GE

მუსიკის ზეგავლენა სწავლაზე – როგორ შევარჩიოთ შესაბამისი მუსიკა

შეგვიძლია გავარკვიოთ, როგორ მოქმედებს მუსიკა ჩვენს შრომისუნარიანობაზე, ან რა ტიპის მუსიკა დაგვეხმარება ყურადღების მოკრეფაში სწავლის დროს. მარკეტოლოგი და ბლოგერი ნატალია კოვალჩუკი წერს, რომ მუსიკა უდიდეს ზეგავლენას ახდენს ადამიანის ინტელექტზე, სხეულსა და სულზე.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ადამიანზე დიდ ზეგავლენას ახდენს შემდეგი ფაქტორები:

– ცალკეული/კონკრეტული მუსიკალური ინსტრუმენტების ჟღერადობა
– ტრადიციული მელოდიები
– თანამედროვე მიმდინარეობები
– ადამიანის ფსიქოლოგიური განწყობა
– კონკრეტული ავტორების ნამუშევრები
– მუსიკის კონკრეტული ჟანრები

განწყობა არის ადამიანის ემოციური მდგომარეობა, რომელიც განსაზღვრავს მის ქმედებებსა და ქცევას. ჩვენს განწყობაზე ცალკეული ცხოვრებისეული სიტუაციები იმდენად დიდ ზეგავლენას არ ახდენს. განწყობას უფრო ცხოვრების ზოგადი სურათი ქმნის. ასევე სხვადასხვა მოვლენები, სიტყვები, შინაგანი მდგომარეობა.

განწყობა ძალიან დიდ როლს თამაშობს იმაში, თუ როგორ აღიქვამს ადამიანი სამყაროს. ავტორს საკმაოდ გავრცელებული და მარტივი მაგალითი მოჰყავს: „როდესაც ცუდ განწყობაზე ვართ ყველაფერს მძაფრ, მუქ ფერებში ვხედავთ. სწორედ ასეთ დროს მივმართავთ ხოლმე მუსიკას, თანაც ნებისმიერს“.

მუსიკის სხვადასხვა ჟანრი სხვადასხვაგვარად მოქმედებს. ძლიერ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს შემდეგი ფაქტორები:

– მუსიკალური რიტმი
– ტონალობების სხვადასხვაგვარობა
– სიხშირეები
– ხმის სიმაღლე
– დამატებითი ეფექტები

მუსიკა ყურადღების კონცენტრირებისთვის – როგორ შევარჩიოთ შესაბამისი მუსიკა?

“იმისათვის, რომ მოსწავლემ შეძლოს მასალის ათვისება, მას კონცენტრირება სჭირდება. იგი პროდუქტიული უნდა იყოს. მაშინ მშველელად გვევლინება მუსიკა, მაგრამ მთავარი მუსიკის სწორად შერჩევაა“, – წერს ავტორი.

ბირმინგემის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაამტკიცეს მუსიკის ეფექტურობა ისეთი მონოტონური საქმიანობების დროს, როგორიცაა: ტაბულების შევსება, ელექტრონული ფოსტის შემოწმება, ფორმულებთან მუშაობა და სხვა. ასევე, მოსაწყენი საქმის დასრულება მუსიკასთან ერთად უფრო სწრაფად შეიძლება.

რთული ინტელექტუალური საქმიანობის დროს მუსიკა საგულდაგულოდ უნდა შეირჩეს.

მკვლევრები გვთავაზობენ მუსიკის იმ მიმდინარეობებს, რომლებიც ტვინს მუშაობას აიძულებს და სწავლაში დაგვეხმარება:

ბუნების ხმები – რენსელერას პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრებმა მაღალი შრომისუნარიანობა დააფიქსირეს იმ მოსწავლეებში, რომლებიც ღია სივრცეში, ბუნებაში სწავლობდნენ, სადაც უწყვეტად ჟღერდა ბუნების ხმები. მათ ეს ახსნეს იმით, რომ ბუნების ხმები ახშობს სხვა ხმებს, რომლებიც ძალიან ფანტავს ადამიანის ყურადღებას. ბუნების ხმები აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციას და კოგნიტურ ფუნქციებს.

საყვარელი მუსიკა – კოვალჩუკი აღნიშნავს, რომ ყველას გვაქვს ისეთი მელოდია, რომელსაც ჩვენი გაღიმება შეუძლია. დადგენილია, რომ ჩვენთვის საყვარელი მუსიკის ფლეილისტი დადებითად მოქმედებს სწავლის ხარისხზე და საერთოდ, გვიადვილებს სწავლას.

მაიამის უნივერსიტეტის მკვლევარი ტერეზა ლისიუკი მივიდა დასკვნამდე, რომ სტრესი გვაიძულებს სწრაფი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებას და ასევე ცუდად მოქმედებს ყურადღების კონცენტრაციაზე. მისი აზრით, საყვარელ მუსიკას განწყობის გაუმჯობესება შეუძლია. ეს კი სწავლაზე დადებითად აისახება.

ნეიტრალური მუსიკა – ტაივანის უნივერსიტეტმა ჩაატარა კვლევა, რომელმაც დაადგინა, რომ საყვარელ მუსიკას ყურადღების დაქვეითებაც შეუძლია. ამიტომ, თუ საყვარელი მუსიკა ყურადღების კონცენტრაციაში გვიშლის ხელს, ავტორი გვთავაზობს, რომ უარი ვთქვათ ნაცნობ მუსიკაზე და მოვუსმინოთ მუსიკას, რომელიც დიდად არ გვიზიდავს.

ინსტრუმენტული მუსიკა – ambridge Sound Management – ის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, კონცენტრაციისთვის ხელშემშლელი შეიძლება გახდეს არა ხმაური, როგორც ასეთი, არამედ ყურადღების გამახვილება სიმღერის სიტყვებზე.

კვლევების მიხედვით აღმოჩნდა, რომ ადამიანის ტვინი ავტომატურად ცდილობს სიტყვების შინაარსი გაიგოს, როდესაც საუბარი ესმის – ეს ადამიანის ბუნებაა, ამიტომ მკვლევრების აზრით, ამას არ უნდა ვებრძოლოთ.

10 ნაბიჯი, რომლებიც დაგვეხმარება ვისწავლოთ უფრო სწრაფად

მოამზადა მარიამ დათაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური