„სკოლაში გასაუბრებიდან შოკირებული გამოვედი“ – დირექტორი ვალდებულია კომისიაში ჰყავდეს განათლების მინისტრის ახალი ბრძანებით დამტკიცებული პირები
სკოლაში მასწავლებლის, მოწვეული ან შემცვლელი მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის არსებობის შემთხვევაში გამოსაცხადებელი კონკურსისთვის აუცილებელი კომისიის შექმნის წესში ცვლილება შევიდა.
15 იანვარს გამოქვეყნებული მინისტრის ბრძანების თანახმად, კომისია, რომელიც მასწავლებლის ვაკანტურ თანამდებობაზე მსურველ პირს გაესაუბრება შემდეგი პირებისგან უნდა შედგებოდეს:
“კომისიის წევრად უნდა განისაზღვროს დამოუკიდებელი მოწვეული სპეციალისტი, ხოლო საჯარო სკოლის კომისიის წევრად აგრეთვე უნდა განისაზღვროს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) დარგობრივი დეპარტამენტის წარმომადგენელი, სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი, სსიპ – მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი და მასწავლებელთა პროფესიული კავშირის წარმომადგენელი”, – წერია გიორგი ამილახვარის ბრძანებაში.
ეს ჩანაწერი ნიშნავს, რომ სკოლა (დიქრეტორი) ვალდებულია კომისია ასეთი შემადგენლობით დააკომპლექტოს, რაც, როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, აქამდე პრობლემას წარმოადგენდა, მათ შორის თბილისის სკოლებშიც და ამის მაგალითია თბილისის კლასიკური გიმნაზიაც, სადაც სულ რამდენიმე დღის წინ, 2024 წლის 9 იანვარს გასაუბრებაზე იმყოფებოდა პედაგოგი მანანა მიქავა, რომელიც იხსენებს, რომ “გასაუბრებიდან შოკირებული წამოვიდა”.
კონკურსის მონაწილეს ვკითხეთ, ვინ ესწრებოდა გასაუბრებას და როგორ წარიმართა პროცესი:
“თქვენგან ჩამოთვლილთაგან არავინ გახლდათ. იყვნენ მხოლოდ სკოლის წარმომადგენლები, რომელთა მხოლოდ სახელები ჩამომითვალეს, გვარებიც კი არ უთქვამთ, არც თანამდებობები. რა მკითხეს არ გაინტერესებთ? – ქმარი თუ მყავს, რამდენი შვილი მყავს, თბილისში სახლი თუ მაქვს… სამ წუთში გამომიშვეს და პასუხი ასეთი მითხრეს: “ლამაზი გოგო ხართ, მაგრამ არჩევანი სხვაზე შევაჩერეთ. სად აღარ ვყოფილვარ გასაუბრებაზე და ასეთი მდაბიო გასაუბრება, გადასაკარგავი სოფლის სკოლაშიც არ მქონია, შოკირებული გამოვედი. ასე გამოვიდა, რომ შევედი, პალტო შევისწორე, სავარძელში მოვკალათდი და დირექტორმა – “მე ამოვწურე კითხვებიო…” რამდენიმე წამი შოკისგან ფეხზე ვერ წამოვდექი”, – იხსენებს EDU.ARIS.GE-სთან მანანა მიქავა.
კითხვაზე, სხვა დროს თუ ესწრებოდნენ მას ან სხვა კანდიდატებს გასაუბრებაზე განათლების სამინისტროს ან რესურსცენტრების წარმომადგენლები, ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მაგრამ კლასიკურ გიმნაზიაში ამ თემაზე დასმულ კითხვაზე უცნაური პასუხი მიიღო:
“ადრე გასაუბრებაზე სამინისტროს წარმომადგენლები სულ გვესწრებოდნენ, ზოგჯერ პროფებიც. რესურსცენტრი არ მახსენდება არსად. კლასიკურ გიმნაზიაში რომ ვიკითხე, რატომ არ გვესწრებოდნენ სამინისტროს წარმომადგენლები, მიპასუხეს: “ორი ექსპერტის გარდა ვერ დავაკონტრაქტეთ და შეიძლება სხვა კანდიდატთან გასაუბრებას ესწრებოდნენო”.
განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის: მინისტრის ბრძანება
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება