GE

GRUNI-სა და ტეხასის A&M უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, TESOL პროგრამის მეშვიდე ნაკადი გაიხსნა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, ტეხასის A&M უნივერსიტეტთან წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ინგლისური ენის მასწავლებლებისათვის TESOL პროგრამას აგრძელებს.

უნივერსიტეტის მიერ 11 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, პროგრამა გრუნის სკოლების გაძლიერების პროექტის ფარგლებში ხორციელდება, მეშვიდე ნაკადში კი ჩართულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 10 მასწავლებელი, რომლებმაც პროფესიული გადამზადებისათვის გრუნის სრული დაფინანსება მიიღეს.

TESOL პროგრამის მეშვიდე ნაკადისათვის შეირჩა როგორც Access პროგრამის მასწავლებლები (აშშ-ის საელჩოს რეკომენდაციით), ისე საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

10 ნოემბერს, შერჩეულ მონაწილეებსა და ტეხასის A&M უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის პირველი ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

ტეხასის A&M უნივერსიტეტიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: იოკ ჰანსონი – პროგრამის კოორდინატორი; ლინდა როდრიგესი – ენათა ცენტრის ხელმძღვანელი.

შეხვედრას ფასილიტაციას უწევდა გრუნის უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი ანა აბესაძე. შეხვედრას ესწრებოდა TESOL პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებული ნატო ჯავახია, რომელმაც ახალ მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

გრუნის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ, მადლობა გადაუხადა ტეხასის A&M უნივერსიტეტს მრავალწლიანი, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და TESOL პროგრამის მონაწილეებს წარმატება უსურვა.

პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს და შესაძლებლობას, მიღებული ცოდნა ქართულ სკოლებში გაავრცელონ.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა, 2022 წლის 31 აგვისტოს, ტეხასის A&M უნივერსიტეტთან გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი, რაც მიზნად საგანმანათლებლო პროცესის ინტერნაციონალიზაციასა და აკადემიური ხარისხის განვითარებას ისახავს.

აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს გრუნის მორიგ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ზოგადსაგანმანათლებლო სექტორისადმი და ნათლად ასახავს უნივერსიტეტის გრძელვადიან ვალდებულებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისათვის.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური