GE

„გაზრდილ ხელფასთან ერთად, განათლების სამინისტრომ მასწავლებელს მეტი უნდა მოსთხოვოს“ – მოსწავლეთა მშობლების მოლოდინები

„თუ სწავლების ხარისხი არ გაუმჯობესდება და მშობლებს კვლავ მოგვიწევს, რომ შვილები 6 წლიდან რეპეტიტორებთან ვატაროთ, ვერ ვიტყვით, რომ ეს გადაწყვეტილება ყველასთვის სასარგებლო იყო“, – ასე აფასებს EDU.ARIS.GE-სთან მთავრობის მიერ მასწავლებელთა მზარდი სახელფასო პოლიტიკის დაანონსებას ორი მოსწავლის მშობელი ეთო რაზმაძე.

მიიღებს თუ არა მთავრობის მიერ გამოცხადებული „უპრეცედენტო გადაწყვეტილებით“ პირდაპირ სარგებელს მოსწავლის მშობელიც, ამის ცალსახად თქმა ჩვენ მიერ გამოკითხულ მშობლებს უჭირთ, თუმცა დამსახურებულ მოლოდინებსა და სკოლების მიმართ გაჩენილ მოთხოვნებზე თამამად გვესაუბრებიან.

პრემიერი: 2024 წელს მასწავლებლების ხელფასი სრული დატვირთვის პირობებში, საშუალოდ, 500 ლარით და მეტით გაიზრდება

საკითხის აქტუალობა კიდევ უფრო გაზარდა 18 დეკემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებამაც, რომ მთავრობა მასწავლებელთა ფინანსურ წახალისებას გააგრძელებს:

„მთავრობის ახალი, უპრეცედენტო გადაწყვეტილების შემდეგ კი, მასწავლებლის ხელფასი გახდება 1700-1800 ლარი და მეტი. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ კიდევ უფრო დაფასდეს მასწავლებლის ღვაწლი და მათი წახალისება გაგრძელდება მომავალში, ისევე, როგორც კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, რომელზეც ახალი მინისტრი აქტიურად მუშაობს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

2024 წელს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის დამატებით გამოიყოფილი ნახევარი მილიარდი ლარიდან 160 მილიონი ლარი რომ მასწავლებლების ხელფასების ზრდას მოხმარდება, როგორც გავაკვიეთ, ახარებთ მოსწავლეთა მშობლებსაც, თუმცა ელიან, რომ მზარდი ხელფასის პარალელურად, სკოლაში სწავლების ხარისხმაც უნდა მოიმატოს, სხვა შემთხვევაში, პოზიტიური ცვლილება მათსა და მათ მოსწავლე შვილებზე არ და ვერ აისახება.

ეთო რაზმაძე, რომელიც მე-10 და მე-5 კლასელი მოსწავლეების დედაა, მთავრობის გადაწყვეტილებას სასიამოვნო სიახლეს უწოდებს და აქვე ამატებს, რომ შედეგის მისაღებად ეს პროცესის მხოლოდ დასაწყისია, რადგან აქვს კითხვა – რამდენად საკმარისი იქნება სახელფასო მატების გადაწყვეტილება საჯარო სკოლებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის და გადაწევს თუ არა უკანა პლანზე რეპეტიტორის ინსტიტუტის აუცილებლობა ზოგადი განათლების მიღების პროცესში.

„მე პირადად, მივესალმები პედაგოგების ანაზღაურების მატებას, ბევრი მათგანი იმდენ შრომას დებს სწავლებაში, რომ ნამდვილად იმსახურებს ღირსეულ ანაზღაურებას, თუმცა ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში სწავლის ხარისხიც უნდა გაიზარდოს და ამ სასიამოვნო გადაწყვეტილებას კიდევ მოჰყვეს სხვა სასიამოვნო გადაწყვეტილებებიც. მხოლოდ ხელფასების მატება არ არის გამოსავალი“, – ამბობს მშობელი.

იმისთვის, რომ ახალ სახელფასო პოლიტიკას მოსწავლეთა შედეგებზე დადებითი გავლენა ჰქონდეს, მშობელი პასუხისმგებლობას უშუალოდ სკოლის პედაგოგებსაც აკისრებს, ვინაიდან თვლის, რომ გაზრდილმა ანაზღაურებამ პედაგოგთა სასკოლო პროდუქტიულობაზეც ადეკვატურად უნდა იმოქმედოს და ნაკლებად დაკავდნენ კერძო მოსწავლეების აყვანით.

„ვიმედოვნებ, რომ ხელფასის მატება ერთგვარი სტიმული აღმოჩნდება პედაგოგებისთვის და კერძო მოსწავლეების აყვანისთვის არც სურვილი ექნებათ და არც დრო. პირადად ჩემი შვილების მაგალითზე გეტყვით, პანდემიის დროს ჩავარდნილი წლების გამოსწორებაზე მათი მასწავლებლები არ ფიქრობენ და ამიტომ, საკუთარი რესურსითა და ფინანსებით მიწევს ამ ხარვეზის გამოსწორება – შვილებისთვის ზოგადი განათლების მიცემა. გარდა ამისა, ვფიქრობ, არ იქნება ურიგო, თუ აბიტურიენტებისთვის სკოლაში უფრო მეტი საათი გამოიყოფა. როცა მასწავლებლის ხელფასი ასე მნიშვნელოვნად იზრდება, ალბათ, საქმეც უნდა მოემატოთ“, – ამბობს მშობელი.

ჩვენი მეორე რესპონდენტი მრავალშვილიანი მამაა და ელის, რომ მასწავლებლებისთვის ხელფასების მატება სკოლაში სწავლების ხარისხს გააუმჯობესებს, რადგან გაზრდილი ხელფასების პირობებში, მასწავლებლები საკუთარ თავს უფრო მეტს მოსთხოვენ.
შალვა ლიპარიშვილის ექვსივე შვილი საჯარო სკოლაში სწავლობს – დაწყებით და საბაზო საფეხურზე. მის ოჯახს რეპეტიტორების ინსტიტუტით ჯერ არ უსარგებლია და დიდი იმედი აქვს, რომ ასეც გაგრძელდება.

„ვფიქრობ, გაზრდილი ხელფასი პედაგოგებს მოტივაციას უფრო აუმაღლებს. სისტემა მოსთხოვთ თუ არა, რომ მაქსიმალურად დაიხარჯონ, ეს მე არ ვიცი. თვითონ პედაგოგები მოსთხოვენ საკუთარ თავს მეტს. პირადად მე, პედაგოგების კეთილსინდისიერების იმედი მაქვს. მასწავლებლები ნადვილად იმსახურებდნენ გაზრდილ ხელფასებს. ახლა მთავარია, სხვა პრობლემებზეც ვიფიქროთ“, – აღნიშნავს მშობელი.

EDU.ARIS.GE-მ ჩაწერა რესპონდენტი, რომელიც მოსწავლის მშობელიც არის და ამავდროულად რეპეტიტორიც. ვერა სოხაძე ღიად გვეუბნება, რომ ყოველგვარი კვლევების წაკითხვის გარეშეც იცის – სკოლებში სწავლის დონე ძალიან დაბალია და შესაბამისად, განათლების სამინისტრომ, ხელფასების ზრდის პარალელურად, „პედაგოგებს მეტი უნდა მოსთხოვოს“.

„თაობები ძალიან მძიმე გამოწვევების წინაშე დგანან, აქ საუბარი არ არის მხოლოდ იმაზე, ჰყოფნით თუ არა მათ ცოდნა ერთიანი ეროვნული გამოცდების შესასრულებლად. მხოლოდ გამოცდისთვის ხომ არ ვსწავლობთ?! მასწავლებლის კვალიფიკაციის საკითხიც გადასახედია და სასკოლო საათობრივი ბადეც. არ შეიძლება, აბიტურიენტისთვის კვირაში მხოლოდ თითო-ოროლა გაკვეთილი იყოს გამოყოფილი“, – ამბობს გამოცდილი რეპეტიტორი.

როგორც მშობელი, ის სკოლაში სამინისტროსგან სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსაც მოელის, მაგრამ უჭირს თქვას, ამ ეტაპზე რა სარგებელს მიიღებენ მშობლები მასწავლებელთა სახელფასო პოლიტიკის ცვლილებით.

„ვფიქრობ, თუ რეპეტიტორების ინსტიტუტის შესუსტებასაც უკავშირდება ეს გადაწყვეტილება, მეტი ცვლილებები იქნება საჭირო. ეს, უფრო სკოლის პედაგოგების დასაფასებლად და თავის მოსაწონებლად მიღებული გადაწყვეტილება მგონია. მივესალმები პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდას, თუმცა შედეგებზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა“, – დასძენს ვერა სოხაძე EDU.ARIS.GE-სთან.

ასევე იხილეთ:

„XII კლასში მოსწავლეთა ეროვნული განმსაზღვრელი შეფასების სისტემა 2027 წლიდან ამოქმედდება“ – მინისტრი უკვე უმაღლესში ჩარიცხვის ახალ წესზე საუბრობს

ავტორები: მზეო შველიძე, edu.aris.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური