მეორედ ჩაბარებული ფინალური გამოცდები – „სერვერს მაშინ ვცვლით, როცა რაიმე პრობლემა იქმნება“
ელექტრონული საგამოცდო სისტემის ხარვეზის გამო, რამაც სტუდენტთა საგამოცდო ნაშრომების წაშლა გამოიწვია, სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ფინალური გამოცდები 2-ჯერ, პირველად ელექტრონულად და მეორედ წერილობით ჩააბარეს. უნივერსიტეტში ჯერჯერობით არ იციან ახალი სერვერს დაყენებენ თუ არსებულის განახლება მოხდება. როგორც EDU.ARIS.GE-სთან უნივერსიტეტის საიტის ადმინისტრატორმა განაცხადა, აღნიშნული სერვერი იყო უფასო ვერსია, რომელიც 2012-2013 წელს სასწავლებელმა დააყენა.
EDU.ARIS.GE – ასევე ესაუბრა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნიკოლოზ ახალკაცს, რომელმაც განაცხადა, რომ სერვერები მაშინ ახლდება, როცა მყარი დისკი გამოდის მწყობრიდან, ან რაიმე სხვა სახის პრობლემა დგება.
– ბატონო ნიკოლოზ, რამდენ სტუდენს მოუწია გამოცდის ხელახლა ჩაბარება?
-რამდენ სტუდენტს მოუწია მეორედ გამოცდის ჩაბარება, ამის აღრიცხვა არ გაგვიკეთებია. საქმე ისაა, რომ მართალია, სტუდენტები პარალელურად აბარებდნენ გამოცდებს, თუმცა ზოგს 4 გამოცდა ჰქონდა ჩაბარებული, ზოგს 3, ზოგს ერთი, ასე რომ რამდენი საერთო ჯამში გამოცდაზე რამდენი სტუდენტი იყო გასული ამის სტატისტიკა არ გვაქვს.
– ვინ არის სერვერის განახლებაზე პასუხისმგებელი?
-სერვერს ჩვენი აიტის სპეციალისტები აახლებენ, თუმცა აქ არა პროგრამული, არამედს ტექნიკური პრობლემა გვქონდა, ვინაიდან თავად სერვერი გამოვიდა მწყობრიდან.
– რა ფინანსებთან არის დაკავშირებული სერვერის განახლება და ვინ იხდის თანხას?
– რაც შეეხება სერვერის განახლების თანხას, ეს ჩვენი უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან ხდება. სერვერზე არის მყარი დისკი, მეხსიერების ბარათები და ა.შ. ამას უნივერსიტეტი აკეთებს.
– რა პერიოდულობით ხდება სერვერის განახლება?
– რაც შეეხება სერვერის განახლების ვადებს, თუკი მყარი დისკი არ გამოვა მწყობრიდან და ან რაიმე პრობლემა არ ექმნება და სერვერი მუშაობა მდგომარეობაშია, ტყუილად ხომ არ განვაახლებთ. სერვერები ახლდება მაშინ, როცა მყარი დისკი გამოდის მწყობრიდან, როგორც ეს ზოგადად ტექნიკის შემთხვევაში ხდება.
-ანუ, კონკრეტული ვადა არ აქვს სერვერის მუშაობას, რამდენ ხანში ერთხელ უნდა განახლდეს და ა.შ.?
– ეს წმინდა ტექნიკური საკითხებია და სიმართლე გითხრათ არ ვიცი, მაგრამ ვინჩესტერები, სერვერის მეხსიერება რასაც ჰქვია, ეს იდება სერვერში, ჩვენ გვაქვს სარეზერვო მეხსიერების ბარათებიც და თუ საჭიროება დგება, მეხსიერება არ გვყოფნის ან სხვა, მაშინ ამ სარეზერვო მეხსიერების ბარათებს ვიყენებთ.
ამ შემთხვევაშიც, გამოცდები იწერებოდა ერთ ვინჩესტერზე და მერე სათადარიგოზეც გვქონდა ჩაწერილი ავარიული სიტუაციის დროს რომ მომხდარიყო მისი დამახსოვრება. თუმცა ძირითადი ბარათის დაწვის შედეგად სათადარიგოც დაზიანდა.
– როდის განახლდება სერვერი?
– ეს არ არის დიდი პრობლემა. ახლა აზრი აღარ აქვს, თითქმის ნახევარი გამოცდები აღდგენილია წერილობით ფორმატში.
– ანუ მომავალი გამოცდის პერიოდში აღნიშნული პრბლემა აღარ იარსებებს?
-მომავალი გამოცდების პერიოდში აღნიშნული პრობლემა აღარ იქნება. ჩვენ ამისთვის ყველა ზომას მივიღებთ. გარდა სერვერისა, სადაც საგამოცდო პროგრამა იქნება ჩაწერილი, გვექნება გარე მეხსიერება, რომელიც სისტემასთან არ იქნება შეერთებული. გავაკეთებთ რამდენიმე რეზერვს, რომ მსგავსი პრობლემა აღარ იყოს და, რა ვიცი, მართლა მეორედ მოსვლა ხომ არ იქნება, რომ გარე მეხსიერებასაც პრობლემა შეექმენას და დაიწვას ან რაიმე მოუვიდეს. ასე რომ, მაქსიმალურად დაცული გვექნება შემდგომში.
EDU.ARIS.GE ასევე დაუკავშირდა უნივერსიტეტის საიტის ადმინისტრატორ ივანე ჯანოვს, რომელის თქმითაც, სისტემა რომელსაც უნივერსიტეტი იყენებდა 2012-2013 წლებში დაინერგა და უფასო ვერსია იყო. მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია შეიცვლება თუ არა სერვერი.
„ჩვენ გვქონდა Linux სისტემა, რომელიც არ საჭიროებდა განახლებას. ზოგადად არის სხვადასხვა ვერსიები, თუმცა ჩვენ ეს სისტემა ამოვარჩიეთ, რომელიც ჩვენს მოთხოვნებს სრულიად აკმაყოფილებდა.
„Linux-ის ვერსია აირჩა მაშინ, როცა ეს სისტემა დაინერგა, ეს იყო 2012 ან 2013 წლი. ეს იყო უფასო ვერსია და თანხა არ გადაგვიხდია. შეიცვლება თუ არა სისტემა ჯერ არ ვიცით, ამაზე არ შევთანხმებულვართ. გადაგზავნილი გვაქვს სპეციალისტებთან და ველოდებით არსებული მონაცემების აღდგენას. თუ აღდგა მონაცემები, შეიძლება, აღარ შევცვალოთ და იგივე ვერსია დავტოვოთ, გააჩნია რას გვეტყვიან“, – განგვიცხადა ივანე ჯანოვმა.
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ფინალური გამოცდები 2-ჯერ ჩააბარეს
მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება
- დაიწყო რეგისტრაცია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით – ინსტრუქცია და ვადები by ARIS.GE-განათლება