GE

„ლამის ბოდიში მოვიხადო იმაზე, რომ გავბედე და გავხდი სერტიფიცირებული პედაგოგი“

მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში განხორციელებულ ცვლილებებს პედაგოგები დადებითად აფასებენ, თუმცა შენიშვნები აქვთ. რას ეხება მათი შენიშვნები, რას ფიქრობენ გამოცდის ბარიერის დაწევაზე, ასევე მასწავლებლის სკოლიდან გაშვების პასუხისმგებლობის მთლიანად დირექტორისთვის გადაბარებაზე, ამის შესახებ ისინი EDU.ARIS.GE-ს ესაუბრებიან.

კომაროვის სკოლის ქიმიის წამყვანი  მასწავლებლის ლიანა ინწკირველის თქმით, ახალი სქემა უფრო გამარტივებულია და, როგორც თვითონ ამბობს, სიბრძნეც სიმარტივეშია.

„მე მომწონს, რომ ეს სქემა არ გაძლევს მოდუნების საშუალებას და ყოველთვის ზრუნავ განვითარებაზე. რაც გაკვეთილის ჩატარებას ეხება, გარე იქნება თუ შიდა შეფასება, ყველაფერში მივიღებ დიდი სიამოვნებით მონაწილეობას. 4 წლის განმვლობაში ვგეგმავ წამყვანის სტატუსის შესანარჩულებლად 17 კრედიტი დავარგოვო. მე არ ვიცი, წინა სქემა რამდენად იყო სქემა. წელს გაცილებით მარტივია. საერთოდ სიმარტივეში არის სიბრძნე. რაც შეეხება მენტორობას, მაინცდამაინც რომ გითხრათ, დიდი სურვილი მაქვს მენტორად გახდომის თქო, არა. ზოგადად, ეს სქემა ჩემთვის მისაღებია“, – აღნიშნა ლიანა ინწკირველმა.

ფიზიკის მასწავლებელმა, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარების სკოლიდან, ნესტან მიქაძემ სქემის შეფასებისას გვითხრა, რომ უფროსი მასწავლებლის სტატუსი რომ მიიღოს პრაქტიკოსმა, გაცილებით ნაკლები აქტივობებია სქემაში გაწერილი, ვიდრე წამყვანი რომ გახდეს და კარგი იქნება, თუ ეს შეზღუდვა მოიხსნება.

unnamed„შეიძლებოდა უფრო მრავალფეროვანი აქტივობები ყოფილიყო. მე, პირადად, ვარ პრაქტიკოსი მასწავლებელი. ჩაბარებული მაქვს საგანი. დავდივარ უნარების ტრენინგებზე. ვალდებული ვარ, უნარების გამოცდაზე გავიდე, მიუხედავად იმისა, აქედან 5 კრედიტი მექნება თუ არა. ეგ გასაგებია, გავალ გამოცდაზე და მივიღებ კრედიტს. მაგრამ  არის კიდევ აქტივობები, რომლის საშუალებითაც მე შემიძლია მივიღო კრედიტები, მაგრამ წამყვანი მასწავლებელი რომ გახდეს უფროსი, იქ უფრო მეტი აქტივობებია. აქ შეზღუდულია. მე რომ რესურსი ავტვირთო წელს მაგალითად, კრედიტი არ მომენიჭება. ფიზიკას ვასწავლი და ციფრულ რესურსებს ვაკეთებ ფიზიკაში. ლაბორატორიები ხომ არ არის სკოლაში?! ჩემს შექმნილ  ანიმაციებსაც ვიყენებ გაკვეთილებზე. ეს დიდ  შრომას მოითხოვს. შეიძლებოდა ამაში ქულა მიგვეღო.

„სქემის მიხედვით, 0,5 კრედიტი ენიჭება პედაგოგს კოლეგებთან, მინიმუმ, 3 სამუშაო შეხვედრის ჩატარების შემთხვევაში. მე, პირადად, წალკაში ვატარებ სემინარებს. მაინტერესებს, მე შევფასდები როგორც ორგანიზატორი და როგორც მონაწილე? ეს ვერ გავარკვიე ზუსტად. სემინარი იმდენად შრომატევადია, ბევრ სკოლასთან  მაქვს კავშირი, წელიწადში 2-იც შრომატევადია და გამოდის, კიდევ სხვა სახის სამუშაო შეხვედრა უნდა დავგეგმო, 0,5 კრედიტქულა დავაგროვო?!

„ასევე, უფროსი და წამყვანი მასწავლებელი კონფერენციაში მომხსენებლად გამოსვლის შემთხვევაში მიიღებს 1 კრედიტს, იგივე შეიძლებოდა შეეთავაზებინათ პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის. უფროსი და წამყვენი მასწავლებლებისთვის უფრო დიდია აქტივობების ჩამონათვალი.

„საერთოდ, ამდენი გზის შეთავაზებას მივესალმები მასწავლებლებისთვის. უფროსი მასწავლებელი თუ გახდი, საჭირო კრედიტები კი უნდა დააგროვო მის შესანარჩუნებლად. საკლუბო მუშაობა არის თუ საწრეო, კიდევ ბევრი სხვა აქტოვობა, ამას თუ არ აკეთებ პედაგოგი, არც გეკუთვნის წინსვლა. ანუ მისაღებია სტატუსის ასამაღლებელი გზები ჩემთვის“, – აღნიშნა ნესტან მიქაძემ.

ჩვენს კითხვაზე, როგორ იმოქმედებს გამოცდისთვის ბარიერის მოხსნა პედაგოგებზე, ფიზიკის მასწავლებელი გვპასუხობს, რომ უფრო კორექტულია, ჩაჭრილი რომ აღარ ერქმევა მასწავლებელს.

„ბარიერიც რომ არ მოხსნილიყო, მასწავლებელმა საგანი მაინც უნდა ჩააბაროს. საბოლოოდ ისე დაიხვეწა სქემა, წინსვლისთვის პედაგოგს რამდენიმე ალტერნატივა აქვს, მაგრამ ბევრი მუშაობა მოუწევს მასწავლებელს, უფროსის სტატუსი რომ მიიღოს. მარტივი არ არის გამოცდის გარეშე კრედიტების დაგროვება. ჩაჭრილი არ ჰქვია უბრალოდ. პედაგოგი ისე წინ ვერ წავა, თუ არ იმუშავებს საკუთარ თავზე, უფრო კორექტულად არის ახლა.

არიან მასწავლებლები, რომლებიც  გამოცდაზე  არ გავლენ. უბრალოდ, სანამ გააჩერებენ, იქნებიან სკოლაში. არიან ისეთი პედაგოგები, რომლებსაც უნდათ წინსვლა, მაგრამ გამოცდის ჩაბარება უჭირთ. ამიტომ უხარიათ, 4 ან 7  კრედიტს მაინც მიიღებენ და დანარჩენს   აქტივობებით შეავსებენ. ადამიანს როცა წინსვლა სურს, უნდა შეუწყო ხომ ხელი?“ – გვითხრა ფიზიკის მასწავლებელმა.

როგორც ცნობილია, ახალი სქემა არ გაუშვებს პედაგოგს სკოლიდან,  როგორც ეს სქემის ძველ ვარიანტში იყო. ეს პასუხისმგებლობა დირექტორზე გადავიდა.  ნესტან მიქაძე ამბობს, რომ დირექციამ უფრო იცის, როგორ მუშაობს  პედაგოგი.

„ძალიან კატასტროფულად არ ვუყურებ ამ საკითხს. ტრაგედია არ არის, თუ არ გაუშვებს მასწავლებელს სკოლიდან. უბრალოდ  ის დარჩება პრაქტიკოსი. მასწავლებელი უნდა მუშაობდეს  თემატური და  გაკვეთილის გეგმების  საშუალებით. უნდა ატარებდეს კარგ გაკვეთილს და რაც მთავარია, უნდა უყვარდეს მოსწავლეებს“, – აღნიშნა ფიზიკის მასწავლებელმა.

unnamed (2)აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სახელმწიფო პროგრამის ,,ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილე,  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. სამთაწყაროს საჯარო სკოლის გეოგრაფიის წამყვანი, კონსულტანტ-პედაგოგი, მეცნიერებათა დოქტორი ლიანა მამულაშვილი ამბობს, რომ სკოლის დირექტორები  ძალიან შეზღუდულები არიან. თუ ზემოდან არ წამოვიდა ამაზე მითითება/ბრძანება, არაფერი არ გამოვა და ვივლით ,,ჯადოსნურ წრეზე“.

„დირექტორი ვერ გაუშვებს მასწავლებელს სკოლიდან, რადგან სოფლებში დირექტორები, ძირითადად,  ადგილობრივები არიან. თითქმის ყველა ნაცნობია, ნათესავია. რომ გაუშვა სკოლიდან პედაგოგი, ჩათვალე, რომ ის უკვე მოსისხლე მტრად გაგიხდა. ეს ნათქვამი ნამდვილად არ არის გაზვიადებული. მახსოვს, ერთი ნაცნობი დირექტორი წუხდა  და თავის ერთ-ერთ პედაგოგზე ამბობდა: ,,მისი გაშვება მინდა სკოლიდან, მაგრამ შეიძლება ვენახები გადამიწვას და ამიტომაც თავს ვიკავებო“.  ამდენად, დირექტორი ვერაფერსაც ვერ გააკეთებს. როდესაც ზემოდან წამოვა მითითება/ბრძანება, ის უკვე თავს გაიმართლებს და იტყვის: ,,მე არაფერ შუაში ვარ. რა ვქნა, მევალება და ამას იმიტომ ვაკეთებო“.

თუ უნდათ, რომ სკოლები დაკომპლექტდეს კვალიფიციური კადრებით, რაც უკვე წინაპირობაა  სასწავლო პროცესის გაჯანსაღებისა, ქვემოდან ნუ ელოდებიან ვითარების გამოსწორებას. ერთდროულად, ზემოდანაც და ქვემოდანაც შეიძლება შეთანხმებულად ამის მოგვარება. ესეცაა, რომ ძალიან ბევრი დირექტორი თვითონ არ არის სერტიფიცირებული. არასერტიფიცირებული პედაგოგი მოუბრუნდება მას  და სამართლიანად ეტყვის: ,,მე რომ მიშვებ სკოლიდან, შენ კი ხარ  სერტიფიცირებული?!“, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს ლიანა მამულაშვილმა.

გეოგრაფიის წამყვანი პედაგოგი სქემაში განხორციელებულ სხვა ცვლილებებსაც აფასებს:

unnamed (1)„ჩემთვის ცოტა ბუნდოვანია გამოცდის ბარიერის მოხსნის საკითხი. ბარიერი  ადრე იყო 43 ქულა (მოგვიანებით  კი ზღვარი დაწიეს) და თუ უნარების გამოცდაც ჰქონდა პედაგოგს ჩაბარებული, ბარიერის გადალახვის შემდეგ ამ საგანში სერტიფიცირებულად ითვლებოდა. ახლა ვერ გაიგებ – მასწავლებელი გამოცდას რომ ჩააბარებს, იქნება თუ არა ამ საგანში სერტიფიცირებული? შეიძლება ის ქულები კრედიტებად ჩაეთვალოს, მაგრამ მაინც უნდა იყოს ბარიერი, რომლის გადალახვის შემდეგ ის უკვე სერტიფიცირებულად ჩაითვლება და სტატუსი მიენიჭება.

„რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? პედაგოგი, როცა სერტიფიცირებულად ითვლება, ამ საგნის სწავლებისას მას უკვე დანამატი ეძლევა. კრედიტების მიხედვით კი არ ეძლევა ხელფასზე დანამატი ანუ მხოლოდ სტატუსის მიხედვით ეძლევათ პედაგოგებს  დანამატი და არა კრედიტქულებით, რომელიც, რა თქმა უნდა, თავის მხრივ, საჭიროა სტატუსისთვის. პროცესი კი დროში იწელება.

„შიდა შეფასება კი კონკურენტუნარიანიც არის და სამართლიანიც. არავინ არავის შეაფასებს დადებითად, თუ მართლა შიგნით არ დაინახა ის სიკეთე, როგორიცაა: მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, გაკვეთილის სწორი დაგეგმვა და ა.შ. გარე დაკვირვება კი არ არის ბოლომდე დამტკიცებული“, – აღნიშნა გეოგრაფიის მასწავლებელმა.

ლიანა მამულაშვილი თვითონ სქემაში პრობლემებს ვერ ხედავს. მისი თქმით, პედაგოგების ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ტექნოლოგიებს ვერ ფლობენ. მით უმეტეს სოფლის მასწავლებლები იმდენად არიან ოჯახური მეურნეობებით დაკავებულები, ვეღარ იცლიან საკუთარ თავზე საზრუნავად. ასევე მათი ტრენინგებზე დასწრებაც გართულებულია.

„განა ისაა პრობლემა, რომ ისინი თავიანთ საგანში  ძლიერი პედაგოგები არ არიან, ან კვალიფიციურობა აკლიათ?! რატომღაც თანამედროვე ტექნოლოგიებს ვერ მოერგნენ. დრო ვერ გამონახეს ამისთვის.

„ასევე, პროფესიული განვითარების ხელშემშლელი პროცესია ტრანსპორტირებაც. როდესაც ტრენინგის ჩატარება დაგეგმილია რაიონულ ცენტრში, რომელიც, დაახლოებით, 60 კილომეტრითაა  სოფლიდან დაშორებული, პედაგოგები დილით ტრენინგზე დასასწრებად ახერხებენ  ჩასვლას, მაგრამ უკან წამოსვლის საშუალება აღარ აქვთ, რადგან ყველა სამარშრუტო ტაქსი უკვე წამოსულია სოფლისკენ. ამიტომაც ისინი იძულებულები არიან, უარი თქვან დაგეგმილ ტრენინგებზე. ეს ყველაფერი კი ძალიან ართულებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროცესს.

„ხომ შეიძლება დისტანციურად ხდებოდეს დატრენინგება? ყველა სკოლაში გამართულად ფუნქციონირებს ისტ-ის კაბინეტები (რაც უდავოდ რეფორმის დიდი გამარჯვებაა). ამ მხრივ, მასწავლებლის სახლმა, რომ შეიმუშაოს რაიმე პროგრამები ყველა მასწავლებლისთვის, ეს ძალიან დიდი დახმარება იქნებოდა.

„მინდა  თქვენი ყურადღება კიდევ ერთ პრობლემაზე გავამახვილო. დიდი ზეწოლის ქვეშ ვართ ყველა მხრიდან თვითონ სერტიფიცირებული მასწავლებლები და ლამის ბოდიში მოვიხადო იმაზე, რომ გავბედე და გავხდი სერტიფიცირებული პედაგოგი. გული მწყდება,  როდესაც თვითონ მინისტრის სტატიებს ვკითხულობ. ისეა წარმოჩენილი ყველაფერი, თითქოს ჩვენ, სერტიფიცირებულები ვავიწროვებთ არასერტიფიცირებულებს. შეიძლება ერთეული შემთხვევები მართლა იყო, მაგრამ ყველა ,,ერთ ქვაბში არ უნდა ვიხარშებოდეთ“, – აღნიშნა ლიანა მამულაშვილმა.

როგორც ვნახეთ, ჩვენი რესპონდენტები მთლიანობაში ახალ სქემას ბევრად გამარტივებულად მიიჩნევენ, რაც შეეხება მცირედ ხარვეზებს, მათი თქმით, ისინი მხოლოდ მუშაობის პროცესში შეიძლება გამოჩნდეს. როგორც გეოგრაფიის მასწავლებელი ლიანა მამულაშვილი ამბობს,  თვითონ პედაგოგი უნდა იყოს მოწოდების სიმარლეზე. მას გადაწყვეტილი უნდა ჰქონდეს  სკოლაში დარჩენა და აუცილებლად ზრუნავდეს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე.

„სქემის წარმატებულობა მხოლოდ და მხოლოდ ამაზეა დამოკიდებული, თორემ თვითონ სქემა, ვფიქრობ ძალიან მოქნილია. მაგრამ 60 – ათასი ადამიანი რამდენად არის მოტივირებული და რამდენად აქვთ სურვილი, რომ შეძლონ  ერთი და იგივე სქემაზე მორგება,  ხომ გესმით, ეს ინდივიდუალურია და მომავლის საქმეა“, – გვითხრა ლიანა მამულაშვილმა.

„განახლებული სქემით პედაგოგის გამოცდა სრული უაზრობა გახდა, სისტემა მოტივაციას ამცირებს“

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური