GE

„მადლობა ჩემს მასწავლებელს“ – ესე, რომლითაც ქუთაისელმა სტუდენტმა საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ქუთაისელი სტუდენტი გოგონას ესე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა. მაგდა ფურცხვანიძე ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, მაგისტრატურაში, საჯარო მმართველობის მიმართულებით სწავლობს.

EDU.ARIS.GE მაგდას ესეს ქართულ ენაზე წარმოგიდგენთ, რომელიც თავად ავტორმა მოგვაწოდა:

ეს გოგო ჩემზე 14 წლით უფროსია. მთელი ცხოვრება მესმოდა, რომ „ის“ საუკეთესოთა შორის საუკეთესო იყო; ყველაზე წარმატებული თავის კლასში, სკოლაში, უნივერსიტეტში და ჩვენი დიდი ოჯახიც ყოველთვის ამაყობდა მისით. ბუნებრივია, ამან ჩემზეც იქონია გავლენა და ჩემი ბავშვობის ოცნება გახდა, „მას“ დავმსგავსებოდი. ძალიან მინდოდა, როცა გავიზრდებოდი, დედაჩემს ჩემზეც ისეთივე აღტაცებით ესაუბრა, როგორც მასზე საუბრობდა.

მეც, გადავწყვიტე მესწავლა ფრანგული იმისთვის, რომ „მას“ უფრო მეტად დავახლოვებოდი. მესწავლა არა მხოლოდ ენა, არამედ გამეზიარებინა მისი ცხოვრებისეული შეხედულებები, მსოფლმხედველობა, მესაუბრა ისეთი ლამაზი აქცენტით, როგორც მას შეეძლო. მოკლედ,  მირანდასავით გამორჩეული გავმხდარიყავი. ჰოდა, დავიწყე ფრანგულად საუბარი მაშინ, როდესაც მთელი ქვეყანა ინგლისურში ემზადებოდა.

ყოველთვის ვცდილობდი, ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამომევლინა. მირანდა მამეცადინებდა, ძალისხმევას არ იშურებდა, მეც ბევრს ვსწავლობდი და ვმუშაობდი საკუთარ თავზე, მაგრამ ჩემს ცხოვრებაშიც დადგა მომენტი, როდესაც ყველაფრის იმედი და სურვილი დავკარგე. დედაჩემი, ჩვენთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად, სამუშაოდ საზღვარგარეთ გაემგზავრა და ჩემს უმცროს ძმასთან ერთად, უამრავი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი. მეგონა, რომ ამ დაბრკოლებების წინაშე უძლური ვიყავი და აღარც ჩემი ოცნებისთვის(განათლების საფრანგეთში მიღება) ბრძოლას ჰქონდა აზრი, რომლის ახდენის ვერანაირ შანსს ვეღარ ვხედავდი. იმდენად მოვდუნდი, რომ გადავწყვიტე ყველაფრისთვის თავი დამენებებინა. გაკვეთილების გაცდენა და მირანდასთან მისვლის თავიდან ასაცილებლად უამრავი მიზეზის გამოგონება დავიწყე.

ერთ დღესაც დამირეკა და მითხრა, რომ ჩემთან საუბარი სურდა. მეგონა მეტყოდა, რომ მე არაფერს წარმოვადგენ, რომ არაფრის ღირსი არ ვარ და პატივისცემასაც კი არ ვიმსახურებ არც მისგან, არც დედაჩემისგან. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ემოციური მომენტი.

მაგრამ, სრულიად მოულოდნელად, მშვიდად დაიწყო ჩემთან საუბარი და თქვა, რომ მის ლექსიკონში არ არსებობს სიტყვა „შეუძლებელი“. მითხრა, რომ მე ყველანაირი სირთულის გადალახვა შემეძლო. მიამბო საკუთარ გამოცდილებაზე, რომ ის თვითონაც ყოველდღიურად აწყდებოდა უამრავ პრობლემას და რომ არც მისი ცხოვრება იყო იდეალური. მარწმუნებდა ანგელოზების არსებობაში, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში კეთილი ადამიანების სახით ჩნდებიან იმისთვის, რომ სიბნელეში ჩაძირვის ნება არ მოგვცენ და დაგვანახონ, რომ ყველაფრის მიუხედავად უნდა გავიღიმოთ, რადგან ცხოვრება მშვენიერია.

და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი! – მითხრა, როგორ სჯეროდა ჩემი, ჩემი შესაძლებლობების! წარმოგიდგენიათ? ჩემში ეჭვი არ შეპარვია მაშინაც კი, როცა საკუთარ თავს მე თვითონ აღარ ვენდობოდი!

ამ ყველაფერს მშვიდი, ტკბილი ხმით მიხსნიდა და სწორედ მაშინ მივხვდი, რატომ ეძახიან სტუდენტები „მირა“-ს. „მირა MIRA“ – ესპანურიდან ითარგმნება, როგორც  „შეხედე“. აღფრთოვანებული, გაოცებული ვუყურებდი მას და ვხვდებოდი, რომ არანაირი უფლება არ მქონდა უარი მეთქვა ჩვენს საერთო ოცნებაზე და მისთვის იმედები გამეცრუებინა.

ამ საუბრიდან რამდენიმე დღეში ისევ დავიწყე მეცადინეობა, გაკვეთილებზე სიარული. შემდეგ სტუდენტიც გავხდი, ვმუშაობდი, მაგრამ ყოველთვის ჩემს გვერდით იყო, მეცადინეობა არასდროს შეგვიწყვიტავს. შედეგად, უკვე მაქვს ფრანგული ენის ბ2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დიპლომი. ახლა მაგისტრატურის პირველ კურსზე ვარ და მომავალი წლის იანვრიდან, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო გაცვლითი პროგრამით, სასწავლებლად საფრანგეთში  მივემგზავრები.

ისეთი განცდა მაქვს, რომ მირამ ფრთები შემასხა. მან დამანახა, რომ არ არსებობს ადამიანური პრობლემა, რომლიდანაც გამოსავალს ვერ ვიპოვი, რადგან ყველა გამოსავალი ჩვენშია და შრომა ყოველთვის იძლევა შედეგს. ასე ახდა ის ოცნება, რომლისკენ მიმავალი გზიდან, მირას გარეშე, აუცილებლად გადავუხვევდი.

ჩემი მასწავლებლის წყალობით, უკვე ვიცი, რომ არ მაქვს უფლება დინებას მივყვე და საკუთარ თავს მაქსიმალური მოთხოვნები არ დავუწესო.

მადლობა, მირა (მირანდა ლომიძე), რომ საცხოვრებლად ჩვენი პლანეტა აირჩიე და ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი გახდი.

მადლობა, რომ არასოდეს იღლები ჩემს განვითარებაზე ზრუნვით და მაიძულებ, საკუთარი თავის უკეთესი ვერსია ვიყო!

ქუთაისელი სტუდენტი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური