GE

უცხოეთიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის გამოცდა 3 სექტემბერს ჩატარდება

შეფესაებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) მიერ დღეს, 26 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაციით, უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის გამოცდა 3 სექტემბერს ჩატარდება.

NAEC-ის ცნობით, ტესტირების გასავლელად გამოსაცდელები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ქ. თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9) უნდა გამოცხადდნენ – რეგისტრაცია 11:00 საათზე, გამოცდა კი 12:00 საათზე დაიწყება.

ტესტირების ხანგრძლივობა 2 საათი და 30 წუთია.

გამოცდაზე დაგვიანების შემთხვევაში გამოსაცდელი ტესტირებაზე აღარ დაიშვება.

მონაწილემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი, სურვილის შემთხვევაში კი, წყალი პლასტმასის ბოთლით (0,5 ლ).

იხილეთ ტესტის ნიმუში

საგამოცდო ტესტი შედგება 3 ნაწილისგან:

  • წაკითხულის გააზრება;
  • ლოგიკური მსჯელობა;
  • რაოდენობრივი მსჯელობა.

თითოეულ ნაწილში გაერთიანებულია 15 არჩევითპასუხებიანი ტესტური დავალება. შესაბამისად, ტესტი სრულად შედგება 45 არჩევითპასუხებიანი ტესტური დავალებისგან. თითოეულ დავალებას აქვს 5 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთი არის სწორი.

თითოეულ ტესტურ დავალებაზე გაცემული სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი – 0 ქულით.

გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას.

შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე naec.ge იმ პაროლის გამოყენებით, რომელსაც გამოცდის დღეს ცენტრის თანამშრომელი გადასცემს მონაწილეს.

გამოცდის პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე გამოსაცდელს შეუძლია, ცენტრს საპრეტენზიო განაცხადით მიმართოს გამოცდის დღის 20:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, ე. მინდელის N9.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური