მასწავლებელმა სკოლას, რომელმაც ის სამსახურიდან გაათავისუფლა, სასამართლო დავა მოუგო
EDU.ARIS.GE-ს მკითხველი უკვე იცნობს ნინა ჟორჟოლიანს, რომელიც ჩვენს რუბრიკაში „თავისუფალი ტრიბუნა“, სკოლიდან გაშვების საკუთარ ისტორიას ყვებოდა. მისი მონაყოლით, სკოლის დირექტორმა, რომელშიც ის მუშაობდა, უსამართლოდ დატოვა სამსახურის გარეშე.
„და ჩემი ჯერიც მოვიდა…“ – მასწავლებლი სკოლიდან გათავისუფლების საკუთარ ისტორიას ყვება
პედაგოგი ამჯერად უკვე თავად აქვეყნებს წერილს, რომელშიც სასამართლოში გამარჯვების შესახებ ყვება, მან სკოლას დავა მოუგო. ნინა ჟორჟოლიანის წერილს უცვლელად გთავაზობთ:
გამარჯობა! მე ნინა ვარ! დღეს უკვე გამარჯვებული და ამაყი ნინა! უსამართლობაზე, უგულობაზე, გაუტანლობაზე, სიყალბეზე, ორპირობაზე და ბოროტებაზე გამარჯვებული ნინა!
მე მოვიგე ბრძოლა! მოსამართლემ ჩემი ყველა მოთხოვნა ცალსახად დააკმაყოფილა! გაუქმდა უკანონო გადაწყვეტილება და 32-ე საჯარო სკოლის დირექტორს დაეკისრა ჩემს პირვანდელ პოზიციაზე აღდგენის ვალდებულება!
შემიძლია, თავისუფლად ვთქვა, რომ 26 წლის მანძილზე ასეთი რთული პერიოდი არ მქონია, თუმცა არც ასეთი თავდაჯერებული და ძლიერი ვყოფილვარ როგორც ახლა ვარ. განვლილმა რამდენიმე თვემ უდიდესს სტრესთან ერთად უდიდესი გამოცდილებაც მიმაღებინა.
იმედგაცრუება, გაწბილება, უნდობლობა, შიში, ნერვიულობა, ეს ყველა განცდა ერთობლივად დამატყდა თავს, თანაც იმ ადამიანებისგან, ვისგანაც ამას საერთოდ არ ველოდი!
მოუთმენლად ველი ჩემს უსაყვარლეს მოსწავლეებთან, მშობლებთან შეხვედრას. სამწუხაროა, რომ იგივეს ვერ ვიტყოდი კოლეგებზე… მიკვირს, მიკვირს ჩემო ძვირფასო 32-ე სკოლის მასწავლებლებო… ნუთუ ასე უკვალოდ გაქრა ის ემოციები: პოზიტივი, კომპლიმენტები, თბილი მოკითხვები, მთელი წლის მანძილზე რომ მიზიარებდით… მიკვირს, სამსახურიდან უსამართლოდ „გამოგდების“ შემდეგ რამ შთანთქა ეს ყველაფერი? არ მესმოდა და არც ახლა მესმის როგორ შეძელით ამ ყველაფერზე თვალი დაგეხუჭათ? და როგორ დაუფიქრებლად „მწირავდით“ მართალ ადამიანს… არადა როგორ გენდობოდით… არადა რამხელა ძალა აქვს ერთ, გულით ნათქვამ სიტყვასაც კი..მადლობა ღმერთს, რომ სიმართლის დასამტკიცებლად ვინმეს უშუალო გვერდში დგომა არ დამჭირდა. მე ვბრუნდები!!!! და ვუბრუნდები „ოჯახს“ თავისუფალი, ბორკილების და ნიღბის გარეშე.
სიჩუმე დანაშაულია! მასწავლებლებმა უნდა აღვზარდოთ მომავალი თაობები ღირსეულად – ამიტომ თავად უნდა ვიყოთ ღირსეულები! მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ სოლიდარობა – ამიტომაც თავად უნდა ვიყოთ სოლიდარულები. მოსწავლეებს უნდა შევაყვაროთ სიმართლის თქმა – ამიტომ თავადაც უნდა შეგვეძლოს ეს!
თითზე ჩამოსათვლელი იყო იმ მასწავლებელთა სახელები, რომლებიც ჩუმად მგულშემატკივრობდნენ და გულწრფელად მკითხულობდნენ. მადლობის გადახდას ამ ადამიანებით დავიწყებ! უღრმესი მადლობა თქვენ ამისთვის! ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა ძალასა და სტიმულს მაძლევდა თქვენი თითოეული გამამხნევებელი სიტყვა! მიხარია თქვნი არსებობა, რადგან დარწმუნებული ვარ რომ ბავშვებს ასწავლით საგანზე მეტს და ღირებულს!
მადლობა ჩემს გულშემატკივარ მშობლებს, მოსწავლეებს, მეგობრებს, ნათესავებს სრულიად უცხო მასწავლებლებს, სრულიად უცხო ადამიანებს გვერდში დგომისთვის, რჩევებისთვის და გამხნევებისთვის!! იცოდეთ, ჩემს გამარჯვებში ძალიან დიდი წვლილი მიგიძღვით!!!
მადლობა ჩემს ადვოკატს თავისი საქმის უზომოდ დიდ პროფესიონალს და მცოდნეს. ბოლომდე მებრძოლს და რეალისტს! დარწმუნებული ვარ არაერთ უსამართლობას ჩასცემს სიმართლის ლახვარს და ძალიან ბევრ ადამიანს დაუბრუნებს მომავლის იმედსა და რწმენას! განსაკუთრებული მადლობა კი ჩემს მეუღლეს „საქორწინო საჩუქრად“ მიღებულ ხვედრს ღირსეულად გაუმკლავდა და გამარჯვებმდე მიმავალ გზაზე უპირობოდ იდგა ჩემს გვერდით! ჩვენ დავიმსახურეთ ეს გამარჯვება!
ჩემს საქმეზე უზომოდ შეყვარებული ნინა მასწავლებელი!
- „ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვლიდან როცა ამოიღებ ილიას „ბენდიერ ერს“, განდეგილს“, გასაგებია თუ რა იდეით იმართება „განათლების“ სისტემა“ by სოციალური ქსელები
- „დირექტორმა მასწავლებელს ჰელოუინის შესახებ ინფორმაციული ხასიათის გაკვეთილის ჩატარება „არ ურჩია” by სოციალური ქსელები
- „ისაუბრეთ შვილებთან ან მოსწავლეებთან იმაზე, თუ რა არის ძალადობა“ – მენტორი მასწავლებლის მიმართვა by სოციალური ქსელები