GE

„მხარდამჭერები ვიყოთ“ – რა სურთ „ჯენ ზი“ და „ალფა“ თაობებს და როგორ უნდა აირიდოს მათთან კონფლიქტი მშობელმა ან პედაგოგმა

„ჩემს შვილთან საერთო ენას ვერ ვპოულობ, ვეღარ ვხვდები როგორ მივუდგე“, „ჩემმა შვილმა ტატუ ისე გაიკეთა, არ შემითანხმა“, „ჩემი გოგონა ისეთი ჩაცმული დადის, მეზობლების მრცხვენია“, „სლენგებით მელაპარაკება და არაფერი მესმის“, „არაფერი აინტერესებს კომპიუტერთან ჯდომის გარდა“, „ეზოში არ გადის და არავის ეკონტაქტება“, „ისეთი გულჩათხრობილია, ვფიქრობ, სკოლაში ხომ არ აბულინგებენ?“, – მსგავსი ფრაზები ალბათ ხშირად გსმენიათ. ამ ფრაზებით გულისტკივილს იმ თაობების მშობლები გამოხატავენ, რომლებზეც ხშირად ვამბობთ, რომ უფროსებისგან ძალიან განსხვავდებიან. ისინი ჩაჩებით, პირსინგებით, ტატუებით, ზედმეტად ფერადი, ან სულ შავი, დიდი ზომის სამოსით დადიან, ინტერნეტსივრცესა და ტექნოლოგიებზე დამოკიდებულები, სოციალურ ქსელებში აქტიურები, ზედმეტად თავისუფლები არიან, არ ცნობენ იერარქიას – ყველას თანასწორივით ესაუბრებიან და საკუთარ აზრსაც ნებისმიერ თემაზე თამამად აფიქსირებენ, არ აღიარებენ სტიგმას, არ ექცევიან ჩარჩოებში და თითქოს, რეალური სამყაროსგან მუდმივად „გასულები“ არიან. ხშირად აგრესიულობაში, სისასტიკეში ვადანაშაულებთ და ისიც ხშირად გვითქვამს, რომ მათ შორის ბულერები და ბულინგის მსხვერპლიც ბევრია… ეს „ჯენ ზი“ (Generation Z – 1997-2012) და ალფა (Generation Alpha – 2010-2020) თაობაა. თაობები, რომელთა ნაწილიც დღეს სკოლის მოსწავლეა და ვისთანაც უფროსი თაობის წარმომადგენლებს, არაერთი პრეტენზია აქვთ.

რეალურად რა არის თაობათა თანამედროვე ბრძოლის მიზეზი? როგორ აღმოვფხვრათ კონფლიქტი? როგორ გამოვნახოთ მოზარდებთან საერთო ენა? რა სურთ Gen Z და Alpha თაობის წარმომადგენლებს და რა უნდა გავითვალისწინოთ მათთან ურთიერთობისას? – ამ და სხვა საინტერესო თემაზე EDU.ARIS.GE-ს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი, ნინო ბუაძე ესაუბრება:

– ქალბატონო ნინო, რა გამოარჩევს „თაობა ზი“ და „ალფა“ თაობის მოზარდებს სხვა თაობებისგან?

– საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებთ. ეს არის თაობა, რომელსაც ყველაზე მეტი შემხებლობა აქვს ტექნოლოგიებთან, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და სიუხვე განვითარების ტემპზე აისახება. ისინი საკუთარი საჭიროებების იდენტიფიცირებას ახდენენ და მეტად ფოკუსირებულნი არიან იმაზე, რა უნდათ. მათთვის დომინანტურია დისტანციური ფორმატით, ონლაინში მიმდინარე კომუნიკაცია. ურთიერთობის დიაპაზონი გაიზარდა და საზღვრებს მიღმა მყოფი თანატოლებიც მათი ახლობლები გახდნენ. ეცნობიან მათ ღირებულებებს, კულტურას. არაერთი შემთხვევაა, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში, როცა მოზარდს უარი უთქვამს სოციალურ ურთიერთობებზე. მშობელი წუხს, რომ შვილი აღარ მიდის სკოლაში, დაბადების დღეზე, ნათესავთან, არ ჩადის ეზოში, არ ეკონტაქტება თანატოლებს, ირჩევს ონლაინ მეგობრებთან ურთიერთობას… ეკრანის გავლენა აისახება სწავლების პროცესზე, მოზარდის ნებისყოფაზე, ყურადღების კონცენტრაციაზე, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაზე. ამასთანავე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან ერთად, საფრთხეც ბევრია – პირადი სივრცე და კონფიდენციალურობა არაა დაცული, მარტივად დგება კონტაქტი, ადვილად შედიან ნდობაში, კიბერ-ბულინგის არაერთი შემთხვევაა. ამას ემატება, ხელმისაწვდომობა ყველა ტიპის ინფორმაციაზე, რაც ასაკის გათვალისწინებით, დამაზიანებელია.

– ასეთ დროს რა არჩევანი გვაქვს, როგორ მოვწყვიტოთ შვილი ონლაინ სივრცეს?

– ხისტი ჩარევით ვიღებთ მხოლოდ გაღიზიანებას, აგრესიას, გამძაფრებულ სურვილს, რომ მიიღოს აკრძალული და დამოკიდებულებას, რომ „შვილის არ გვესმის“. გამოსავალია, ჯერ ვაღიაროთ, რომ ონლაინ სფერო მათი ემოციური სფეროსა და სოციალური უნარებისთვის ერთგვარი საკვებია. შემდეგ კი, გავაძლიეროთ მისი სხვა კომუნიკაციის ველი და მივაწოდოთ ინფორმაცია საფრთხეებსა და პირადი სივრცის მნიშვნელობაზე. „ალფა“ თაობა ბევრს საუბრობს ონლაინ თამაშებზე. იქ რეალური სამყაროსგან მკვეთრად განსხვავებული ვითარებაა – არ არიან სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები, განსხვავებული საჭიროებების მქონე ადამიანები, აქვთ მიზნები, საკუთარ ძლიერ მხარეებზე მორგებულ დავალებებს ასრულებენ, შედეგებს ადვილად აღწევენ, იმარჯვებენ და ამის გამო ქებას იმსახურებენ. მარტივად მიღებული წარმატების, გამარჯვების შეგრძნება, შექება, აღიარება – ესაა, რითაც ონლაინ თამაშები მოზარდებს „კვებავს“.

დავფიქრდეთ, ხომ არ არის ამ ყველაფრის დეფიციტი მათ რეალურ ცხოვრებაში? თუ ამ დეფიციტს შევუვსებთ, ჩვენი ურთიერთობა ღია და ნდობაზე დაფუძნებული გახდება. ასევე, უნდა დავფიქრდეთ, მშობლები და მასწავლებლები ზედმეტად მაღალ მოთხოვნებს ხომ არ ვუყენებთ მათ? დღესაც მქონდა საუბარი მოზარდებთან საკითხზე: „რა არის ის, რასაც ვერ ვამბობ და რომ შემეძლოს ვეტყოდი მშობლებს“. პასუხები ასეთი იყო: „ხანდახან 8 ქულაც ნორმალურია“; „8 თუ მივიღე, არ ნიშნავს, რომ სუსტი ვარ“. „დაბალი ქულის გამო არ უნდა მეჩხუბო“. „მომისმინე“; „მეტი დრო დამითმე“. „გამიხარდება, თუ შემაქებ“. საგანმანათლებლო სივრცე ცდილობს ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგას, გაითვალისწინოს თითოეული ბავშვის ძლიერი მხარეები და საჭიროებები, მაგრამ უპირველესად მშობელი უნდა გრძნობდეს ბავშვის ინდივიდუალური განვითარების ტემპს და უქმნიდეს მას მხარდამჭერ, ნდობაზე დაფუძნებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.

– „ალფა“ თაობა ონლაინ თამაშებზე, „თაობა ზი“ კი სოციალურ ქსელზე, მაგალითად „ტიკ-ტოკზეა“ დამოკიდებული. ესეც რეალური სამყაროსგან გაქცევის ერთ-ერთი საშუალებაა?

– აღიარების მოთხოვნილება ჩვენი მოთხოვნილებათა იერარქიის ნაწილია. „ტიკ-ტოკი“ სივრცეა, სადაც ადვილად გაგიცნობენ, ხდები პოპულარული და მერე შენზე ისაუბრებენ თანატოლები, შედარებით მეორეხარისხოვანია, თუ რას იტყვიან უფროსები. რთულია, მშობელმა საკუთარ თავს დაუკვეთო ღირებულებების მკვეთრი ცვლილება, მაგრამ ის, რაც ნამდვილად გამოგვივა, ქცევის ანალიზია. ნებისმიერი ქცევის აღმძვრელი არის კონკრეტული მოთხოვნილება, მისი დაკმაყოფილების მექანიზმები კი განსხვავებულია. შესაძლოა ეს იყოს „ტიკ-ტოკი“, ან სხვა რამ, რაც მე, მშობელს არ მომწონს, მაგრამ თუ ვაცნობიერებ რატომ აკეთებს ამას ჩემი შვილი, თუ მასთან ერთად განვიხილავ მის ქცევას, გავუგებ და მივიღებ მას.

– ასე მოხდება იმიჯისა და ჩაცმულობის შემთხვევაშიც? რაც მშობლების კიდევ ერთი გულისტკივილია…

– დიახ. ნებისმიერ შემთხვევაში მოზარდის ნებაც უნდა გავითვალისწინოთ. როცა სამოსთან დაკავშირებით მშობლების პოზიციას ვისმენ, ვთხოვ, გაიხსენონ საკუთარი ჩაცმულობა თინეიჯერობის ასაკში. დღეს ძალიან კრიტიკული ვარ იმ სამოსის თუ გარეგნული შტრიხების მიმართ, რომელიც მოზარდობისას მქონდა, მაგრამ მახსენდება, რომ მაშინ ძალიან მომწონდა. „ჯენ ზი“ იცვამს ჩაჩს იმიტომ, რომ ტრენდულია, კომპლიმენტებს იღებს თანატოლებისგან. ამგვარად, თუ ჩემს შვილს თავის დამკვიდრებისთვის, მიკუთვნების მოთხოვნილების დაკმაყოფილებისა და თვითშეფასების ფორმირებისთვის უნდა რომ ჩაიცვას ჩაჩი, დაე ჩაიცვას! მშობლის კომენტარი გამახსენდა – „შენ კი არ უნდა ჰბაძავდე სხვას, სხვები უნდა გბაძავდნენ“. ეს პოზიცია ვერ მოერგება მოზარდს. ნუ ვიქნებით ასეთი კრიტიკულები ჩაცმულობისა და იმიჯის გამო. პირიქით, მხარდამჭერები ვიყოთ. მიხარია, როცა მათთვის ავტორიტეტ მშობლებზე მოზარდები ამბობენ: „მე დედა და მამა მიგებს“. ეს მესიჯია, რომ გრძნობს მშობლის თანადგომას. ასე მაშინ ხდება, როცა მშობელი იაზრებს, რომ მისი გამოცდილებები არ უდრის ზოგადად სამყაროს გამოცდილებებს და არ არის უნივერსალური. ყველაზე კარგი, რაც მშობელმა შვილს შეიძლება გაუკეთოს, არის ის, რომ მიაჩვიოს ინფორმაციის გადამუშავებას, აზროვნებას, სიტუაციის ფართო დიაპაზონით განხილვას და ამასთან, აგრძნობინოს, რომ მისთვის მუდმივად ხელმისაწვდომი და მხარდამჭერია.

– საზოგადოებაში გავრცელებული აზრია, რომ ზი თაობის დევიზია „სრული თავისუფლება“. ასაკისა და გამოცდილების გათვალისწინებით, რამდენად შეგვიძლია მივანიჭოთ მათ მაქსიმალური თავისუფლება ან როგორ „შევზღუდოთ“ ისე, რომ პროტესტი არ გაუჩნდეთ?

– ამ შემთხვევაში დავფიქრდებოდი, რას გულისხმობენ თავისუფლების მიღმა. ამ სიტყვის უკან შეიძლება ძალიან დიდი შიში დგას. ეს რაღაც მარწუხებისგან, სტერეოტიპული ხედვისგან, საკუთარი გამოცდილებისგან, მშობლების დამოკიდებულებებისგან ან თუნდაც სკოლისგან განთავისუფლების სურვილს ჰგავს. „სრულ თავისუფლებაში“ ნუ აღვიქვამთ რაღაც უკიდურესს. ნუ ვუყურებთ მათ მეორე ნაპირიდან. მხოლოდ იმას ნუ გავიგებთ, რაც გვაღიზიანებს და გვაშინებს. უფრო ღრმად ჩავწვდეთ რას გულისხმობენ, რა სურთ, რას ვერ იღებენ. საინტერესო გამოცდილებას გაგიზიარებთ: როდესაც მოზარდებს ვთხოვ დახატონ ოცნების ქალაქი, 80% ხატავს ადგილს, სადაც არის სივრცეები შემოქმედებითი და სპორტული აქტივობების შესაძლებლობისთვის, მაგრამ ამ ნახატებზე არ არის სკოლა. ისინი ოცნებობენ გათავისუფლდნენ სკოლისგან. არადა, სკოლა მხოლოდ საგანმანათლებლო სივრცე კი არა, სოციალური ურთიერთობების, ღირებულებების, დამოკიდებულებების ჩამოყალიბების, ინდივიდის ფორმირების ადგილია.

– ანუ, თანამედროვე სკოლა ვერ დაეწია „ზი“ და „ალფა“ თაობების მოთხოვნებს და ვერ იქცა სივრცედ, სადაც ისინი ცოდნასაც მიიღებენ და თავს კომფორტულად იგრძნობენ?

– მშობლებისა და ბავშვების უკუკავშირის გათვალისწინებით და ჩემი, როგორც დამკვირვებლისა და მშობლის პოზიციიდან გეტყვით, რომ დიახ, სამწუხაროდ ასეა. ეს თაობა პოზიციურად მეტად ავლენს თავს, ღიად უპირისპირდება დირექტიული სწავლების ფორმას. „უნდა მომისმინო!“, „ვალდებული ხარ!“, „მოგიწევს!“… – ამ ტიპის კომუნიკაცია აღარ არის მათთვის მისაღები. მათ სჭირდებათ არგუმენტირებული პასუხები კითხვებზე: „რატომ?“; „რაში გამომადგება ამის სწავლა?“… ზრდასრულები კი მათ ხშირად სწორედ არგუმენტების არქონის გამო ვესხმით თავს და ვამბობთ, „უზრდელია“ „როგორ ბედავს!“. რატომ ჰგონია პედაგოგს, რომ მხოლოდ ის ასწავლის მოსწავლეს? ხშირად სწორედ მოსწავლის კითხვაზე არგუმენტირებული პასუხის ძიებაში იწყება საკუთარ თავზე მუშაობა და პედაგოგის პროფესიული ზრდა.

ვაღიარებ, არის მცდელობა და მსჯელობა იმაზე, რა მეთოდები დავნერგოთ, ტექნოლოგიები როგორ გამოვიყენოთ, რომ სასწავლო პროცესი უფრო შემოქმედებითი და საინტერესო გახდეს. როგორც წესი, ბავშვებს სწორედ ის პედაგოგი უყვართ, ვინც ამას ახერხებს. იმ პედაგოგის მიმართ კი, ვინც დღემდე სწავლების დირექტიულ მეთოდს იყენებს, უკიდურესი აგრესიაა. ამ შემთხვევას ხშირად ვაზიარებ: ამ ეტაპზე არაფორმალური განათლების სფეროს წარმომადგენელი ვარ. ერთ-ერთი შეხვედრის დროს მოზარდმა თქვა, ვეღარ დავრჩები, „შუშანიკის წამებას“ გავდივართ სკოლაში და ხვალ ვარსქენის უფლებები მაქვს დასაცავიო. როცა „შუშანიკის წამება“ ახსენა, კრიტიკულ პოზიციას ველოდი, მაგრამ ის ძალიან დაინტერესებული აღმოჩნდა. წარმოიდგინეთ, როგორ მიაწოდა ქართულის მასწავლებელმა ბავშვებს ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები, მისცა დებატების ფორმა გაკვეთილს და ბავშვებმაც ისე ისწავლეს და გაიაზრეს, რომ ის სიმძაფრე რაც ტიპურია ჰაგიოგრაფიული ტექსტის დაზეპირებისას, არ უგრძვნიათ. ესაა შემოქმედებითი და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება. სწორედ კრეატიულობა, კრიტიკული აზროვნება, სხვადასხვა ფორმატით შეთავაზებული სავარჯიშოებია ის, რითაც ახალ თაობას ზრდი და იზრდები შენც, როგორც სპეციალისტი.

– „ალფა“ და „ზი“ თაობის წარმომადგენლებს ხშირად „სისასტიკის“ გამოც ვესხმით თავს და არგუმენტად, სკოლაში დღემდე არსებულ გამოწვევას – ბულინგს ვასახელებთ. არიან თუ არა თანამედროვე მოზარდები წინა თაობებზე უფრო აგრესიულები და როგორ ამოვიცნოთ მათ შორის ბულერი ან ბულინგის მსხვერპლი?

– ბულინგი ყოველთვის იყო. კარგად მახსოვს, რომ ჩემი სკოლაც საკმაოდ დახუნძლული იყო მსგავსი ტიპის გამოწვევებით. კარგია, რომ ამის გაზიარება და სახელდება დაიწყო, მაგრამ მაინც მგონია რომ სკოლას, როგორც სისტემას, მეტად გაძლიერება და სერვისებზე ხელმისაწვდომობა სჭირდება, სადაც ბავშვი, პედაგოგი და მშობელი ერთიანდება ბულინგისა თუ სხვა გამოწვევების პრევენციისთვის. თანამედროვე მოზარდები უფრო აგრესიულები არ არიან. უბრალოდ, შესაძლებლობა მისცეს საკუთარ თავს, მეტად გამოხატონ პოზიცია, ემოცია. ამასთან, დღეს უფრო ხელმისაწვდომი და საჯაროა ინფორმაცია, ამიტომ ვიგებთ მსგავსი ფაქტების შესახებ.

რაც შეეხება ბულერისა და მსხვერპლის ამოცნობას. მსხვერპლს, ამოვიცნობთ გამოხატული ცვლილებებით: უფრო ჩაკეტილი, მორცხვი, უინიციატივო ხდება, თვალით კონტაქტის დეფიციტით გამოირჩევა, ინტერესს არ იჩენს იმის მიმართ, რაც ადრე უყვარდა და ვეღარ ახდენს კონცენტრირებას, დაბნეულია, შფოთვის მაღალი დონით, ძილის დარღვევებით და ზოგჯერ მისთვის უსაფრთხო გარემოში გამოხატული აგრესიით გვევლინება. მოძალადე კი, ძალადობრივ გარემოში მსხვერპლის თვისებებს შეიძლება ავლენდეს, ხოლო იქ, სადაც თავად არის ბულერი, ძალადობის იმ ფორმას მიმართავს, რომელიც მისთვის დასწავლილი, მარტივი და გარკვეულწილად „სიამოვნების“ მომგვრელია. ამ ფონზე, სისტემატურად უნდა ხდებოდეს ბავშვების, პედაგოგებისა და მშობლების გადამზადება, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა, არაფორმალური საგანმანათლებლო სივრცეების შექმნა და ხელმისაწვდომობა სკოლაში.

– უფროსი თაობის პოზიციაზე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ საინტერესოა, რა სურთ თავად „ალფა“ და „ზი“ თაობებს ან თავად რა არ მოსწონთ მშობლებისგან?

– არ მოსწონთ როცა ვინმეს ადარებენ! არ მოსწონთ, რომ ძალიან ბევრ და ზოგჯერ მათთვის უინტერესო წრეზე დადიან! შფოთვას ჰგვრით, რომ მუდმივად ცდილობენ გაამართლონ ოჯახის წევრების იმედები. განიცდიან მათ გამო გაღებულ ხარჯებს. ემიგრანტების შვილები განიცდიან, რომ მშობლებს მათ გამო მოუწიათ ქვეყნიდან წასვლა. არ მოსწონთ, რომ მშობლები თავად იღებენ მათთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს და მათ მოსაზრებას არ ითვალისწინებენ – მაგალითად, წონაში მომატების გამო შეჰყავთ კალათბურთზე, როცა მოზარდს ცეკვა ან სხვა აქტივობა ურჩევნია. და რაც მთავარია – არ მოსწონთ, რომ მათი მშობლები ძალიან დატვირთულები არიან და მათთვის ცოტა დრო რჩებათ. ზოგჯერ მშობლები შვილებს ზედაპირულად ვიცნობთ, შინ მისულები ვეკითხებით რა ქულები მიიღეს, რა მიირთვეს, მომდევნო დღეს რას იცვამენ… და აქ ვასრულებთ. აღარ ვუთმობთ დროს იმის გარკვევას, რა სურთ მათ. არადა, სურთ ყველა მცდელობა წავახალისოთ, მათი ძლიერი მხარეები აღვნიშნოთ, მათზე ვიყოთ ფოკუსირებულები, არავის შევადაროთ, ხშირად ვკითხოთ: „როგორ ხარ?“ და მუდმივად ვაგრძნობინოთ, რომ მათ გვერდით ვართ, მხარი დავუჭიროთ და რაც მათთვის სენსიტიურია მეორეხარისხოვნად არ ვაქციოთ. საკუთარი შეცდომებიც ვაღიაროთ, ზოგჯერ ბოდიშიც მოვიხადოთ, პირობა შევასრულოთ და პარალელურად საკუთარ თავზე, განვითარებაზე ზრუნვაც არ დავივიწყოთ. და გვახსოვდეს: ძალიან გონიერი და რესურსული თაობა მოდის! ბევრჯერ გამჩენია სურვილი, ვიყო მათი თანატოლი და მათი ხედვების, შესაძლებლობების გამზიარებელი. გამიმართლა, რომ მათთან მიწევს ურთიერთობა. ვგრძნობ, როგორ მაძლიერებენ. დიდი დიაპაზონის მქონე თაობაა, ნამდვილები, წრფელები, კრიტიკულები, ცვლილებებზე ორიენტირებულები, მხარდამჭერები და გონიერები არიან.

ასევე იხილეთ:

„ეს ის ფრაზებია, რომლებიც მოსწავლეებმა დაასახელეს, როგორც ყველაზე გამაღიზიანებელი და დამთრგუნველი“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური