GE

რა დაჯდება 2026 წელს სახელმწიფო უმაღლესებში ჩარიცხული 21 600-მდე სტუდენტის უფასოდ სწავლა? – რის თქმა (ვერ) შეძლო EDU.ARIS.GE-სთან განათლების მინისტრის მოადგილემ

უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, 2026 სასწავლო წელს, სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, 21 589 პირველკურსელის მიღების უფლება ექნებათ. მთავრობის გაცხადებული გადაწყვეტილებით, ამდენივე აბიტურიენტის ჩარიცხვის შემთხვევაში, მათი სწავლა სახელმწიფომ სრულად უნდა დააფინანსოს; სწავლა უფასო იქნება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც.

უკვე ვიცით, რომ 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 43 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა და 10 000-ზე მეტი მაგისტრობის მსურველი, მაგრამ არ ვიცით მთავარი – რა თანხა უნდა დაიხარჯოს ჩარიცხული სტუდენტებისა თუ მაგისტრობის მსურველების უფასოდ სწავლისთვის, მაშინ, როცა გასულ წლებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტების თანხები მთავრობის შესაბამისი დადგენილებით აპრილის თვეში უკვე განსაზღვრული იყო.

ამ თემას განათლების სამინისტრო უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელს აბამს, თუმცა ამ დრომდე ისიც უცნობია, როგორი იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი.

მაშ, რა თანხა აქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გათვალისწინებული, გათვლილი ან ნავარაუდევი მაინც პირველკურსელთა და მაგისტრანტობის კანდიდატთა დასაფინანსებლად? ბიუჯეტშია უკვე გათვალისწინებული თუ ცალკე უნდა განისაზღვროს?

სწორედ ამ კითხვებით მიმართა 14 მაისს, EDU.ARIS.GE-მ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს უმაღლესი განათლების მიმართულებით, ზვიად გაბისონიას, მაგრამ მან კონკრეტული და ვერც სავარაუდო პასუხების გაცემა ვერ შეძლო.

ზვიად გაბისონიამ ჩვენთან საუბარში ვერ დააკონკრეტა, რა თანხა უნდა დაიხარჯოს 21 589 პირველკურსელის სწავლის დასაფინანსებლად, თუმცა გვითხრა, რომ დოკუმენტი, რომლითაც დაფინანსების წესი განისაზღვრება, უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება, ეს განცხადება აქამდეც არაერთხელ მოვისმინეთ.

აი, რას ამბობს განათლების მინისტრი ჩვენი კითხვების პასუხად:

„უახლოეს პერიოდში მთავრობა დაასრულებს და გამოაქვეყნებს უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის წესს, რომლის საფუძველზეც მოხდება სრული დაფინანსება 21 600-მდე სტუდენტის. ჯერ ველოდებით, რამდენი ჩაირიცხება. დაფინანსების მოდელი იქნება ძალიან საინტერესო. ვერ ვამბობთ ახლა იმიტომ, რომ ჯერ არ არის დაზუსტებული – რამდენიმე მოდელი მუშავდება. მაგალითად, რა პრინციპით აითვალოს დაფინანსება, ინფრასტრუქტურული ნაწილი რამდენი ჩაიდოს და ა.შ. ტექნიკურ-ფინანსური საკითხია. ეს ფინანსები მიმდინარე წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია. ისედაც გვაქვს დამატებით გათვალისწინებული 20 მილიონი წლის დასაწყისში და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით მობილიზებასაც მოვახდენთ… სრულად იქნებიან დაფინანსებული, არანაირი შეფერხება ამ ნაწილში არ არის“, – უთხრა განათლების მინისტრის მოადგილემ EDU.ARIS.GE-ს.

ასევე იხილეთ: 

სახელმწიფო უნივერსიტეტების „შფოთვა“ დაფინანსებაზე და მინისტრის მოადგილის ხისტი პასუხი – როდის ამოქმედდება ახალი მოდელი

დეპუტატი: „განათლების რეფორმა მიმდინარეობს ისე, რომ დადგენილი არ არის უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების წესი“

ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური