GE

„რა გითხრათ, რით გაგახაროთ?“ – ანუ როგორ (ვერ) ვიზეიმეთ მასწავლებლებმა ახალი წელი ივლისში

მოგესალმებით ქეთი ცირეკიძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ჩხოროწყუს რაიონიდან. ჯერ-ჯერობით უფროსის სტატუსით, გაუქმებამდე წამყვანის გამოცდაჩაბარებული, თუმცა სამინისტროსგან წინსვლის პერსპექტივით შეჩერებული, კაცმა არ იცის რა დროითა და ვადით. ასევე, სკოლის დირექტორის სერტიფიკატით, თუმცა “დაწუნებული”, უფრო ზუსტად კი ამჟამინდელი სისტემისგან ვერმოწონებული კადრი.

გავმეორდები – ასჯერ რომ დავიბადო, ასჯერვე მასწავლებლობას ავირჩევ პროფესიად.

სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისათვის, განათლებაში 2024 წლის შეჯამების მაგიერ:

„რა გითხრათ?! რით გაგახაროთ?!“. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, მარტივი არ არის თქვენი ყურადღება სხვა თემაზე გადავიტანო, მაგრამ აუცილებლად უნდა გიამბოთ როგორ (ვერ) ვიზეიმე ახალი წელი ივლისში. დიახ, ივლისში. აღარ გახსოვს? კარგი. დავიწყოთ.

„მრავალ ახალ წელს! მერე რა, რომ ჩვენ ივლისში ვიზეიმებთ“

დასაწყისში მასწავლებელთა თოვლის ბაბუა უნდა მოვიკითხო “უპრეცედენტოდ”.

საოცარი ადამიანები ვართ მასწავლებლები და კიდევ უფრო საოცარი სამინისტრო გვყავს. თითქმის ყოველ წელს შემოაქვს “რეფორმები” და დავირაზმებით, იმართება ფუსფუსი: აბა პორტფოლიოო, გამოცდებიო, კრედიტებიო, კურიკულუმებიო, მესამე თაობის გეგმაო, აბდაო და უბდაო. და ვართ ამ მარულაში ჩაბმულნი. ერთი რეფორმის გააზრებას ვერ ვასწრებთ და მეორეს დაგვაწევენ, მეორეს დავიწყებთ, უი, ეს არ გამოგვადგა, მესამეზე გადავიდეთო და დავყავართ ასე განათლების სამინისტროს განათლების ლაბირინთებში. მკითხავთ ახლა, რატომ იკლავთ თავს, რა ძალა გადგათო? – ხელფასი, ჩემო ბატონო, ხელფასი. ადამიანები ვართ, ოჯახები გვყავს, ვალდებულებები გვაქვს და რომელი ჭკუათმყოფელი იტყვის უარს მაღალ ანაზღაურებაზე?!

გავაგრძელოთ.

მასწავლებლების სამი სტატუსი არსებობდა. დიახ, არსებობდა: უფროსი, წამყვანი და მენტორი. (ზრდადობის მიხედვით დავალაგე). რთული დასაჯერებელია ის ფაქტი, რომ მასწავლებელს საკუთარი საგნის ჩაბარება არ ნდომოდა, თუმცა აღმოჩნდა რომ ვერჩაბარებულთა რიცხვი სჭარბობდა გამოცდაჩაბარებულთა რიცხვს. სამინისტრო იმდენად ორიენტირებულია განათლების მაღალ ხარისხზე, რომ მასწავლებლებს ძალიან ბევრი აქტივობა შესთავაზა იმისთვის რომ, ვერჩაბარებული გამოცდა ჩაბარებულად ჩაეთვალა. ისე დაისტრესნენ კოლეგები, რომ დაკოპირებულ პროექტებში სახელისა და გვარის შეცვლაც კი ავიწყდებოდათ და ტვირთავდნენ ელ.სისტემაში. თვალი დახუჭა სამინისტრომ, მთავარია სტატუსები მოვიდა და ეს ყველას გვახარებდა, რადგან ამაღლებული სტატუსი, მომატებულ ხელფასთან ასოცირდებოდა.

მოვიდა ჩვენი თოვლის ბაბუა, რომელიც წერილის დასაწყისში ვახსენე, ამილახვარი და გვამცნო, ახალი წლიდან ხელფასებს უპრეცედენტოდ გიზრდითო. მოჰყვა ამას მასწავლებელთა ჟრიამული, ვისღა გვახსოვდა ახალი წელი, ზოგმა დიდჯიბეებიანი ქურთუკებიც შევიძინეთ მომატებული ხელფასების მოლოდინში. ახალი წელი კი მოვიდა, მაგრამ უპრეცედენტოდ მომატებული ხელფასები არა. ვივიშვიშეთ, ვიწუწუნეთ, ასე ვთქვით, ისე ვთქვით და ახალი წლის აღნიშვნა ივლისში გადავდეთ. რატომ ივლისში? სახელფასო ფორმულაზე ვმუშაობთ და იმდენად რთული აღმოჩნდა, ივლისამდე ვერ გამოვთვლითო. მოვიდა ნანატრი ივლისი, მაგრამ მასწავლებლების ახალი წელი მაინც არ მოჰყვა. გაგიკვირდათ? გავაგრძელოთ და დარწმუნდებით, რომ ჩვენ გაკვირვებულები კი არა, გაოგნებულები დავრჩით.

მასწავლებელთა თოვლის ბაბუა ამილახვარმა, თავისი უპრეცედენტო ფორმულით გვითხრა, რომ: ჩემთვის ყველა მასწავლებელი მასწავლებელია და მე ის თოვლის ბაბუა ვარ, მაღალი სტატუსის მასწავლებლებს ხელფასს 147 ლარით რომ ვუზრდი და შედარებით დაბალი სტატუსისას 500 ლარითა და მეტითო. უსტატუსო მასწავლებლები არც გახსენებია, უხეშად რომ ვთქვა, სათვალავშიც არ ჰყოლია და ახლა თქვენთვის მომინდვია სახელფასო ფორმულის ავკარგიანობის შეფასება.

დღევანდელი გადმოსახედიდან ჩანს, რომ ამილახვარი ბრძენი კაცი ყოფილა და იცი რატომ? ქვეყნის პრეზიდენტად უდიპლომო ფეხბურთელი (დიდი ვერაფერი) თუ შეიძლება ავირჩიოთ, ქვეყნის მართვა უდიპლომო კაცს თუ შეუძლია, გამოცდავერჩაბარებულმა მასწავლებელმა რა დააშავა, გაკვეთილს ვერ ჩაატარებსო?! ამაში ნამდვილად ვეთანხმები.

მართლადაც, რა საჭიროა განათლება, დიპლომი, მაშინ როცა ქვეყნის პირველი პირი უდიპლომოა, მაშინ როცა, საკანონმდებლო ორგანოში უდიპლომო სპორტსმენები სხედან, რთულია კი არადა, სირცხვილიც კია, დიპლომიან მასწავლებლებს 1500 ლარი დააყვედრო, მერე რა, რომ საკუთარ საგანში გამოცდავერჩაბარებულია, მინიმუმ, ბავშვობაში ფეხბურთი ყველას გვითამაშია, ჰაბიტუსიც ზედმეტად ქართული გვაქვს და დანარჩენი არც ყოფილა საჭირო.

ახლა მე და ჩემი კოლეგები ვმუშაობთ ახალ ფორმულაზე. გვინდა რომ წელიწადის 12 თვეს, მე-13 თვეც მივუმატოთ და აი, სწორედ მაშინ აღვნიშნოთ მასწავლებლებმა ახალი წელი. გგონიათ არ გამოგვივა?! ცდებით! ისეთმა ადამიანებმა უნდა დაგვიკანონონ ჩვენი ფორმულა, გვეეჭვება რომ ზედმეტი კითხვით, კი არადა თვლით შეიწუხონ თავი და ხელიც სხვების დახმარებით მოაწერონ. გვინდოდა, რომ თოვლის ბაბუა ამილახვართან გვეთანამშრომლა, მაგრამ უკვე ლაპლანდიაში დაბრუნდა და ახალ წელს ახალი თოვლის ბაბუით ვხვდებით.

ჰოდა, ახლა არც იანვარს ველოდებით და არც ივლისს. ველოდებით ახალი კანონის დამტკიცებას, რომელსაც უდიპლომო პრეზიდენტი და სპორტსმენი პარლამენტარები დაგვიკანონებენ და შემდეგ, მთელი მე-13 თვე ჩვენი, მასწავლებლების ახალი წელი იქნება. “რა გითხრათ?!რით გაგახაროთ?!”…

ასევე იხილეთ:

მოსწავლის სასკოლო აკადემიურ მოსწრებას უნივერსიტეტში ჩაბარებისას გაითვალისწინებენ – მთავრობის 4-წლიანი გეგმა ზოგად განათლებაში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური