GE

„განახლებული სქემით პედაგოგის გამოცდა სრული უაზრობა გახდა, სისტემა მოტივაციას ამცირებს“

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განათლების სფეროს წარმომადგენლები კვლავ ბევრ პრობლემას ხედავენ. გამოცდისთვის ბარიერის მოხსნა, მასწავლებლის სკოლიდან გაშვების პასუხისმგებლობის მთლიანად დირექტორზე გადაცემა, გამოცდის გარეშე დამატებითი აქტივობებით კრედიტქულების იოლად დაგროვების საფრთხე, – ეს ის პრობლემებია, რომლებიც ექსპერტების თქმით, ახალ სქემაში არსებობს.

ჩვენ განათლების სპეციალისტებს შეცვლილი სქემის შესაფასებლად მხოლოდ ერთი კითხვა დავუსვით, თუ რა პრობლემებს ხედავენ ახალ სქემაში.

სიმონ ჯანაშია. განათლების მკვლევარი:

„ძირითადი პრობლემები, რომელიც ჰქონდა ძველ სქემას, დარჩა და ეს ცუდია. ამასთან ერთად ახალი პრობლემებიც გაჩნდა. ძველი პრობლემები რაც დარჩა ისაა, რომ რა აქტივობებსაც თხოვენ მასწავლებელს, მაინცდამაინც მასწავლებლის განვითარებასთან ახლოს არ არის. თუ მასწავლებელი უკვე განვითარებულია, ის არ ტვირთავს თავს,  იმიტომ რომ მოუწევს ბევრი ქაღალდის სამუშაოს შესრულება. თუ გაგრძელდება სქემის ადმინისტრირება ისე, როგორც იყო, – უამრავი ადმინისტრაციული პრობლემა ჰქონდა, მაგალითად, სახლიდან ვერ ავსებდნენ დოკუმენტებს, მაინცდამაინც სკოლიდან უნდა გაეკეთებინათ, ვადები იყო შემჭიდროვებული და ა.შ. – იყო ბევრი ადმინისტრაციული საქმე და ნაკლები ძირითადი საქმე, რაც მასწავლებელს უნდა მოეთხოვებოდეს, რომ ის ვითარდებოდეს.  პრინციპში, მასწავლებელს კრედიტს არ უწერენ ძირითადი საქმიანობისთვის, კარგად გაკვეთილის ჩატარებისთვის. უწერენ  ყველაფრის კარგად აღწერისთვის, რაც არის აცდენა.

ძირითადი პრობლემა ისიცაა, რომ მასწავლებლების ინტერესი არ არის გათვალისწინებული. ანუ მოთხოვნა არ ყოფილა მასწავლებლებისგან, არის ზემოდან და მასწავლებლები ასრულებენ ამას ორი მიზეზის გამო: ერთი, რომ მოთხოვნაა და თუ არ დააკმაყოფილებენ, პრობლემები შეექმნებათ და მეორე არის ის, რომ თუ დააკმაყოფილებენ, მეტ ხელფასს მიცემენ. თორემ შინაგანი ინტერესი არ აქვთ, რომ რაღაცები აკეთონ.

ახალი პრობლემები ისაა, რომ ისედაც გართულებული იყო მასწავლებლების გაშვების სისტემა სკოლიდან. ეს იწვევს იმას, რომ მასწავლებლები დიდი ხნით შემოდიან სისტემაში და დიდი ხნით რჩებიან, მიუხედავად იმისა, წარმატებულები არიან და ვითარდებიან თუ არა.

ერთადერთი ინსტრუმენტი – ამის დასაჩქარებლად რაც იყო მოფიქრებული – გამოცდა,  გახდა არასავალდებულო.  რიტორიკის დონეზე კი საუბრობენ, რომ გამოცდაზე გასვლა სავალდებულოა, თუმცა თავად მისი მნიშვნელობა გაუგებარია. რატომ არის საერთოდ გამოცდაზე გასვლა სავალდებულო, გაუგებარი გახდა. რაც შეიძლება უკმაყოფილებასაც იწვევდეს მასწავლებლების ნაწილში. თუ მასწავლებელმა იცის, რომ ვერ აბარებს გამოცდას და მაინც იძულებულია, რომ გავიდეს, მაშინ გაუგებარი ხდება, რა დანიშნულება აქვს ამ გამოცდას. გამოცდა გახდა სრული უაზრობა.

პროფესიის მიმართ ნდობა კიდევ უფრო შემცირდება, იმიტომ რომ ადამიანებმა იციან, რომ მასწავლებლების რაღაც ნაწილი გადიოდა გამოცდებზე და ვერ აბარებდა და ახლა იციან, რომ ამ მასწავლებლებს ეუბნებიან, რომ თქვენ შეგიძლიათ სამუდამოდ დარჩეთ სკოლაში. სავარუდოდ, ეს შეამცირებს სკოლების და მათ შორის, მასწავლებლების მიმართ ნდობას.

ის მოსაზრება, რომ მასწავლებლებს შიში თუ არ ექნებათ სკოლიდან გაშვების, უფრო განვითარდებიან, საინტერესოა, რას ეყრდნობა. რა წარმოდგენებს? მე არა მგონია, მინისტრი ასე ფიქრობდეს. მინისტრი უბრალოდ ასე ლაპარაკობს.

აქამდე დირექტორს შეეძლო ეთქვა მასწავლებლისთვის, რომ ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ ცოდნას. ახლა ამის შესაძლებლობა აღარ ექნება. არანაირი დაჩქარება სისტემის განვითარების არ არის და ინდივიდების განვითარებაზე ზრუნვა არის აბსურდი.

მასწავლებლის სქემის გაუმართაობა ჯერ კიდევ ძალაშია. სახელმწიფო აწინაურებს მასწავლებელს, დირექტორი ქირაობს და უშვებს. რატომ არ აწინაურებს დირექტორი  და აწინაურებს სახელმწიფო მის ნაცვლად, მაშინ როდესაც დამქირავებელია დირექტორი, გაუგებარია სრულიად.

12 თვის მანძილზე რომ აუქმებ და მერე აბრუნებ გამოცდას, სრულიად არაპროგნოზირებადი ხდება სისტემა. ეს კიდევ უფრო ნაკლებ მოტივაციას აჩენს მასწავლებლებში, რომ საერთოდ რამე გააკეთონ. იმიტომ, რომ არავითარი გარანტია არ არსებობს იმისა, ისევ არ შეიცვლება მოთხოვნები და ის, რაც შესრულებული აქვთ მასწავლებლებს,  არ იქნება წყალში გადაყრილი”.

ირინე ხანთაძე. ”განათლება ყველასათვის” კოალიციის თავმჯდომარე:

”სქემა ხდება უფრო მეტად წახალისებაზე ორიენტირებული. ყველაზე დიდი სიახლეა კრედიტების დაგროვების სისტემა. იოლდება პედაგოგისთვის კრედიტქულების მოგროვება. გამოცდის გავლა მაინც სავალდებულოდ რჩება. გამოცდაზე მიღებული შედეგი უფიქსირდება და დანაკლისი ქულების შევსება სხვა აქტივობებით უწევთ. ვადებთან დაკავშირებითაც პედაგოგებსაც მეტი თავისუფლება აქვთ. მოლოდინია, რომ ეს ცვლილებები პედაგოგთა მოტივაციაზე უფრო დადებითად აისახება.

დამატებითი საქმიანობები, რაშიც შეიძლება კრედიტქულები მიენიჭოს და დაგროვებით სისტემაში ჩაეთვალოს პედაგოგს, ალბათ, ამაზე უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბება იქნება საჭირო. რა ტიპის მიღწევა და შედეგი შეიძლება ჩაეთვალოს კრედიტად პედაგოგს.  კრიტიკა სქემის მიმართ შეიძლება ის იყოს, რომ ამით ხომ არ შევუწყობთ ხელს იმას, რომ ნაკლებკვალიფიციური პედაგოგები სისტემაში ისევ დარჩნენ?  ამავდროულად ეს არ ნიშნავს, რომ ამ კრედიტების დაგროვება ძალიან მარტივი ხდება. ანუ ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც მათ ისედაც ევალებათ, ეთვლებოდეთ კრედიტად. ანუ მასწავლებელი თუ გაკვეთილს ატარებს, ეს კრედიტის მინიჭების საფუძველი არ უნდა იყოს.  შესაბამისად, რა საქმიანობებში ვაძლევთ კრედიტებს, ეს საკითხი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომელსაც დაზუსტებაც სჭირდება. ამას გამოვყოფდი ამ ეტაპზე.

გამოცდა მთლად ფუჭი რომ არ გახდეს, დამატებითი საქმიანობები არ უნდა იყოს ძალიან მარტივი, გამოცდაზე მაღალი შედეგის მიღწევის მოტივაცია რომ არ დაიკარგოს. არ უნდა იყოს ასე, რომ მე თუ ვერ მივიღებ მაღალ შედეგს გამოცდაზე, მერე  ის ქულები სხვა საქმიანობით ადვილად დავაგროვო. ნებისმიერი ტიპის აქტივობა არ უნდა იყოს დამატებით საქმიანობებში, რომლის გაკეთება მასწავლებელს ისედაც ევალება.  ამით გამოცდას თავისი წონა შეუნარჩუნდება”.

თამარ მოსიაშვილი. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელი, განათლების სპეციალისტი:

„ახალ სქემაში პრობლემა გახლავთ ის, რაც ძველ სქემაშიც იყო. კონკრეტულად, ახალი სქემაც საკმაოდ ბუნდოვანს ხდის ახალი კვალიფიციური კადრის სკოლაში შესვლას. რაოდენ უცანურიც არ უნდა იყოს, გადაწყვეტილებები მიმღებები მუდმივად საუბრობენ, როგორ შეინარჩუნონ არსებული კადრები სკოლაში. ცხადია, კვალიფიციური კადრების სკოლაში შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, ქვეყანამ აღიაროს, რომ, სამწუხაროდ, გვაქვს კვალიფიციური კადრების დეფიციტი და მოტივირებული და კვალიფიციური კადრებისთვის სკოლის კარი უნდა იყოს ღია. ანუ კვალიფიციური კადრი როგორ უნდა შევიდეს სკოლაში, ეს ბუნდოვანია. რადგან თუ დირექტორი გაუშვებს არაკვალიფიციურს და დაასაქმებს კვალიფიციურ კადრს, შესაძლებელია გათავისუფლებულმა ადამიანმა უჩივლოს ამ დირექტორს. დირექტორი კი სავარაუდოდ სასამართლოში პროცესს წააგებს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა, რაც ჩემი აზრით, ყველაზე მწვავეა.

ასევე გამოცდის ბარიერის მოხსნა ჩემთვის გაუგებარია. სასერტიფიკაციო გამოცდის მიზანი გახლავთ ის, რომ მასწავლებელმა დაამტკიცოს საკუთარი კომპეტენცია და თუ ბარიერს მოვხსნით, მაშინ საერთოდ რისთვის ვატარებთ სასერტიფიკაციო გამოცდებს?

სკოლაში სიტუაცია გაუმჯობესდება მაშინ, როდესაც სკოლაში იმუშავებს ბევრი კვალიფიციური მასწავლებელი. მასწავლებლის როლი სკოლის წარმატებაში დიდია. როდესაც სქემა კვალიფიციური კადრების დასაქმების პროცესს ბუნდოვანს ხდის, ძალიან მიჭირს ვისაუბრო გაუმჯობესებაზე”.

მასწავლებელის პროფესიული განვითარების სქემის ცვლილებათა პაკეტი გამოქვეყნდა

ვინ იქნება ახალი სქემით მასწავლებლის გარე დაკვირვების ჯგუფში და ვისი პასუხისმგებლობით გათავისუფლდება ის სკოლიდან

„თუ არ შეუძლია სამინისტროს, დააკმაყოფილოს სამსახურით ამდენი პედაგოგი, ყველა მსურველს არ უნდა ჰქონდეს გამოცდაზე გასვლის უფლება“

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური