GE

მათემატიკაში ზღვარი აბიტურიენტების 17%-მა მეტმა ვერ გადალახა – გამოცდები 2021

დღეს, 4 აგვისტოს, 2021 წლის აბიტურიენტთა მათემატიკის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა. მათემატიკის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი ზაზა თევდორაძე, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებაში ამბობს, რომ პირველადი შედეგების საფუძველზე, მათემატიკაში ზღვარი აბიტურიენტების 17%-ზე მეტმა ვერ გადალახა.

“2021 წელს დაიწერა 13 უმაღლესი შეფასება – 51 ქულა (გასულ წელს დაიწერა 12 უმაღლესი შეფასება). მინიმალური კომპეტენციის ზღვარი წინა წლის მსგავსად, პირველადი შედეგების მიხედვით 17 % -ზე მეტმა აბიტურიენტმა ვერ გადალახა. ეს მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ მათემატიკის ტესტებმა კარგად მოახდინეს როგორც მაღალი, ასევე საშუალო და დაბალი მათემატიკური ცოდნისა და უნარების აბიტურიენტების დიფერენცირება, რაც სასელექციო გამოცდის ტესტის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს”, – აცხადებს საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, წლიდან წლამდე აბიტურიენტების შედეგებს თუ შევაფასებთ, სამწუხაროდ, “არსებითი სახის გაუმჯობესება არ ჩანს”. ეს არის მისი პასუხი კითხვაზე მოგვცა თუ არა შედეგი ტესტებში შეტანილმა ცვლილებებმა.

“წელს შეიცვალა მათემატიკის ტესტი – კერძოდ, ამოღებული იყო რამდენიმე დავალება და, შესაბამისად, შემცირდა მაქსიმალური ქულა. ტესტის სტრუქტურული ცვლილების შედეგად, როგორც აღვნიშნეთ, ტესტიდან ამოღებულ იქნა რამდენიმე დავალება და პროპორციულად შემცირდა ტესტის შესრულებისთვის გამოყოფილი დრო. ამით ჩვენ შევინარჩუნეთ ტესტის სირთულის დონე და იმავდროულად შევეცადეთ, მოგვეხსნა ტესტზე მუშაობის მეოთხე საათით გამოწვეული დაღლილობა და სტრესი აბიტურიენტებისათვის. ტესტის შედეგების სტატისტიკაზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ ამ ცვლილებებმა გაამართლა”, – აღნიშნავს ზაზა თევდორაძე.

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური