მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2023-ის მფლობელი: მინდა, ჩემს მოსწავლეებს სკოლაში მოსვლა უხაროდეთ
„მჯერა, რომ არც ერთი მასწავლებელი არ აკეთებს თავის საქმეს აღიარებისთვის, მაგრამ სასიამოვნოა, როდესაც ეს ყველაფერი ფასდება“ – ეს სიტყვები 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარკვებულს, ნინო ფსუტურს ეკუთვნის, რომელიც ამბობს, რომ მისი გამარჯვება უკვე არაერთი ახალგაზრდისთვის გახდა მოტივაციის წყარო და ამით მთავარი მიზანი უკვე მიღწეულია.
ქალბატონი ნინო გორის N8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელია. მასთან პირველი ინტერვიუ მაშინ ჩავწერეთ, როცა საუკეთესო ათეულის შემადგენლობაში დასახელდა.
“კონკურსში მონაწილეობას ჩემი მოსწავლეების გამო დავთანხმდი” – გვითხრა მაშინ და დასძინა, რომ საკუთარი ინიციატივით ამას არასოდეს გააკეთებდა. მოსწავლეებისთვის, მისი ფინალში მოხვედრა უდიდესი სტიმულის მიმცემი აღმოჩნდა. ახლა კი, ქალბატონი ნინოს თქმით, ეს სტიმული გაასმაგდა, რადგან საკუთარი თვალით დაინახეს, რომ მათი მასწავლებელი და მის მიერ გაწეული შრომა დაფასდა და რომ პედაგოგის პროფესიასაც ახლავს აღიარება.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, მისთვის, შესაძლებლობაა, დასახოს მეტი მიზანი და გააკეთოს ყველაფერი ამ მიზნების მისაღწევად. სამომავლო გეგმებისა და გამარჯვების ემოციების შესახებ იგი EDU.ARIS.GE-ს დეტალურად ესაუბრა:
ნინო ფსუტური: ვფიქრობ, რომ მთლიან ათეულს და ბოლოს უკვე ხუთეულს, ამ ჯილდოს აღების თანაბარი შანსები გვქონდა. რა თქმა უნდა, მინდოდა და ძალიან დიდი სიხარული იყო გამარჯვება, მაგრამ ისიც გაცნობიერებული მქონდა, რომ ეს, შესაძლოა, მე არ ვყოფილიყავი.
ჩემს საქმეს გაათმაგებული პასუხისმგებლობით ვაგრძელებ. ახლაც ტრენინგზე ვარ, სკოლაში დებატების კლუბის შექმნას ვაპირებთ და ა.შ. მინდა, რომ ჩემი მოსწავლეების ცხოვრება კიდევ უფრო საინტერესო გავხადო, უფრო მეტად შევაყვარო სკოლა. მინდა სკოლაში მოსვლა უხაროდეთ. ბევრ ბავშვთან ეს მოვახერხე და კიდევ უფრო მეტთან უნდა შევძლო. მინდა სკოლა, მათთვის, იყოს არა ყოველდღიური რუტინა, არამედ ადგილი, სადაც მოსვლა გაუხარდებათ, სადაც ბევრი საინტერესო აქტივობა და პროექტი დახვდებათ.
– როგორი იყო თქვენი მოსწავლეებისა, იმ ადამიანების რეაქცია, რომელთა სურვილითა და მონდომებითაც მოხვდით კონკურსში?
– ჩემს სკოლაში ჯერ არ მივსულვარ, ორშაბათს მელოდებიან. თუმცა, ერთი დიდი ზეიმი და დღესასწაული იყო გორში, როდესაც ღონისძიებიდან სახლში დაბრუნებულს ჩემი სადამრიგებლო, მეათე კლასის მოსწავლეები ოვაციებითა და ფეიერვერკით დამხვდნენ. დაჯილდოებაზე არანაკლებ ემოციური ეს დახვედრა იყო.
– პირველი ინტერვიუს დროს გვითხარით, რომ ათეულში მოხვედრა, თქვენი მოსწავლეებისთვის, უკვე დიდი სტიმული იყო. როგორ ფიქრობთ, რამდენად გაზრდიდა ამ სტიმულს გამარჯვება?
– ბევრმა ჩემმა მოსწავლემ მომწერა, რომლებიც ახლა უკვე სტუდენტები არიან და პედაგოგის პროფესიაში უნდათ შემოსვლა. ეს ჯილდო, მათთვის, ორმაგი მოტივაცია იყო. ერთ-ერთი მოსწავლე, რომელიც ახლა მეათე კლასშია, და რომელსაც მასწავლებლობა უნდა, მწერს, რომ წარმოიდგინა როგორ იდგება იმ სცენაზე, როგორც გამარჯვებული, რამდენიმე წლის შემდეგ და როგორ იტყვის თავის სიტყვაში, რომ მისი მასწავლებელიც ამ ჯილდოს მფლობელია. ამ მესიჯით, ჩემთვის, ყველაფერი ნათქვამია.
– როგორ ფიქრობთ, რა იყო ის გადამწყვეტი ფაქტორი, რის გამოც ჟიურიმ საუკეთესო ხუთეულში თქვენ გამოგარჩიათ?
– ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება. არ ვიცი ამის გამო გამომარჩიეს თუ არა და ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემს კოლეგებს აკლიათ, მაგრამ უბრალოდ ვიტყვი, რომ ჩემს საქმეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით ვაკეთებ. არასდროს ვაკეთებ რაიმეს იმისათვის, რომ ვიღაცამ დააფასოს და აღიაროს. ეს, ალბათ, მეტყობა კიდეც.
თან, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ როდესაც ხუთეულის წევრი პედაგოგების მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან და კოლეგებთან გასაუბრება ჩატარდა, ჩემი მოსწავლეები გამორჩეულად კარგად დახვედრილან – თავისუფლად, ლაღად. ჩვენი მუშაობის შედეგები ხომ მათ უნდა აჩვენონ. ეს დაჯილდოების ღონისძიების დროს გავიგე. შესაძლოა, ერთ-ერთი მიზეზი ესეც ყოფილიყო. დანამდვილებით არ ვიცი.
– ანუ, შეიძლება ითქვას, რომ თქვენს გამარჯვებაში საკმაოდ დიდი წვლილი თქვენს მოსწავლეებსაც მიუძღვით?
– ნამდვილად ასე ვფიქრობ. მათაც ვუთხარი, რომ ეს ჯილდო მათი დამსახურებითაც მივიღე. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი მონდომება და მათი მიმღებლობა 50/50-ზეა. მე და ჩემი მოსწავლეები ერთად ვქმნით სასკოლო ამინდს და როგორც ჩანს, ეს მზიანი ამინდი ყველამ დაინახა.
– გარდა სიხარულისა, ეს სტატუსი, ალბათ, პასუხისმგებლობისა და შესაძლებლობების მომტანია. რაში გეგმავთ ამ შესაძლებლობის გამოყენებას მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, ან თუნდაც სამომავლოდ?
– არაფორმალური აქტივობები, რომლებიც სკოლასა და საგაკვეთილო პროცესში შემქონდა, კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით, მეტ კლასში, მეტ მოსწავლესთან მინდა შევიტანო. ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი გვაქვს დაგეგმილი. თუნდაც ეს დებატების კლუბი. უკვე კარზეა მომდგარი ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ნახევარფინალიც. ვფიქრობ, მეტ მოსწავლეს დავაინტერესებთ, ჩავრთავთ და სკოლას მეტი ბავშვისთვის ვაქცევთ საყვარელ ადგილად.
– ყველა ეს ჩამოთვლილი ღონისძიება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მოსწავლეებისა და სკოლისთვის. როგორ გეგმავთ ამ შესაძლებლობის მასწავლებლებისა და პედაგოგის პროფესიის გაძლიერებისთვის გამოყენებას?
– ეს ჯილდო ჩვენს გარშემომყოფ ახალგაზრდებს უფრო მოტივირებულებს ხდის და პროფესიაში შემოსვლისკენ უბიძგებს. ჩემთვის, მთავარი მიზანი ათეულის კლუბის წევრობა იყო სწორედ მაგ მიზეზით – მასში ძალიან საინტერესო ადამიანები შედიან, რომელთაც უამრავი საინტერესო იდეა აქვთ. მათთან ერთად ძალიან კარგი საქმეები შეგიძლია აკეთო არა მხოლოდ შენი სკოლისა და ქალაქისთვის, არამედ ზოგადად, ქვეყნისთვის და საგანმანათლებლო სფეროსთვის. ვფიქრობ, წინ ძალიან ბევრი საინტერესო დღე და წელი გველის.
– როგორც წესი, პედაგოგებს, თავმდაბლობის გამო, უჭირთ განაცხადი საკუთარი ინიციატივით შეავსონ. სხვებისგან სჭირდებათ ხოლმე ბიძგი. რას ეტყოდით მათ, რამდენად მნიშვნელოვანია მასწავლებლის ეროვნული ჯილდოზე გასვლა არა მხოლოდ მათთვის, არამედ მათი კოლეგებისა და თუნდაც, მომავალი მასწავლებლებისთვის?
– როდესაც ჯილდო გადმომცეს, მაშინაც ვთქვი, რომ მას იმ ღირსეულ მასწავლებელს ვუძღვნი, რომლებიც საბედნიეროდ, სკოლებში მრავლად გვყავს. მინდა, რომ მათ გაბედონ, შეავსონ განაცხადი და მიიღონ მონაწილეობა, რადგან შემდგომ უკვე ისინი უნდა გახდნენ მამოტივირებელი ფაქტორები სხვა მასწავლებლებისა და მათ გარშემო მყოფი ახალგაზრდებისთვის. ამიტომაა მნიშვნელოვანი შენი გამოცდილება საზოგადოებას გააცნო, კოლეგებს გაუზიარო და თუნდაც, მიიღო დამსახურებული აღიარება, რატომაც არა?! მჯერა, რომ არც ერთი მასწავლებელი არ აკეთებს თავის საქმეს აღიარებისთვის, მაგრამ სასიამოვნოა, როდესაც მერე ეს ყველაფერი ფასდება.
2017 წელს პირველად ჩატარდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი და ამ პროექტით საფუძველი დაედო მასწავლებლის პროფესიის განვითარებისა და პოპულარიზაციის ყველაზე მასშტაბურ კამპანიას. მასწავლებელთა კორპუსი, განათლების სფეროს და ზოგადად, საზოგადოების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდო – გამორჩეული წარმატებით ტარდება.
ჯილდოს კონკურსში, შვიდი წლის განმავლობაში, მონაწილეობა მიიღო 800-ზე მეტმა მასწავლებელმა, ხოლო წარდგენილი იყო 4663 პედაგოგი. კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ოქროს სპონსორები არიან ლიბერთი ბანკი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. სპონსორები არიან: EPAM Georgia, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (ctc) და ალტე უნივერსიტეტი, ხოლო ჯილდოს მხარდამჭერები არიან: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, პირველი არხი|ტელესკოლა და ციფრული-კრეატიული სააგენტო „მავერიკი“.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება