GE

მანანა რატიანი: ეს არ იქნება სტანდარტული პროფესიული უნარების გამოცდა სტატუსის ასამაღლებლად

მასწავლებლები წაყვანის და მენტორის სტატუსის მისაღებად გამოცდის ჩაბარებას მომავალი ზაფხულიდან შეძლებენ. ამის შესახებ მთავრობის დადგენილება უკვე გამოქვეყნდა.

დადგენილების მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ სტატუსების ამაღლება რთულდება, ვინაიდან თეორიულ ნაწილთან ერთად მასწავლებელის პრაქტიკული საქმიანობაც ფასდება კოპლექსურად. გარე დაკვირვების კომპონენტი კვლავ რჩება და ის მოიცავს არა მარტო ერთ გაკვეთილზე, არამედ პედაგოგის ერთ სამუშაო დღეზე დაკვირვებას. რას გულისხმობს კონკრეტულად მასწავლებლის სქემის ახალი ცვლილებები, ამის შესახებ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს, მანანა რატიანს ვესაუბრეთ.

– წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად იქნება გამოცდა და პრაქტიკული ნაწილი, რომელიც მასწავლებლის პორტფოლიოს შეფასებასა და გარე დაკვირვებას მოიცავს. როგორი სახის იქნება გამოცდა?

-გამოცდისთვის იქნება ინსტრუქციები, მაგრამ მხედველობაში უნდა მივიღოთ ის, რომ ეს გამოცდა არ იქნება სტანდარტული გამოცდა, რომელსაც მიჩვეულია მასწავლებელი პროფესიულ უნარებში. მას შემდეგ, რაც განახლდა მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი, განისაზღვრა მასში სამი სტატუსის მასწავლებელი, უფროსი, წამყვანი და მენტორი, წამყვანის და მენტორის კომპეტენციის შესაბამისი გამოცდა მომზადდება. ასევე წამყვან და მენტორი მასწავლებლებს კომპეტენციებთან ერთად უწერიათ თავისი ფუნქციური ვალდებულებები. შესაბამისად, ამ ფუნქციის აღსრულება რა კომპეტენციას გულისხმობს, გამოცდაში ესეც გათვალისიწინებული იქნება.

– წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად კვლევითი კომპონენტი არ ჩანს განახლებულ სქემაში, იქნება თუ არა კვლავ საჭირო პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის განხორციელება?

-მასწავლებელს მოუწევს კვლევითი ნაწილის შესრულება. ეს მის პორტფოლიოში უნდა ჩანდეს. თეორიული ნაწილის შემდეგ, როდესაც გამოცდას ჩააბარებს (ეს პირობა უნდა იყოს დაკმაყოფილებული, იმისთვის, რომ პრაქტიკული ნაწილი გაიაროს), შემდეგ უკვე 3 წლის განმავლობაში, ან თუ უნდა იმ სემსეტრშივე, მასწავლებელი აკეთებს გარე დაკვირვებაზე განაცხადს. ჩვენ, ვიდრე ადგილზე მივალთ იმ სემესტრის მანძილზე, ამ მასწავლებლის პორტფოლიოს შევისწავლით. შემდეგ მივალთ და რაც გაკვეთილები აქვს იმ დღეს, ყველაზე დავესწრებით. ამავდროულად გვექნება ინტერვიუ სასკოლო საზოგადოებასთან, კონკრეტულად სკოლის ადმინისტრაციასთან, კოლეგებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან. ეს იქნება მასწავლებლის შესახებ ინფორმაციის მოძიება, რას აკეთებს, როგორ საქმიანობს, ნდობით სარგებლობს და აკმაყოფილებს ამ სტატუსის მოთხოვნებს თუ არა.

– ანუ მასწავლებელს წამყვანის სტატუსის მოპოვება თუ უნდა (საუბარი არ არის მათზე, ვისაც ამისთვის კრედიტქულების დაგროვება უკვე აქვთ დაწყებული), მუშაობს პორტოფოლიოზე,  აბარებს გამოცდას და მზაობას აცხადებს პრაქტიკული ნაწილის გავლაზე. თუ არსებობს მითითებები, როგორ უნდა იმუშაოს მასწავლებელმა პორტფოლიოზე?

-ჯერ, რა თქმა უნდა, არ აქვთ მითითებები. თუმცა მას შემდეგ, რაც სქემა მთლიანად ძალაში შევა, უკვე ყველა მასწავლებელს მივცემთ გზამკვლევებს, მითითებებს. დიდი ალბათობით, ვიდეოფორმატით იქნება ეს ყველაფერი, თუ რა და როგორ უნდა განათავსონ მასწავლებლებმა, რა მტკიცებულებები მოეთხოვებათ.

– ინტერვიუირება არის მასწავლებლის შეფასების ერთ-ერთი მეთოდი პრაქტიკული ნაწილის გავლისას. რას მოიცავს უფრო კონკრეტულად ენ ნაწილი?

-ეს იქნება ინტერვიუს ფორმატი სასკოლო საზოგადოებასთან. ჩვენ შევარჩევთ ვისთან უფრო აქვს ხშირი ურთიერთობა მასწავლებელს, რომელი კათედრის წარმომადგენელია. სანამ მასწავლებელთან მივალთ, მის შესახებ ვნახავთ ყველაფერს, პორტფოლიოს, შესაბამისად იმ მასწავლებლების გამოკითხვა გვექნება, რომლებთანაც უფრო ხშირად იკვეთება.

– გამოკითხვა როგორი სახის იქნება? ადგილზე ჩავლენ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები?

-რა თქმა უნდა, ადგილზე ჩავლენ. თუ ეპიდსიტუაცია იქნება, სხვა მექანიზმებიც გვექნება, როგორც გარე დაკვირვების შემთხვევაში. გარე დაკვირვებისას რაც გვქონდა პირისპირ კლასში შესვლა და დაკვირვება, ამის ალტერნატივაც უკვე შემუშავებულია. ამ შემთხვევაში უკვე ვიქნებით მზად, იმიტომ რომ კრიზისმა გვაჩვენა, რომ ბევრი ალტერნატივა უნდა გვქონდეს. მასწავლებლის სახლი უფრო კომპლექსურად შეისწავლის მასწავლებლის საქმიანობას.

– გარე დაკვირვება როგორი სახის იქნება მათთვის, ვინც ახალი ცვლილებების მიხედვით ეცდება წამყვანის სტატუსის მოპოვებას?

-ახალის შემთხვევაში იქნება ისე, რომ ჩვენ მივალთ და მასწავლებლის ერთ დღეს დავაკვირდებით. მანამდე კი პორტოფლიოს შევისწავლით.

– ახალი გარე დაკვირვების შემთხვევაში ისევ გაკვეთილის გეგმების წარმოდგენა მოუწევთ მასწავლებლებს?

-ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, თემატური ერთეულები, მატრიცები უნდა იყოს შედგენილი, თუკი მასწავლებელი დაწყებით ან საბაზო საფეხურზე ასწავლის.  შესაბამისად, რა თქმა უნდა, მოთხოვნებიც ამის მიხედვით გადალაგდება.

ჩვენ გვეცოდინება წინასწარ მასწავლებლის ცხრილი და შესაბამისად იმ ცხრილის მიხედვით დავესწრებით მასწავლებელს. წინა დღით, რა თქმა უნდა, სკოლას შევატყობინებთ, როგორც აქამდე ვაკეთებდით ხოლმე.

– დაწყებითი საფეხურის მასწავლებელს რომელ საგანში მოუწევს გარე დაკვირვების გავლა?

-რომელ დღესაც ჩავალთ, ცხრილში რა გაკვეთილებიც აქვთ, იმის მიხედვით დავაკვირდებით.

– რაც შეეხება მენტორის სტატუსის მოპოვებას, ამისთვის, დაახლოებით, ისეთივე გზის გავლა მოუწევს მასწავლებელს, როგორიც წამყვანის სტატუსის მოპოვების შემთხვევაში. იქაც არის გამოცდა და პრაქტიკული ნაწილი. განსხვავება რაშია?

-დაახლოებით იგივეა. განსხვავებას რაც შეეხება, ისევ მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს უნდა მივუბრუნდეთ. მენტორის კომპეტენციებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე იქნება პორტფოლიო შედგენილი. შესაბამისად, ინტერვიუც და დაკვირვება საკლასო ოთახშიც ძალაში რჩება. სტანდარტი გადაეგზავნება სკოლებს და შესაბამისად, მასწავლებლების მოემზადებიან ამ სტანდარტის მიხედვით მომავალი სასწავლო წლიდან.

მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტში წამყვანი, მენტორი და სპეციალური მასწავლებლისთვის დამატებითი კომპეტენციები აისახა – დოკუმენტი

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შეცვლილი სქემა ძალაში შევიდა – დოკუმენტი

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური