GE

„და ჩემი ჯერიც მოვიდა…“ – მასწავლებლი სკოლიდან გათავისუფლების საკუთარ ისტორიას ყვება

EDU.ARIS.GE-ს რუბრიკის „თავისუფალი ტრიბუნა“ დღევანდელი წერილის ავტორი გახლავთ ნინა ჟორჟოლიანი, 32-ე საჯარო სკოლის,ინგლისური ენის მასწავლებელი (როგორც მისი წერილიდან ჩანს, უკვე ყოფილი მასწავლებელი ავტ.) ის სკოლიდან გათავისუფლების საკუთარ ისტორიას გვიყვება და სკოლის დირექტორის შესახებ საუბრობს:

და ჩემი ჯერიც მოვიდა… გამარჯობა!

მინდა გიამბოთ ამბავი, რომელიც, მე, ახალბედა, მოტივაციით სავსე, წინსვლაზე ორიენტირებულ მასწავლებელს გადამხდა… მე ნინა ვარ! სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, 70% – იანი გრანტით ჩავაბარე პრესტიჟული უნივერსიტეტის, პრესტიჟულ ფაკულტეტზე. ბევრი არ მიფიქრია, მივხვდი, რომ ბავშვობაში არჩეული პროფესია ნამდვილად შეუცვლელი იყო და ამისთვის ყველაფერი უნდა გამეკეთებინა! ბევრი ვიშრომე, მოვინდომე, ყველა საფეხური და გამოწვევა წარმატებით დავძლიე და უფროსი მასწავლებლის სტატუსით შევაბიჯე 32-ე საჯარო სკოლის \”დიდ ოჯახში\”. მოგეხსენებათ, ოჯახი არის ინდივიდთა ერთობლიობა, სადაც უყვართ, უხარიათ, ურჩევენ და ზრუნავენ. მეც ამ გრძნობებითა და პასუხისმგებლობით შევუერთდი \”დიდ ოჯახს\”. კაფელის ხეხვით დაწყებული, ფანჯრების წმენდით დამთავრებული არაფერი მითაკილია.

პრაქტიკის არქონის მიუხედავად, ჩამაბარეს სადამრიგებლო კლასი. ენთუზიაზმით, მოტივაციით, ბავშვებისადმი დიდი სიყვარულით სავსემ, მაქსიმალურად გავიაზრე ჩემი მოვალეობა-ვალდებულებები და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი კლასის გასაოცარი მშობლების დახმარებით, საკმაოდ წარმატებით გავართვით თავი ყველა პრობლემასა და გამოწვევას (პრობლემები კი ცალკე საკითხია). უკმაყოფილება ნამდვილად არავის გამოუთქვამს, მეტიც, მადლობის მეტი ნამდვილად არაფერი მომისმენია…

როგორც ჩანს, ეს სულაც არ აინტერესებდა სკოლის დირექტორს და გამოდის, რომ საერთოდ არაფრად ჩამითვალა გაწეული შრომა… მიუხედავად 6 თვის თავზე მიღებული შეფასებისა, რომელიც დირექტორისგან მოვისმინე, გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ და ახალი ხელშეკრულების გაფორმებისას, რომ პოზიტივის მეტი მის ყურამდე არაფერი მისულა, რომ პოზიტივის გამოხატვა ადამიანებს ძალიან უჭირთ და გამოხატულის მიღმა კიდევ უფრო დიდ პოზიტივს ვარაუდობდა, დირექტორმა მაინც გადაწყვიტა რომ 32-ე სკოლაში ჩემი ადგილი აღარ ყოფილა და “გამათავისუფლა”… გაოცებულმა, განცვიფრებულმა და იმედგაცრუებულმა როდესაც ვიკითხე, ეს რამ განაპირობა, პასუხად მივიღე ფრაზა, რომ კანონი დირექტორს თურმე სულაც არ ავალდებულებს რაიმეს ახსნას (ხელშეკრულების ვადა ამოიწურა და ამით უნდა დავკმაყოფილებულიყავი)… კანონი, რომელიც ასევე არ ავალდებულებს ვაკანსიის გამოცხადებამდე პირადად გააფრთხილოს გათავისუფლებული თანამშრომელი.

გულწრფელად ვთხოვე დირექტორს, პირადად აეხსნა ჩემ მიერ დაშვებული შეცდომები, მიუხედავად იმისა, რომ 1 წლის მანძილზე არც შენიშვნა და არც გაფრთხილება მიმიღია მისგან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ, თურმე ერთი წლის თავზე რასაც “მივაღწიეთ” მხოლოდ კანონის ენით საუბარია… არადა, ეს ის დორექტორია, რომელმაც ათეულობით ადამიანიდან ამომარჩია და ღიმილიანი სახით შემიძღვა “დიდ ოჯახში”.

იყო დარღვევები და ამას ბევრი ხედავდა, მაგრამ ჩვენც ხომ ვიცით რომ არ არსებობს უშეცდომო ადამიანი… ბევრჯერ “ოჯახის უფროსიც” უშვებს გააზრებულ და გაუაზრებელ შეცდომებსაც და ოჯახის წევრების დახმარებით ოჯახშივე რჩება… მეც ასე, ბევრ შეცდომაზე დავხუჭე თვალი… ენთუზიაზმმა და ჩემი კლასის დიდმა სიყვარულმა ბევრჯერ სპორტის გაკვეთილებიც ჩამატარებინა, როგორც ზემოთ აღვნიშნე დამლაგებლობაც შემათავსებინა… მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა, რომ ეს ჩემთვის თურმე არავის დაუვალდებულებია…

ასე უქრობენ ახალბედა მასწავლებლებს ანთებულ გულებს… არადა მასწავლებლობა ხომ მაინც მოითხოვს სოციალურ პასუხისმგებლობას?! არადა, მასწავლებელმა არ უნდა აღზარდოს სამართლიანობისთვის მებრძოლი, ქვეყნის კეთილდღეობაზე და წინსვლაზე ორიენტირებული ადამიანი?! მეგონა ჩამოვიტოვეთ კომუნისტური რეჟიმი, მაგრამ როგორც ჩანს, კომუნისტური აზროვნება ვერ ტოვებს ინდივიდებს და როგორი საფრთხილოა ასეთი ინდივიდები, განსაკუთრებით კი დირექტორი, რომელიც ბავშვების სასიკეთოდ უნდა მოქმედებდეს. კმაყოფილი ბავშვები, კმაყოფილი მშობლები, კმაყოფილი კოლეგები, განა სხვა რა უნდა უნდოდეს დირექტორს? განა რა კრიტერიუმები ვერ დავაკმაყოფილე? ამაზე პასუხი რომ ვიცოდე ამას კანონით ნებართვა სჭირდება? კანონი მასწავლებელს არ უნდა იცავდეს? მაშინ, რა ბერკეტი გაგვაჩნია ჩვენ?

ჩემო პატარა მეგობრებო, ჩემო გულშემატკივარო მშობლებო, უთბილესო კოლეგებო, გპირდებით, გპირდებით, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ უსამართლო გადაწყვეტილების წინააღმდეგ,”რკინის ქალამნებს ჩავიცვამ”,ყველა დაკეტილ კარს გავაღებ და ჩემს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოვიყენებ იმისთვის, რომ: ისევ ვნახო ჩემი მოსწავლეების გაბრწყინებული თვალები, მშობლების მადლიერი სახეები და უსაყვარლესი კოლეგები. სიყვარულით ნინა მასწავლებელი?.

თავისუფალი ტრიბუნა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური