GE

„მასწავლებლებს საქართველოს განათლების სამინისტროსთვის ინფორმაციისა და ანგარიშების გადაგზავნა ბრალდებათ“ – ზოგადი და უმაღლესი განათლება ოკუპირებულ რეგიონებში

საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის შესახებ მომზადებული ანგარიშის თანახმად, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას ეხება ვკითხულობთ, რომ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება ოკუპირებულ რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა, რის გამოც ორივე რეგიონში ყოველწლიურად მცირდება მოსწავლეთა რაოდენობა.

ომბუდსმენი ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ოკუპირებული გალისა და ახალგორის ყველა სკოლაში დაწყებით კლასებში სრულად აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლება, ხოლო მშობლიური ენა უცხო ენისა და ლიტერატურის საგნად გადაკეთდა. 2025-2026 სასწავლო წლის მონაცემებით, ოკუპირებული გალის რაიონში 30 სრული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, 9 სკოლამდელი დაწესებულება, 5 სახელოვნებო სკოლა ფუნქციონირებს. სკოლებში, 2025 წლის იანვრის მდგომარეობით, მოსამზადებლიდან მე-11 კლასის ჩათვლით, 3169 მოსწავლე ირიცხება. მათი რიცხვი 2024-2025 სასწავლო წლის მონაცემებით 3348 იყო. 30-ვე სკოლაში დასაქმებულია 963 მასწავლებელი. საბავშვო ბაღებში ირიცხება 382-მდე აღსაზრდელი. 2024-2025 წლებში ეს რიცხვი 400-ს აღემატებოდა.

“საანგარიშო წლის განმავლობაში, მდგომარეობა ოკუპირებულ გალში მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით, კიდევ უფრო დამძიმდა. კერძოდ, თუ წინა წლებში მშობლიური ენა რიგით საგნად ისწავლებოდა, დე ფაქტო განათლების მინისტრის მიერ 2025 წელს დამტკიცებული სასწავლო გეგმის მიხედვით, ოკუპირებული გალის 18 სკოლაში პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით სრულად ამოიღეს ქართული ლიტერატურისათვის გათვალისწინებული სასწავლო საათები.

წინა წლების მსგავსად, საანგარიშო პერიოდშიც გამოიკვეთა სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებზე ეთნიკური ნიშნით დევნისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემთხვევები. დე ფაქტო განათლების სამინისტრომ დაიწყო კამპანია იმ მასწავლებლების წინააღმდეგ, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან თბილისთან კავშირში. კერძოდ, ეთნიკურად ქართველ მასწავლებლებს საქართველოს განათლების სამინისტროსთვის ინფორმაციისა და ანგარიშების გადაგზავნა ბრალდებათ. დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახური დაკითხვაზე იბარებდა ყველა იმ პირს, ვინც ენგურის ხიდზე არსებულ ე.წ. გამშვებ პუნქტს კვეთდა და „მტერ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილად მიიჩნეოდა”, – წერს სახალხო დამცველი საკუთარ ანგარიშში.

რაც შეეხება ოკუპირებულ ახალგორს, სახალხო დამცველის ცნობით, მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით მდგომარეობა, გასული წლის მსგავსად, კვლავ მძიმეა.

2025 წლის მონაცემებით, ოკუპირებულ ახალგორში, ამ ეტაპზე, ფუნქციონირებს მხოლოდ 5 სკოლა. აქედან, 4 სკოლაში ქართული ენა, როგორც საგანი, მხოლოდ მე-11 კლასში ისწავლება. 2025-2026 სასწავლო წლის მონაცემებით, ახალგორის სკოლებში, ჯამურად 38 მოსწავლე ირიცხება. მათი რიცხვი 2024 წელს 50 იყო. სკოლებში დასაქმებულია 80 პედაგოგი.

რაც შეეხება უმაღლეს განათლებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, 2025 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაუბარებლად, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება მიენიჭა 164 პირს, რომელთაგან დაფინანსების უფლება მოიპოვა 156 აბიტურიენტმა (143 სტუდენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან და 13 სტუდენტი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან).

ამასთანავე, სამინისტროში მოქმედი სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსდა 2024 და 2025 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული 6-6 სტუდენტი, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მიიღეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი”, – აღნიშნავს ლევან იოსელიანი მომზადებულ დოკუმენტში.

სახალხო დამცველი წერს, რომ წლებია საუბრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომუშავე მასწავლებლების პროფესიული გადამზადებისა და განვითარების მნიშვნელობაზე. მისი განმარტებით, ამ კუთხით, 2025 წელი დადებითად უნდა შეფასდეს, რადგან საანგარიშო პერიოდში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან 45 მასწავლებელი გადაამზადა.

სახალხო დამცველის მიერ მომზადებული “საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში – 2025” საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს უკვე წარედგინა და როგორც ომბუდსმენის აპარატი წერს, გაიცემა კონკრეტული რეკომენდაციებიც შესაბამისი უწყბების მიმართ.

ასევე იხილეთ:

სკოლებში ორ და სამცვლიანი სასწავლო რეჟიმი მოსწავლეთა განვითარებაზე უარყოფითად აისახება – ანგარიში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური