი კანდიდატურა განათლების სამინისტროს ინიციატივით ამოღებული იყო სიიდან. ჯილდო კი ეკატერინე წულუკიძის ნაცვლად, მის დირექტორს, ქალბატონ გულო ვიბლიანს, გადაეცა. ღონისძიებას სამასამდე მასწავლებელი ესწრებოდა, მაგრამ ამ ფაქტზე რეაგირება არავის ჰქონია.
მესტიის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსის, მარიამ ჯაფარიძის განცხადება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სრულიად უარყო და ეკატერინე წულუკიძეს განუმარტა, რომ ზემოაღნიშნული ღონისძიების დაგეგმვასა და განხორციელებაზე სრული პასუხისმგებლობას ადგილობრივი თვითმმართველობა იღებდა. შემთხვევის შესახებ ეცნობა ასევე სახალხო დამცველის აპარატს, თუმცა ომბუდსმენის აპარატში ამ დისკრიმინაციულ ფაქტზე დღემდე არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ.
ეკატერინემ გადაწყვიტა საკუთარი ძალებით გაეპროტესტებინა მის მიმართ ჩადენილი უსამართლობა და ამ მიზეზით გაფიცვა გამოაცხადა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის კარებთან ერთკაციანი აქცია მოაწყო, სადაც მას მესტიის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი დაუპირისპირდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მიუხედავად პროტესტის არაერთი ფორმისა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არ გამოუთქვამს მოლაპარაკების ან მედიაციის მზაობა.
ოცდაერთდღიანი გაფიცვის შემდეგ კი ეკატერინემ მიიღო უმძიმესი გადაწყვეტილება და სკოლიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადება დაწერა.
მაგალითები კიდევ უამრავია თუ როგორ სდევნიან და ავიწროებენ თავისუფალი აზრის მატარებელ პედაგოგებს, როგორ უშლიან ხელს პროფესიულ საქმიანობაში, მაგრამ სისტემამ რამდენიმე აქტიური პედაგოგის საჯაროდ დასჯის შემდეგ მოახერხა ირიბად დაეშინებინა სხვა მასწავლებლები. გაუშვა მესიჯი, რომ თუ ისინი ხმას ამოიღებენ, კოლეგების ბედს გაიზიარებენ.
ამიტომაც გასაკვირი არ უნდა იყოს მათი დუმილი და კონფორმიზმი. ამიტომაც ვერ ვწერ აქ კიდევ არაერთ მაგალითზე, რომლებიც ჩემთვის ასევე არის ცნობილი.
ეს პროცესები გუშინ და დღეს არ დაწყებულა. ეტაპობრივად ხდებოდა მასწავლებლებისგან მოწყვლადი საზოგადოების გამოძერწვა. თუ გადავხედავთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ბოლო ორ წელში განხორციელებულ რეფორმებსა და კონკურსებს, ნათლად დავინახავთ, რომ სახელმწიფოს ეშინია განათლებისა და თავისუფლების, რადგან ქვეყანა უკვე ვეღარ ვითარდება და გადასულია მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებასა და მასზე დაქვემდებარებული პირების დაშინება-მოსყიდვაზე.
სამწუხაროდ, ხელისუფლების შენარჩუნების პროცესში, ასევე არჩევნებზე ერთ-ერთ მძლავრ ბერკეტად სასკოლო საზოგადოება და სკოლის დირექტორები იკვეთებიან. არაერთმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების პროცესში აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას ე.წ. დირექტორ-კაპიტნები, რომლებიც თავის მხრივ ზეწოლას ახდენდნენ სასკოლო საზოგადოებაზე. სწორედ ამ სურათის შესაქმნელად მოხდა მათი ცენტრალიზებულად დანიშვნა თნამდებობებზე 2024 წლის თებერვალში, რამაც კრიტიკულად მოაზროვნე პედაგოგებისა და დირექტორთა კონკურსში ჩართული აპლიკანტების უკმაყოფილება გამოიწვია.
29 კონკურსანტი უჩივის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, არაგამჭვირვალედ, უსამართლოდ ჩატარებული კონკურსის თაობაზე, თუმცა პროცესი ჯერ კიდევ არ ჩანიშნულა. (არ სცალია სასამართლოს, პარლამენტთან რკინის ასლარიანი ჯებირის დამზიანებელი „ბოროტმოქმედი“ ახალგაზრდის გასამართლება უფრო პრიორიტეტულია ქვეყანაში) საკითხზე მუშაობისას გამოვლინდა არაერთი უხეში დარღვევა, რაც ვერ უზრუნველყოფდა პროცესის ობიექტურად ჩატარებას. კერძოდ, კონკურსის მონაწილეებისთვის წინასწარ ცნობილი არ იყო შეფასების კრიტერიუმები, გასაუბრების პროცესი არ იწერებოდა, დასმული კითხვები ვერ ფარავდა ან არ იყო ადეკვატური საკითხთან მიმართებაში. უარის შემთხვევაში კი მონაწილეებს არ მისცეს დაწვრილებითი უკუკავშირი თუ რატომ ვერ გაიარეს მათ გასაუბრება წარმატებით. ამის პარალელურად კი ჩვენ ვხედავთ სისტემაში ისეთ დირექტორებს, რომლებსაც არც ერთი გამოცდა არ აქვთ ჩაბარებული და მრავალი წელია იკავებენ თანამდებობას.
სისტემის დამორჩილებას ემსახურებოდა ასევე მასწავლებელთა სახელფასო პოლიტიკა და ე.წ. უპრეცედენტო მატება. შეგახსენებთ. 2023 წლის დეკემბერს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა სახელფასო დანამატის ასლარიანი ზრდის ნაცვლად, იანვრიდან ხელფასის უპრეცედენტო მატება დააანონსა, თუმცა სიტყვა უკან წაიღო, „უპრეცედენტო მატება“ გაურკვეველი ვადით გადადო და დეკემბრიდან ასლარიანი ყოველწლიური ზრდაც შეაჩერა. განათლებისა და მეცნიერების მაშინდელი მინისტრი, გიორგი ამილახვარი პერიოდულად გვიანონსებდა სახელფასო ფორმულის პრეზენტაციას, ჯერ იანვარში, შემდეგ თებერვალში, მარტსა და აპრილშიც, მაგრამ საიდუმლოებებით მოცული მისტიკური სახელფასო ფორმულა არსად ჩანდა. ბატონი ამილახვარი შიგადაშიგ კი გვპირდებოდა, რომ მატება იქნებოდა პირველი ივლისიდან საშუალოდ 500 ლარი და მეტი.
პირველ ივლისს კი წამყვან-მენტორები სახტად დაგვტოვეს, მატების ნაცვლად, საგრძნობლად დაგვაკლდა ხელფასი, რის გამოც განათლების სამინისტრო იძულებული გახდა დამატებითი ჩანაწერი გაეკეთებინა და 200 ლარით სამი წლის მანძილზე დაესუბსიდირებინათ გაზრდილი ანაზღაურება. სისტემამ მიიღო ალოგიკური გადაწყვეტილება. ხელფასი დააკლო მაღალი კომპეტენციის კადრებს, ხოლო უფროს მასწავლებლებს სამჯერ გაუზარდა. ამგვარმა დისკრიმინაციულმა გადაწყვეტილებამ სერიოზული მატერიალური და მორალური ზიანი მიაყენა წამყვან-მენტორ მასწავლებლებს, რის გამოც ცხრამეტამდე პედაგოგი უჩივის სისტემას, თუმცა სასამართლო აქაც არ ჩანიშნულა ჯერ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული სახელფასო პოლიტიკა იმდენად დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი იყო, ინდივიდუალურად მივიღე გადაწყვეტილება ანაზღაურების სუბსიდირებული ნაწილი პირადად მინისტრისთვის დამებრუნებინა. წავიდა ამილახვარი და თან გაიყოლა მისთვის გადარიცხული 157 ლარი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არაჯანსაღმა მიდგომებმა და საჯარო სკოლების დირექტორების სუბიექტურმა გადაწყვეტილებებმა სკოლა ქაჯეთის აუღებელ ციხე-სიმაგრედ აქცია, სადაც ახალგაზრდა კადრების დასაქმების შანსი მინიმუმამდეა დაყვანილი, თუ მას გავლენიანი ნათესავი არ აღმოაჩნდება. ახალგაზრდა, ენერგიული, კომპეტენტური კადრების ნაცვლად, დირექტორებს მრავლად ჰყავთ შეფარებული გამოცდაჩაუბარებელი, დაბალი კომპეტენციის მქონე პედაგოგები, რომლებიც მმართველი პარტიის ნების უპირობო აღმსრულებლებად გვევლინებიან.
ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა და ამდენმა უსამართლობამ თვითგანვითარების მოტივაცია მომისპო. საჯაროდ დავხიე განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები, რადგან ქვეყანაში, სადაც ყაველაშვილია პრეზიდენტი, წითელი დიპლომის ქონა სარკასტულ კონტრასტს ქმნის.
და ბოლოს! „არ ვიცი – რანი ვყოფილვართ, არ ვხედავთ – რანი ვართ, ვერ გამოგვისახია – რანი ვიქნებით. ყურებში ბამბა გვაქვს დაცული და თვალებზე ხელი აგვიფარებია. არც არაფერს ვხედავთ, არც არაფერი გვესმის. უზარმაზარი თხრილია ჩვენ, ქართველების წინ და აინუნშიაც არ მოგვდის. ამ თხრილის პირას ვდგავართ და საკმაოა ხელი გვკრან – და შინ გადავიჩეხებით დედაბუდიანად!“
„ახალო წელიწადო, თუ რამ შეგიძლიან, თვალი აგვიხილე, ყურებიდან ბამბა გამოგვაცალე, რათა ჩვენმა შემდგომმა თაობამ მაინც არ თქვას: რა გითხრათ? რით გაგახაროთ?”.
ასევე იხილეთ:
„რა გითხრათ, რით გაგახაროთ?“ – ანუ როგორ (ვერ) ვიზეიმეთ მასწავლებლებმა ახალი წელი ივლისში