GE

„მსგავსი შეხვედრები კიდევ უფრო საინტერესოს ხდის სტუდენტურ ცხოვრებას“ – ნიკო ნიკოლაძის 175 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გთუნიში

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტმა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლა. ღონისძიება ნიკო ნიკოლაძის 175 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. ცნობილი პუბლიცისტის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოიცა კრებული, რომელშიც კონფერენციაზე განხილული ყველა მოხსენება შევიდა.

ნიკო ნიკოლაძის საბანკო პოლიტიკა და კავშირი თანამედროვე რეალობასთან, რა სიახლეები დაამკვიდრა მან ქართული პრესის ისტორიაში და რას ფიქრობდა  შეიარაღებისა და მისი სოციალურ ეკონომიკური შედეგების შესახებ – ეს გახლდათ საკითხების ნაწილი, რის შესახებაც უმაღლესი სასწავლებლის აკადემიურმა პერსონალმა და სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს.

კონფერენცია გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა გახსნა. მისი განცხადებით, მსგავს ღონისძიებას უნივერსიტეტი უკვე მეორედ მასპინძლობს, პირველი კონფერენცია 5 წლის წინ, პუბლიცისტის 170 წლის იუბილეზე შედგა.

„კონფერენცია ეძღვნება ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 175 წლისთავს. ის იყო უდაოდ დიდი მოღვაწე, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქვეყნის განვითარებაში.  ჩვენ მისი საქმიანობა არამხოლოდ ისტორიული თვალსაზრისით გვაინტერესებს, არამედ თანამედროვეობის ჭრილშიც. ძალიან ბევრი მისი იდეა და მის მიერ განხორციელებული საქმე, მნიშვნელოვანია დღევანდელ რეალობაში. ჩვენ არამხოლოდ მის ხსოვნას მივაგებთ პატივს, არამედ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პრობლემებზეც ვსაუბრობთ. კონფერენცია ტარდება განათლების სამინისტროს ეგიდით „ინოვაციებისა და მეცნიერების ფესტივალის“ ფარგლებში. მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი აკადემიური პერსონალი, ასევე მოწვეული სტუმრები საქართველოს და საზღვარგარეთის უნივერსიტეტებიდან“,- განაცხადა გიორგი მათიაშვილმა EDU.ARIS.GE -სთან საუბარში.

კონფერენციას პროფესორი დალი ჩიკვილაძე უძღვებოდა, მან საზოგადოებას წარუდგინა მომხსენებლები, რომლებიც ნიკო ნიკოლაძის შესახებ საუბრობდნენ. მათ შორის გახლდათ დიდ ჯიხაიშში მდებარე ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი ლია ბიბილეიშვილი. მან ქუთაისში პირველი ბანკის დაარსების პერიპეტიებსა და ნიკო ნიკოლაძის პოზიციის შესახებ მოუთხრო იქ შეკრებილებს.

„ხუთი წლის წინ, როდესაც ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 170 წელი შესრულდა, მაშინაც გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტთან ერთად აღვნიშნეთ ეს თარიღი. მაშინ თავად იყვნენ ჩამობრძანებულები დიდ ჯიხაიშში. წელსაც ამ უნივერსიტეტში დაიწყო საიუბილეო ღონისძიებები, რომელიც სხვა ქალაქებშიც გაიმართება. მსგავსი შეხვედრების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ ნიკო ნიკოლაძის როლისა და მნიშვნელობის შესახებ. ის არ გახლავთ დასავიწყებელი პიროვნება. ნიკოლაძის შეხედულებები, რომელიც საბანკო პოლიტიკას ეხება თანამედროვეობასთან ძალიან ახლოსაა. იდეები რასაც ნიკო ნიკოლაძე ქართული ბანკის დანიშნულებაზე წერდა და საუბრობდა, სწორედ დღევანდელ საქართველში უნდა იყოს განხორციელებული”,- განმარტა ლია ბიბილეიშვილმა ჩვენთან საუბარში.

კონფერენციის სხვა მონაწილეებმა, თავიანთ გამოსვლებში წარმოაჩინეს ნიკო ნიკოლაძის, როგორც პიროვნული თვისებები, ისე მისი საზოგადოებრივი, ეკონომიკური, სოციალური, ლიტერატურული ნააზრევი. გამომსვლელები შეეხნენ ისეთ სფეროებს როგორიცაა საგამომცემლო საქმე, ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვება, საინჟინრო საქმიანობა, ჰიდროენერგეტიკა. მონაწილეთა გამოსვლების შემდეგ ჟურნალისტ თამარ თაგვაძის დოკუმენტური ფილმის „175“ ჩვენება გაიმართა.

ღონისძიებას გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. მათი განმარტებით მსგავსი შეხვედრების ჩატარება აუცილებელია, რომ სახელოვანი წინაპრების გამოცდილება თნამედროვე ცხოვრებაში იქნას გამოყენებული.

„კიდევ ბევრი უნდა იყოს მსგავსი ღონისძიებები, რომ მეტი ინფორმაცია მიიღოს სტუდენტმა. ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესო იყო ნიკო ნიკოლაძის მოსაზრებები საბანკო საქმის შესახებ, ასევე განსაკუთრებული ინტერესით მოვისმინე, მისი როგორც გაზეთ „ობზორის“ რედაქტორის საქმიანობაზე ისტორიები. მსგავსი შეხვედრები კიდევ უფრო საინტერესოს ხდის სტუდენტურ ცხოვრებას“,- აღნიშნა სტუდენტმა თეონა წიქორიძემ.

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური