GE

„ჩვენთან ახლა ზეიმია” – 2023 წლის საუკეთესო ათეულის წევრი მასწავლებლების კარიერული გზა, განცდები და მოლოდინები

ისინი, ქვეყნის მასშტაბით, 2023 წლის ათ საუკეთესო მასწავლებელს შორის დასახელდნენ. შესაბამისად, უზარმაზარი ნაბიჯი, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, უკვე გადადგმულია. პედაგოგები მარნეულიდან, თბილისიდან, წალენჯიხიდან, ნინოწმინდიდან, კასპიდან, გორიდან და დუშეთიდან ებმებიან საინტერესო, შემოქმედებით, სიახლეებითა და გამოწვევებით დახუნძლულ მარათონში, რომელსაც „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ ჰქვია და რომელიც ჯერ ათიდან ხუთი ფინალისტის, მოგვიანებით კი ერთი საუკეთესოს ამორჩევას გულისხმობს.

2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია

EDU.ARIS.GE თითოეული მონაწილეს ესაუბრა, გაეცნო მათ კარიერულ გზას, მოისმინა მათი წარმატების ისტორიები, გაიზიარა ემოციები და სამომავლო გეგმები. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თითოეული მათგანი შეყვარებულია საკუთარ პროფესიაზე და მასზე ისეთი შთაგონებით საუბრობს, შეუძლებელია სულ ცოტა ხნით მაინც არ მოგინდეს მასწავლებლობა თუ არა, სკოლაში მათი მოსწავლის ამპლუაში დაბრუნება მაინც. მთავარ მიზნად, მოსწავლეებისათვის კონკრეტული საგნის შესწავლის გარდა, სწორი ღირებულებების გადაცემა მიაჩნიათ და მათივე მონაყოლიდან ირკვევა, რომ ამას ყოველდღიურად აკეთებენ. თითოეული კონკურსანტი, საკლასო ოთახში სწავლების გარდა, დაკავებულია არაერთი კლასგარეშე აქტივობით, რასაც მათი სკოლების, მოსწავლეების და საერთო ჯამში, განათლების სფეროს განვითარებისათვის უზარმაზარი შედეგი მოაქვს.

EDU.ARIS.GE, დღეს, ხუთ მათგანს – ნინო ფსუტურს, ნინო ნიპარიშვილს, ქამრან აფანდიევს, მარინე კვარაცხელიასა და ინა იმედაშვილს გაგაცნობთ. მომდევნო სტატია კი ათეულის დარჩენილ წევრებს დაეთმობათ.

კონკურსი, როგორც შესაძლებლობა – „ათეულში ყოფნა სარგებელს ჩემს სკოლასა და მოსწავლეებსაც მოუტანს“

“კონკურსში მონაწილეობას ჩემი მოსწავლეების გამო დავთანხმდი” – ნინო ფსუტური

„საკუთარი ინიციატივით ამას, ალბათ, არ გავაკეთებდი“ – ასე იწყებს ჩვენთან საუბარს გორის N8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ნინო ფსუტური, რომლის კანდიდატურაც, კონკურსში უახლოესმა მეგობრებმა წარადგინეს.

„ვგრძნობ, ჩემს მოსწავლეებს, ჩემი წარმატება ძალიან უხარიათ. მეუბნებიან, რომ მათთვის მაგალითი და სტიმულის მიმცემი ვარ. ისევე როგორც ისინი ჩემთვის. კონკურსში მონაწილეობას, დიდწილად, ჩემი მოსწავლეების გამო დავთანხმდი. ვფიქრობდი, რამხელა სტიმული იქნებოდა ეს მათთვის. მასწავლებელი ხომ თავისი მოსწავლეებისთვის ერთგვარი მოდელია. ხშირად აღნიშნავენ, რომ ჩემი მებრძოლი ხასიათი მოსწონთ. ვიფიქრე, ეს კიდევ ერთი მაგალითი იქნებოდა იმისა, რომ არასოდეს უნდა გაჩერდე და როცა ცხოვრება შანსს გაძლევს, უნდა გამოიყენო. ისინი ხედავენ, რომ მასწავლებლის პროფესიაც საინტერესოა, მასაც ახლავს აღიარება და დაფასება. ეს ჯილდო არაერთი ახალგაზრდისთვის შეიძლება გახდეს იმის სტიმული რომ პედაგოგის პროფესიაში შემოვიდნენ და მასწავლებლები გახდნენ,“ – აცხადებს ნინო ფსუტური.

ათეულის წევრობას „დიდ სიხარულს“ უწოდებს, დასძენს, რომ ეს უასმაგებს მოტივაციას კიდევ უფრო მეტი აკეთოს ფორმალური თუ არაფორმალური განათლების კუთხით. ამ მხრივ კი მოსაყოლი, როგორც აღმოჩნდა, მართლაც ბევრი აქვს. ფორმალურ განათლებისთვის, საკლასო ოთახში მაქსიმუმის გაკეთებას რომ თავი დავანებოთ, იმ პროექტების ჩამონათვალი, რომელთა ავტორიცა და სულის ჩამდგმელიც თავადაა და რომლებიც არაფორმალურ განათლებას არა მხოლოდ მის მოსწავლეებს, არამედ უკვე სხვა ჯგუფებსაც აძლევს, უზარმაზარია. მათგან მხოლოდ ორის გამოყოფაც კმარა იმის სადემონსტრაციოდ, თუ რამხელა შრომა და ენთუზიაზმი იდება მისი მხრიდან, რათა ბიოლოგია, გორელი მოსწავლეებისთვის, ერთ-ერთი ყველაზე საყვარელ და საინტერესო საგნად იქცეს:

ქალბატონი ნინოსთვის გამორჩეულად საყვარელ პროექტია „დარგე ემოცია“, რომელიც მოსწავლეებთან ერთად წამოიწყო. სტარტაპი ქაღალდის გადამუშავებით მისალოცი ბარათების შექმნას გულისხმობს, რომელშიც ყვავილების თესლია გარეული. ბარათებს პირველადი ფუნქციის გარდა, მეორეული დატვირთვაც აქვს, რადგან ადრესატს მისი დარგვა და მისგან ახალი, ულამაზესი მცენარის მიღება შეუძლია. ბარათების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი კი ისევ სკოლას ხმარდება. სულ მალე კი გორის #8 საჯარო სკოლაში ქალბატონი ნინოსა და მისი მოსწავლეების მიერ მოწყობილი საგანმანათლებლო ბაღი გაიხსნება, სადაც ბავშვები პრაქტიკაში სწავლობენ და აკეთებენ იმ ყველაფერს, რასაც ბიოლოგიის წიგნებში კითხულობენ. საგანმანათლებლო ბაღის მოვლაში შშმ პირებიც ჩაერთვებიან.

„ყოველ დილას მაქვს სურვილი, ჩემი მოსწავლეების თვალები დავინახო და მათი სითბო ვიგრძნო“ – ნინო ნიპარიშვილი

კონკურსში მოხვედრის განსხვავებული ისტორია აქვს კასპის მუნიციპალიტეტის მრავალპროფილიანი სკოლა-გიმნაზიის მე და საზოგადოების, მოქალაქეობისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელს ნინო ნიპარიშვილს, რადგან იგი მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე, არც მეტი, არც ნაკლები, საკუთარმა მოსწავლეებმა წარადგინეს და დაჟინებული თხოვნით აპლიკაციაც შეავსებინეს.

„ყოველდღიურად სკოლაში მხვდებოდნენ და მეხვეწებოდნენ. მოგვიანებით მშობლებიც ჩარიეს. ჩემი ათეულის წევრობა, მათთვის, უდიდესი სიხარული იყო. მიუხედავად იმისა, რომ სწავლა დასრულდა სკოლაში მისულს დამხვდნენ და მილოცავდნენ. სასწაული ემოცია ტრიალებდა“, – იხსენებს იგი.

ნინო თბილისში ცხოვრობს, სკოლა კი, სადაც ასწავლის, კასპში მდებარეობს. უკვე 16 წელია, ყოველ დღე, თბილისიდან კასპში დადის და ამბობს, რომ მიუხედავად არაერთი შესაძლებლობისა, არც კი უფიქრია სკოლა უფრო კომფორტულ შემოთავაზებაში გაეცვალა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ კასპის, როგორც მშობლიური ქალაქის წინაშე განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობს და მიაჩნია, რომ საკუთარი ძალები მისი განვითარებისთვის უნდა გამოიყენოს.

„ყოველ დილას მაქვს იმის სურვილი, რომ ჩემი მოსწავლეების თვალები დავინახო და მათი სითბო ვიგრძნო. ჩემი დანახვისას ჩასახუტებლად რომ მორბიან, ეს საკმარისი მოტივაციაა იმისთვის, რომ ყოველდღიურად 120 კილომეტრი გავიარო და არ დავიღალო. გაკვეთილების მიღმა კიდევ არაფორმალური განათლების მიმართულებით ვიმუშაო და სასკოლო ცხოვრება, ბავშვებისთვის, საინტერესო გავხადო. მე პასუხისმგებლობა მაკისრია ჩემი ოჯახის წინაშეც, სადაც მესამე თაობის მასწავლებელი ვარ – ბებია პედაგოგი იყო, მამაჩემი მასწავლებელი და იმ სკოლის დამფუძნებელია, სადაც ამჟამად ვმუშაობ. სკოლა 28 წელია არსებობს და ვგრძნობ, რომ ეს გზა ღირსეულად უნდა გავაგრძელო. ამ ყველაფრის გამო დავდივარ თბილისიდან კასპამდე ყოველ დღე და არა თვეში ერთხელ, რაიმე პროექტის ფარგლებში, რისი შესაძლებლობაც ასევე მქონდა“, – გვიყვება ნინო.

კარიერის მანძილზე, არაერთი მცირე თუ მსხვილ წამოწყებას ჩაუდგა სათავეში. მისი ინიციატივითა და ორგანიზებით სკოლის ტერიტორიაზე ოკუპაციის მუზეუმი დაფუძნდა. იდეის განხორციელება სულ მცირე ბიუჯეტით დაიწყო, თუმცა შემდეგ საკმაოდ მასშტაბური პროექტის სახე მიიღო. მუზეუმი, რომლის შექმნაც მოსწავლეების ძალისხმევით მოხერხდა, ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის ღიაა. სტუმრებს მოსწავლეები გიდების ამპლუაში ხვდებიან და არა მხოლოდ ქართულ, არამედ ინგლისურ ენაზეც სრულყოფილ ინფორმაციას აწვდიან რუსული ოკუპაციის შესახებ, დაწყებული 1921 წლიდან – დღემდე.

ჩვენს კითხვაზე, თუ ვის მიუძღვნიდა გამარჯვებას, ნინო გვპასუხობს: „ ჩემი ისტორიის, მუსიკისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს, რომელთაც მე გული, გონება და დამოკიდებულება შევარქვი. მათგან ერთ-ერთი, ქართულის მასწავლებელი, მარინა მენაბდიშვილი ახლაც მოქმედი პედაგოგია და მგულშემატკივრობს. ეს სამი ადამიანი იყო, ჩემთვის, მოტივაციაცა და პასუხისმგებლობაც. მე მათ გზაზე დავდივარ“.

„ჩემი მთავარი მიზანი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქეების გაზრდაა“ – ქამრან აფანდიევი

„ახლა ჩვენთან ზეიმია. მთელი საზოგადოება ჩემი გულშემატკივარია. უამრავი კოლეგა, ნაცნობი, უცნობი მირეკავს და მილოცავს. ჩვენი თემისთვის, ეს უზარმაზარი მოტივაციაა. მითუმეტეს ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ახლა აპირებენ უნივერსიტეტში ჩაბარებას და მასწავლებლის პროფესიის დაუფლებას”, – ეს ათეულის კიდევ ერთი წევრის, ქამრან აფანდიევის ემოციებია, რომლებიც რჩეულთა შორის დასახელებიდან სულ ცოტა ხანში გაგვიზიარა. ქამრანი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელია.

უმაღლესი განათლება ინფორმატიკის კუთხით მიიღო და როცა აღმოაჩინა, რომ მშობლიური სოფლის განვითარების მხრივ ბევრი არაფერი იცვლებოდა, თავისი ცოდნის სოფლისთვის გამოყენება გადაწყვიტა. საგნის გამოცდა ჩააბარა, უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა და სკოლაში ქართულის მასწავლებლად მუშაობა დაიწყო. უკვე შვიდი წელია ამ საქმეს ემსახურება და ამბობს, რომ სოლიდური კომპანიებისგან არაერთი ხელსაყრელი შემოთავაზება მიიღო, რაზე დათანხმებაც მის კარიერას უფრო წარმატებულს, შემოსავალს კი უფრო მსუყეს გახდიდა, თუმცა დარწმუნებულია, რომ მისი ადგილი იქ არის, სადაც ახლაა. ამიტომ, 7 წლის წინ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.

„მიმაჩნია, რომ ახალგაზრდებმა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში წვლილი უნდა შევიტანოთ. ჩვენი შვილები უფრო დემოკრატიულ, უფრო განვითარებულ საქართველოში უნდა გავზარდოთ. საგანმანათლებლო საქმიანობას სკოლის მერეც ვაგრძელებ და მთელი ჩემი დღე სასწავლო პროცესს ეთმობა. ბოლო 10-15 წელში ბევრი რამ შეიცვალა. ქართული ენის შესწავლის საჭიროებას, ჩვენს თემში, ახლა უკვე ყველა აცნობიერებს. ვფიქრობ, რომ დაახლოებით 10 წელიწადში ქართული ენის ცოდნა ბარიერი აღარ იქნება. კარგად მახსოვს, წლების წინ უმაღლესში სასწავლებლად, ჩვენი თემიდან, 2-3 ადამიანი თუ მიდიოდა. ახლა, ყოველწლიურად, ათობით ახალგაზრდა აბარებს. ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, ხუთი წელია, ვახორციელებ პროექტს, რომელიც აზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტებისთვის მოსამზადებელ კურსს მოიაზრებს. ამ პროგრამის მეშვეობით, ბოლო 4 წლის განმავლობაში, 102-მა აბიტურიენტმა ჩააბარა. ახლა წარმატებით სწავლობენ. წელს 32 აბიტურიენტი მყავს და უმრავლესობას გოგონები შეადგენენ. ჩვენ მივეცით შესაძლებლობა და მოსახლეობამ იგი მაქსიმალურად გამოიყენა“, – ამბობს ქამრანი.

მისი მიზანი ჯერ ქვემო ქართლში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაა. ამბობს, რომ მაქსიმალურად ცდილობენ ქართულ საზოგადოებაში ეთნიკურად აზერბაიჯანული თემის ინტეგრაცია მოახდინონ და დასძენს, რომ პროცესი, ნალ-ნელა, წინ მიდის. გვეუბნება იმასაც, რომ თემის წევრების წარმატებები ადგილობრივ მოსახლეობაზე განსაკუთრებულად დადებითად მოქმედებს და მათ მოტივაციით ავსებთ.

„მე ერთ-ერთი ვარ, ვინც სოფელში პოზიტიური ცვლილებები შეიტანა. ჩემი მთავარი მიზანი საქართველოს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქეების გაზრდაა. შვიდი წელია ჩემი ყველა პროექტი, სკოლასა თუ სკოლის გარეთ, ამას ეძღვნება. ყოველთვის ვამბობ, რომ მეტი საერთო გვაქვს, ვიდრე განსხვავება. ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს და ამ სამშობლოს განვითარებისთვის ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. სხვანაირად ვერ განვვითარდებით და უფრო დემოკრატიულ საქართველოში ვერ ვიცხოვრებთ“, – დასძენს ქამრანი.

„ბავშვებს მხოლოდ საგანს არ ვასწავლი, აქტიურ მოქალაქეებად ვზრდი” – მარინე კვარაცხელია

კონკურსში უკვე მესამედ მონაწილეობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარინე კვარაცხელია. ბედი ჯერ 2021 წელს სცადა, მერე 2022 წელს, თუმცა საუკეთესო ათეულის ეტაპამდე ვერ მივიდა. საკუთარი მეთორმეტეკლასელების დაჟინებული თხოვნა რომ არა, განაცხადის გაგზავნას, წელს, აღარ აპირებდა. საბოლოოდ, 35 წლიანმა გამოცდილებამ და განვითარების მუდმივმა მცდელობამ შედეგი გამოიღო და ქალბატონი მარინა ათეულის შემადგენლობაშია.

„იმ დილას სახლში მარტო ვიყავი. ტელევიზორი რომ ჩავრთე და ინფორმაციის გამოცხადება დაიწყო, გული ამიჩქარდა. ეკრანზე ჩემი სახელი და გვარის დანახვისას იმხელა ემოცია დამეუფლა, რომ მაგის მერე სხვა სახელები და გვარები აღარც წამიკითხავს. წლევანდელი ჩემი მონაწილეობა, ოჯახის წევრებისთვის, სიურპრიზი იყო. პირველად მოხდა, რომ მეუღლეს რაღაც დავუმალე. მხოლოდ ჩემმა მოსწავლეებმა იცოდნენ. ბავშვები გაგიჟდნენ სიხარულისგან. ჩემი შემთხვევა ნათელი მაგალითია იმისა, რომ არ უნდა დანებდე, არ შეწყვიტო მცდელობა, რადგან შედეგი ბოლოს მაინც დადგება“, – გვეუბნება ქალბატონი მარინე.

ბავშვობაში სულ მასწავლებლობანას ვთამაშობდი და მუდმივად მეზობლის ბავშვების მასწავლებელი ვიყავიო – გვიყვება. აღნიშნულ სკოლაში უნივერსიტეტის წარჩინებით დასრულების შემდეგ მოხვდა და მას შემდეგ სამუშაო ადგილის შეცვლა არც უფიქრია – „ეს ჩემი მეორე ოჯახია და ჩემი თავი სხვაგან წარმოდგენილიც კი არ მაქვს. ამ სივრცეში ბედნიერი ვარ. მასწავლებლობა, ჩემთვის, პროფესიაზე მეტია“, – დასძენს იგი.

მისი პრაქტიკის პრიორიტეტი არაფორმალური განათლებაა. ამ წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კარიერულად სულ უფრო მაღალ საფეხურზე ასულიყო. ახლა უკვე საგნისა და ავტორიზაციის ექსპერტია, ხარისხის განვითარების ცენტრში, მონაწილეობს კონკურსებში, არის არაერთი სასკოლო თუ სასკოლათაშორისო პროექტის ავტორი, შვიდი რაიონული კონფერენციის ორგანიზატორი. მისი ერთ-ერთი წარმატებული პროექტის „გაიცანი საქართველო“ ფარგლებში მოსწავლეებმა თითოეული კუთხის ისტორიისა და ღირსშესანიშნაობების გაცნობა შეძლეს. შექმნა „მკითხველთა კლუბი“ და ორგანიზებას უწევს სპექტაკლების დადგმას სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით. ასე რომ, პროფესიული განვითარებისთვის აკეთებს ყველაფერს, რისი შესაძლებლობაც მიეცემა.

მიაჩნია, რომ 35-წლიანი სტაჟის მქონე პედაგოგისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარი სიახლის მიღების უნარია. მისი აზრით, თუკი პედაგოგი სიახლეს არ მიიღებს, გაითავისებს და პრაქტიკაში დანერგავს, ვერ განვითარდება. სიახლეებისთვის ფეხდაფეხ მიყოლა და ბავშვისთვის საინტერესო ფორმით მიწოდება, მისთვის, პედაგოგიკის გასაღებია.

„ჩემთვის მთავარია მოსწავლეებს სიღრმისეულად ვასწავლო საკითხი, შევაყვარო ფიქრი და ჰქონდეთ თავისუფლების განცდა. მათ უნდა შეეძლოთ გაკვეთილზე ნებისმიერ საკითხზე გამოხატონ თავიანთი თავისუფალი აზრი. არ აქვთ შეცდომების დაშვების შიში. იციან, რომ ყველა შეცდომა გაანალიზდება და ეტაპობრივად გვექნება პროგრესიც. ეს არის ის, რის გამოც მოსწავლეები, ჩემს გაკვეთილებზე, თავს კომფორტულად გრძნობენ“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში მარინე კვარაცხელია.

„მასწავლებლობა ჩემი ბედისწერაა“ – ინა იმედაშვილი

თბილისის UG სკოლის დაწყებითი საფეხურის და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ინა იმედაშვილის ბავშვობის ოცნებაც მასწავლებლობა იყო და თავიდანვე ზუსტად ჰქონდა წარმოდგენილი როგორი მასწავლებელი უნდოდა ყოფილიყო.

თავდაპირველად, ჟურნალისტის პროფესიას დაეუფლა. ამის მიუხედავად სურვილი – ემუშავა ბავშვებთან, არასოდეს განელებია. ქართული ენისა და წერის სიყვარულმა პროფესიის შეცვლისა და მაგისტრატურის საფეხურზე ძველი ქართული ენისა და ლიტერატურის ისტორიის ფაკულტეტზე ჩაბარებისკენ უბიძგა. ეს არჩევანი, მაშინ, პოპულარული არ ყოფილა. რიგ შემთხვევაში ლექციებზე ერთადერთ სტუდენტად ირიცხებოდა, თუმცა მიიჩნევს, რომ მაგისტრატურაში გატარებულმა ორმა წელმა საკუთარი თავი აღმოაჩენინა. საბოლოოდ, ოცნების პროფესიაში მოხვედრა მაძიებლობის პროგრამის საშუალებით შეძლო.

კარიერული აღმასვლა პირად ტრაგედიას დაემთხვა – ორი წლის შვილი გარდაეცვალა. ამ ფაქტის შემდეგ მისი სურვილი – ასწავლოს ბავშვებს, კიდევ უფრო გამძაფრდა. ამბობს, რომ სკოლაში ტრაგედიიდან ერთ თვეში დაბრუნდა – „ბავშვებმა მომახედეს და ფეხზე დამაყენეს. მივხვდი, რომ მასწავლებლობა ჩემი ბედისწერა იყო. ამის შემდეგ სულ სხვა ეტაპზე გადავედი“, – დასძენს ინა.

სწორედ მოსწავლეებმა მისცეს ძალა დაეწერა წიგნი „გზა ვარსკვლავებამდე არც ისე შორია“, რომელიც გარდაცვლილ შვილს მიუძღვნა და რომელიც ბავშვებისთვის საყვარელ წიგნად იქცა. წერდა და წერს ყველა იმ პრობლემაზე, რასაც სკოლასა თუ განათლების სისტემაში ხედავს. წერს იმ ყველაფერზე, რასაც ქმნის, ნერგავს, აკეთებს. საკუთარი ცოდნის, გამოცდილებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება მისი საქმიანობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო მონაწილეებს შორის მოხვედრას არ ელოდა და განსაკუთრებულად გაუხარდა, რადგან მიაჩნია, რომ პედაგოგებს პოზიტიური სიახლეები აკლიათ. ფიქრობს, რომ კონკურსში მონაწილეობა კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მიცემს, მეტ მხარდაჭერასა მოუტანს, დაეხმარება ხორცი შეასხას საკუთარ იდეებს, რომლებიც ისევ და ისევ პედაგოგების ყოფის გაუმჯობესებას ემსახურება. ისევე როგორც მრავალი აქტივობა, რომელიც მოსწავლეებთან ერთად უკვე განახორციელა და რომელთა მეშვეობითაც ბავშვები სიკეთის კეთებას სწავლობენ. რაც შეეხება გამარჯვებას კი, თუკი ეს მოხდება, საკუთარ მოსწავლეებსა და შვილს მიუძღვნის.

„ეს ყველაფერი მასწავლებლის პროფესიას აცოცხლებს, პოზიტიური ენერგია შემოაქვს. საოცარი წახალისებაა და იმხელა სიხარულის მომტანი, რომ ვერც კი წარმოიდგენთ. ჩემმა მოსწავლეებიც კი აჟიტირებულები არიან. ერთ-ერთმა მეორეკლასელმა, იმის გამო, რომ ტელევიზორში მნახა, სადაც გულსაკიდი მეკიდა, მითხრა – თქვენ ისეთი ცნობილი ხართ, როცა გარდაიცვლებით, თქვენი გულსაკიდი მუზეუმში მოხვდებაო. ძალიან ამაყობენ. ასეთ კონკურსებსა და ღონისძიებებს სფეროს განვითარებასა და პოპულარიზაციაში უზარმაზარი წვლილი ენიჭება. ამის შედეგად მასწავლებელი უფრო მოტივირებული და ბედნიერი ხდება, საკუთარ თავში დარწმუნებულია, უხარია ცხოვრება. ასეთი ბედნიერება კი გადამდებია“, – ამბობს ინა.

2023 წლის საუკეთესო მასწავლებელი მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, 5 ოქტომბერს გამოვლინდება. გამარჯვებულს, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცემა. საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს კი ლიბერთი ბანკი დააჯილდოებს.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეშვიდედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია. კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ოქროს სპონსორები არიან ლიბერთი ბანკი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. სპონსორები არიან: EPAM Georgia, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (ctc) და ალტე უნივერსიტეტი, ხოლო ჯილდოს მხარდამჭერები არიან: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, პირველი არხი|ტელესკოლა და ციფრული-კრეატიული სააგენტო „მავერიკი“.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური