GE

მასწავლებელი წალკიდან: „ვცდილობთ, ადგილზე შევქმნათ  პირობები, რომ ერთმანეთს გამოცდილება გავუზიაროთ“

ქართულ სკოლებში თანამედროვე მიდგომებს სწავლებაში ბევრი მასწავლებელი ვერ იყენებს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არ სმენია ამის შესახებ. სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული ტრენინგები კი ყველას არ ყოფნის. განსაკუთრებით რთული ვითარებაა  ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. ასეთ დროს თავად კოლეგებს  შორის გამოცდილების გაზიარების მიზნით ორგანიზებული შეხვედრები დიდ დატვირთვას იძენს.

ნესტან მიქაძე, მეექვსე წელია,  წალკის მუნიციპალიტეტში  პროგრამა  ,,ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში მუშაობს. კონსულტანტ-მასწავლებლებს პროგრამა ავალდებულებს, ხელი შეუწყონ არაფორმალურ სწავლებას, შემეცნებითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვას და ღონისძიებების ორგანიზებას, ასევე დახმარების გაწევას ადგილობრივი პედაგოგებისთვის და ზრუნვას როგორც საკუთარ, ასევე მათ პროფესიულ განვითარებაზე.

სამუშაო სემინარის ჩატარების იდეა, რომლის მიზანია, მონაწილეებმა მიიღონ მეტი თეორიული ცოდნა და განახლებული ინფორმაცია მასწავლებლების საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითრებისა და კარიერული წინსვლის ფარგლებში,  ქალბატონ ნესტანს  2015 წლის ზაფხულში დაებადა.

„დავწერე დებულება და გავაცანი ჩემს ხელმძღვანელებს. მათგან მივიღე მხარდაჭერა და ჩავატარე  წალკის მუნიციპალიტეტის მასწავლებლების პირველი სამუშაო სემინარი  „გავუზიარო ერთმანეთს ჩვენი პროფესიული გამოცდილება“ .

აღმოჩნდა, რომ ასეთი ღონისძიებები  ადგილობრივი პედაგოგებისთვის  მეტად საინტერესოა და მნიშვნელოვანი. ვცდილობთ, აქვე ადგილზე შევქმნათ  პირობები, რომ ერთმანეთს გამოცდილება გავუზიაროთ და დავეხმაროთ“, – ამბობს ნესტან მიქაძე.

სამუშაო სემინარი წელიწადში ორჯერ ტარდება, ნოემბერსა და მაისის ბოლოს. სასწავლო წლის ბოლოს ჩატარებულ სემინარს უფრო საანგარიშო  შინაარსი აქვს. სემინარის მუშაობაში პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებლებთან ერთად აქტიურად  მონაწილეობენ ადგილობრივი პედაგოგები  და მათი რიცხვი თანდათან იზრდება.

16 ნოემბერს მე-5 სამუშაო სემინარი  ჩატარდა, სახელწოდებით, ,,თანამედროვე მიდგომები სწავლებასა და შეფასებაში“.  სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 21 მასწავლებელმა.  წელს სემინარის მუშაობაში  ასევე  მონაწილეობა მიიღო ,,არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის“  ორმა წარმომადგენელმა.

მასწავლებლების წარმოდგენილი თემები იყო:,  კვირის გეგმა“,  ,,განმავითარებელი შეფასება“,  „ პედაგოგიური კვლევის წარმართვა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია“,  „უკუკავშირის როლი სწავლა-სწავლებაში“, „პროექტებით სწავლება“,  ,,გამჭოლი კომპეტენციების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში“, „ პრეზენტაციის ( თვალსაჩინოების) მნიშვნელობა არაქართულენოვანი სკოლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისათვის“  და ბევრი სხვა.

„სემინარმა საშუალება  მისცა  მონაწილეებს, გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის საკუთარი ხედვა და პროფესიული გამოცდილება; განეხილათ  წარმატებული მაგალითები, ასევე გაეუმჯობესებინათ სწავლების სფეროში არსებული პრაქტიკა.  სემინარის მუშაობაში მონაწილე პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ  აქ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას გამოიყენებენ პრაქტიკულ საქმიანობაში. აღსანიშნავია ის,  რომ მომხსენებლები   მოცემული თემის ზოგადი განხილვის შემდეგ საუბრობდნენ საკუთარ წარმატებულ მაგალითებზე, თუ როგორ იყენებენ სწავლების თანამედროვე მიდგომებს საკუთარ პრაქტიკაში“, – უთხრა ამბობს EDU.ARIS.GE-სთან ნესტან მიქაძე.

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური