„XII კლასში მოსწავლეთა ეროვნული განმსაზღვრელი შეფასების სისტემა 2027 წლიდან ამოქმედდება“ – მინისტრი უკვე უმაღლესში ჩარიცხვის ახალ წესზე საუბრობს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 12 დეკემბერს წარდგენილი ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციის დოკუმენტში ერთი გვერდი ეთმობა ეროვნული შეფასების საკითხს და განმარტებულია, რომ “ახალი მიდგომა გულისხმობს სკოლის ანგარიშვალდებულებას არა პროცესების ადმინისტრირებასთან, არამედ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სწავლის შედეგებთან მიმართებაში და ახალი მოდელის დანერგვის მიზნით, შემუშავდება მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების შეფასების სისტემა ყოველი საფეხურის ბოლოს”.
სკოლის საატესტატო გამოცდების დაბრუნების საკითხზე განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა
პრეზენტაციის თანახმად, ზემოაღნიშნული შეფასების სისტემა თავის თავში გულისხმობს შემდეგს: მე-6 და მე-9 კლასებში განმავითარებელი ხასიათის შეფასება, ხოლო მე-12 კლასის ბოლოს, შეფასდება მოსწავლის მიღწევები საშუალო საფეხურზე.
ეს ყოველივე მოსწავლის სკოლიდან უმაღლეს სასწავლებელში ტრანზიციას ემსახურება, პროცესი გაწერილია 2-3 წელიწადზე და როგორც გიორგი ამილახვარმაც განმარტა, პილოტირებისა და დანერგვის ეტაპებს მოიცავს:
“ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ დღეს სკოლებში აუცილებელია, შემოვიღოთ, დავაბრუნოთ ე.წ. ეროვნული შეფასება. ეს მნიშვნელოვანია ერთის მხრივ, რომ თავად მასწავლებელმა იცოდეს, თუ რა შედეგებზე გადის ის; ეს მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის, თავად სკოლის ხელმძღვანელისთვის და, რაც მთავარია, ეს მნიშვნელოვანია განათლების სამინისტროსთვის, სისტემისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის.
“ამიტომ, უკვე აქტიურად გვაქვს დაწყებული აღნიშნული პროცესი და ჩვენ პირველ ეტაპზე გვინდა, რომ მე-6 და მე-9 კლასებში შემოვიღოთ ე.წ სადიაგნოსტიკო შეფასებები, რომელიც სისტემას მისცემს ნათელ სურათს, თუ როგორ ვითარდება, რა გაუმჯობესება და დახვეწა სჭირდება და მე-12 კლასში ეს უკვე იყოს განმსაზღვრელი შეფასება, რასაც ჩვენ ვეძახით – ბავშვის ტრანზიციას სკოლიდან, ზოგადი განათლებიდან უმაღლეს განათლებაში თუ პროფესიულ განათლებაში; ესეც, ბუნებრივია, იქნება მოაზრებული ცვლილება და ჩვენ საზოგადოებას შევთავაზებთ სრულიად ახალ, საერთაშორისო პრაქტიკაზე ადაპტირებულ ჩარიცხვის პროცესს. თუმცა აქვე, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს მოხდება პილოტირებით. VI-IX კლასის პილოტირება დაიწყება 2025 წლიდან, 2026 წელს დაიწყება მე-12 კლასის პილოტირება და სრულად ეს სისტემა ამოქმედდება 2027 წლიდან”, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.
ნიშნავს თუ არა მინისტრის ზემოაღნიშნული განცხადება, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები გაუქმდება, ამ საკითხზე პრეზენტაციის შემდეგ მინისტრს განმარტების გაკეთება მოუწია, სადაც თქვა: “ახლა, ამის ასე დაანონსება, რომ ეროვნული გამოცდები გაუქმდება, ეს არ არის ასე. უბრალოდ, ჩვენ ვთქვით, რომ ამაზე დავიწყეთ მუშაობა, ჯერ სკოლის შეფასება და შემდგომ უკვე იქნება სკოლიდან ტრანზიციის მოდელი”.
როგორც ცნობილია, დღეს საჯარო სკოლებს აქვთ უფლება, სურვილის შემთხვევაში, თავად ჩაატარონ შიდა სასკოლო საფეხურის დამამთავრებელი გამოცდა, თუმცა დამამთავრებელ კლასებში მოსწავლის ცენტრალიზებულად შეფასება ე.წ. კატის გამოცდების გაუქმების შემდეგ, სკოლებში აღარ ხორციელდება.
ცნობისთვის, პირველად, გიორგი ამილახვარმა სკოლაში ეროვნული შეფასების დაბრუნებაზე 2023 წლის მაისში ისაუბრა.
ამავე თემაზე:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება