პასი სალბერგის სტატია, რომელიც ანგრევს მითს მასწავლებლობაზე და პედაგოგთა მომზადებაზე

პასი სალბერგი – რატომ ვერ გაამართლებს პროექტი „ასწავლე ფინეთისთვის“ (Teach for Finland)

ალბათ გსმენიათ, პროექტის „ასწავლე ამერიკისთვის“ (Teach For America, TFA) შესახებ. შესაძლოა არ იცოდეთ, რომ მისი დამფუძნებელი, ვენდი კოპი, ამჟამად კურირებს მსგავს ორგანიზაციას, რომელიც ცნობილია „ასწავლე ყველასთვის“ (Teach for All) სახელით და წარმოადგენს  რამდენიმე ათეული ქვეყნის TFA-ს სტილის სკოლების სარეფორმაციო ორგანიზაციების ქსელს. ფინეთი ის ქვეყანაა, სადაც ამ პროექტმა ფეხი ვერ მოიკიდა. ამის მიზეზს ფინელი განათლების მკვლევარის და მსოფლიოში წამყვანი სასკოლო რეფორმების ექსპერტის, პასი სალბერგის, სტატიაში გაეცნობით. სალბერგი ავტორია ბესტსელერის „ფინური გაკვეთილები: რა უნდა ისწავლოს მსოფლიომ ფინური განათლების რეფორმიდან?“. წიგნი პირველად 2011 წელს დაიბეჭდა, ხოლო განახლებული გამოცემა დეტალურად მოგვითხრობს, თუ როგორ შეძლო ფინეთმა მსოფლიო დონის სასკოლო სისტემის ჩამოყალიბება.

სალბერგი ფინეთის საერთაშორისო მობილობისა და თანამშრომლობის ცენტრის ყოფილი დირექტორი და ამჟამად ჰარვარდის განათლების სკოლის მოწვეული პროფესორია. იგი არის ავტორი ბევრი საინტერესო სტატიისა და ბლოგის, მათ შორის, „რა მოხდებოდა, ფინეთის საკუთესო მასწავლებლები ამერიკაში რომ ასწავლიდნენ“ და „რას ვერ ისწავლის შეერთებული შტატები ფინეთის განათლების რეფორმის მაგალითზე.“ ამჯერად გთავაზობთ სალბერგის ახალ სტატიას, რომელიც ანგრევს მითს მასწავლებლობაზე და პედაგოგთა მომზადებაზე.

ავტორი: პასი სალბერგი

კითხვაზე, თუ რატომ სწავლობენ ბავშვები უკეთ ფინეთის სკოლებში, სხვა ქვეყნების სკოლებთან შედარებით, ყველაზე ხშირად მიიღებთ პასუხს – იმიტომ, რომ კარგი მასწავლებლები ჰყავთ. მართალია, რომ ფინელი პედაგოგები ძალიან კარგად მომზადებული, საზოგადოდ პატივცემული და ნდობით აღჭურვილი პროფესიონალები არიან, თუმცა, განაპირობებენ კი, განათლების სისტემის წარმატებულობას მხოლოდ ძლიერ მასწავლებლები?! ბევრი, დაბეჯითებით იტყვის, რომ ეს ასეა. მე ასე დარწმუნებული არ ვიქნებოდი.

მისასალმებელი ფაქტია, რომ მასწავლებლების მიერ განათლების სისტემის ხარისხის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილი საჯაროდაა აღიარებული. განათლების სპეციალისტების საერთაშორისო სამიტი არის ის წლიური მოვლენა, რომელსაც მსოფლიო  მასშტაბით განათლების მინისტრები და პროფესიული გაერთიანების ლიდერები ესწრებიან. ამ ახალი ფორუმის ყურადღების ცენტრში სწორედ პედაგოგები არიან. პედაგოგთა ღვაწლის და მოღვაწეობის შესახებ მეტი და მეტი ხდება ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული მრავალი გლობალური აკადემიური კვლევების შედეგად. მათ შორის აღსანიშნავია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა (OECD) და საერთაშორისო განათლების (EI) კვლევები. ამის მიუხედავად, კვლავ მსჯელობის თემად რჩება, თუ რამდენად დიდი ეფექტი შეუძლია მოახდინოს მასწავლებელმა მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაზე.

ფინეთის უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდებისას ყველაზე დიდი კონკურენცია პედაგოგიკის მიმართულებაზეა და მასთან ვერცერთი სხვა სფერო ვერ მივა. გამომდინარე იქიდან, რომ მასწავლებლები უმაღლეს აკადემიურ ხარისხებს ფლობენ და შესაბამისი ანაზღაურება და დაზღვევაც აქვთ, პედაგოგის პროფესია ძალიან მიმზიდველი კარიერული გადაწყვეტილებაა ახალგაზრდა ფინელებს შორის. ამასთან, ფინეთის სკოლებში მასწავლებლებისათვის შესანიშნავი სამუშაო პირობებია და პედაგოგის დატვირთვა, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, საშუალოა. ბოლო დროინდელმა OECD-ის „სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევამ“ აჩვენა, რომ ფინეთის სკოლის მასწავლებლები კვირაში საშუალოდ 21 საათს ასწავლიან და 32 საათს მუშაობენ.

ხშირად გვესმის მოსაზარება, რომ წარმატებული საგანმანათლებო სისტემების ეფექტურობას მასწავლებლების საუკეთესო კურსდამთავრებულებს შორის შერჩევა განაპირობებს. ასეა, თუ ისე, ეს შეხედულება მითად რჩება, რადგან ფაქტებით ვერ მყარდება. აღნიშნული მოსაზრება ემყარება ლოგიკას, რომ რაც უფრო ჭკვიანია პირველკურსელი, რომელიც მასწავლებლის პროფესიას ირჩევს, მით უფრო კარგი პედაგოგი დადგება მისგან. საუკეთესო და ნიჭიერი ადამიანების პედაგოგიკაში ჩართვა მსფოლიოში საგანმანათლებლო პოლიტიკის ძირითად მანტრად და მიდგომად იქცა.

ისინი, ვინც მასწავლებელთა გადამზადების სწრაფ მოდელებს უჭერენ მხარს (მაგალითად ისეთებს, როგორიცაა „ასწავლე ამერიკისათვის“ ან მის მსგავს პროგრამებს), პარალელს ავლებენ უფრო წარმატებულ ფინურ სისტემასთან. მათი აზრით, ფინეთი მომავალ მასწავლებლებს მსურველთაგან საუკეთესო ახალგაზრდებს შორის არჩევს, ხოლო იმავე პრინციპით, ალტერნატიული მოდელები არჩევანს მხოლოდ იმ საუკეთესო სტუდენტებიდან აკეთებენ, რომლებიც უკვე შეისწავლიან პედაგოგიკას და მათ ყველაზე მოთხოვნადი სკოლებისა და დაუცველი კატეგორიის ბავშვებისთვის ამზადებენ.

ზოგი იმასაც ამტკიცებს, რომ ფინურ მოდელსა და TFA-ს კონცეფციებს შორის ბევრი მსგავსებაა. ჩემი აზრით, კი, მათ შორის რადიკალური განსხვავებაა. ქვემოთ იხილეთ სამი მაგალითი, თუ რატომ.

პედაგოგიური  განათლება  და მოკლევადიანი  გადამზადების პროგრამა. ფინეთში ყველა მასწავლებელი ვადებულია ჰქონდეს მაგისტრის ხარისხი განათლების სფეროში (დაწყებითი სკოლის პედაგოგოებისათვის) ან იმ კონკრეტული საგნების მიმართულებით, რომელსაც ასწავლიან (საშუალო და მაღალი კლასების პედაგოგთათვის). დაწყებითი სკოლის მასწავლებლები სწავლებას სპეციალური 5-6 წლიანი აკადემიური პროგრამით და მხოლოდ შესაბამისი საგანმანათლებლო მიმართულების ხარისხის მქონე უნივერსიტეტებში გადიან.  მაღალი დონის სასწავლო პროგრამა მოიცავს: პედაგოგიკას, ფსიქოლოგიას, ნეირომეცნიერებას, სასწავლო გეგმას, შეფასებისა და კვლევის მეთოდებს. უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ მასწავლებელთა ტრეინინგ ცენტრში, სტუდენტები პრაქტიკული სწავლების ტრეინინგებს გადიან. კონკრეტული საგნის მასწავლებლები უმაღლესი აკადემიური პროგრამით სწავლობენ თავიანთ საგანს და შემდგომში ერთწლიან განათლების მართვის პროგრამას გადიან. ეს მიდგომა რადიკალურად განსხვავდება TFA-ს მოდელისგან, რომელიც მხოლოდ 5-6 კვირიან საზაფხულოს სკოლის სტილის სწავლებას გულისხმობს კოლეჯდამთავრებულთათვის, რომელთაც არ აქვთ სრულყოფილი განათლება და სწავლების გამოცდილება.

ცხოვრებისეული კარიერა და მოკლევადიანი გამოცდილება. ფინეთში მასწავლებლის კარიერა მაღალკლასელებს შორის ძალიან პოპულარული პროფესიაა. კვლევამ, რომელიც ბოლო პერიოდში ჩატარდა, აჩვენა, რომ ყოველი გამოკითხული 5 მასწავლებლიდან 4 კმაყოფილია მისი საქმიანობით და მხოლოდ 9%-მა შეიცვალა პროფესია და გადავიდა სხვა სფეროში. 2012 წლის მონაცემებით, მასწავლებლის პროფესია საშუალოდ 40 წელი გრძელდება, ხოლო პედაგოგს 16 წლიანი სწავლების გამოცდილება აქვს. სკოლაში მუშაობის პერიოდში, მასწავლებლების 95%-ზე მეტი ფინეთის განათლების სავაჭრო კავშირებში (OAJ) წევრიანდება. კავშირი წარმოადგენს განათლების ექსპერტების ასოციაციას, რომელიც, თავის მხრივ, ფინეთის აკადემიური პროფესიონალების გაერთიანებების კონფედერაციის (AKAVA) ნაწილია.

ეს სისტემა სრულიად განსხვავებულია TFA მოდელისგან, რაც მასწავლებლების  ორწლიან ჩართულობას გულისხმობს და ვერ უზრუნველყოფს მათ პროფესიულ გაერთიანებებთან მჭირდო კავშირს. კვლევამ, რომელიც 2012 წელს ჩატარდა, აჩვენა, რომ საშუალო ამერიკელ მასწავლებელს მხოლოდ 5 წლიანი სასწავლო გამოცდილება ჰქონდა, მაშინ, როცა 20 წლის წინანდელი მონაცემებით, გამოცდიელება 16 წელიწადს შეადგენდა.

სოციალური  და  ადამიანური  კაპიტალი  მასწავლებლის კარიერაში. ფინეთში სწავლება გუნდურ საქმიანობად მიიჩნევა და მასწავლებლების თანამშრომლობას გულისხმობს. ისინი წევრიანდებიან პროფესიონალურ გუნდებში, რომელთაც საერთო მიზანი და ხედვები აერთიანებს. სკოლების უმეტესობას აქვს გამოყოფილი სივრცე ყოველდღიური გუნდური მუშაობისათვის. მასწავლებელთა პირადი და ორგანიზაციული მოღვაწეობის წახალისების გზით იქმნება გარემო, სადაც შესაძლებელია სასკოლო პრაქტიკის გაუმჯობესება და პროფესიონალური განვითარება. მასწავლებლებლები გუნდური მოთამაშეები არიან, მჭიდროდ თანამშრომლობენ კოლეგებთან და სკოლებთან და ამასთან, ლიდერული უნარ-ჩვევებითაც გამოირჩევიან.   ფინეთის სკოლებში თანაბრად პრიორიტეტულია როგორც სოციალური კაპიტალის, ასევე ადმიანური კაპიტალის განვითარებაზე ზრუნვა. მასწავლებლების სწრაფად გადამზადების მოდელები კი, ფინური მოდელისგან გასხვავებით, მთელ აქცენტს ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე აკეთებენ და ხშირად იგნორირებულია სოციალური კაპიტალის, როგორც სკოლაში ხარისხიანი სწავლების ერთერთი კრიტიკული ელემენტის როლი, რომელიც თავის მხრივ მასწავლებელთა გაერთიანებებს და პროფესიულ ქსელს გულისხმობს.

ფინეთის უმაღლესი სასწავლებლები მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტების მხოლოდ 10%-ს იღებენ.  თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არჩევანი სკოლადამთავრებული აბიტურიენტების საუკეთესო 10%-ზე კეთდება. უმაღლესში მიღების სისტემა ისეა შექმნილი, რომ პედაგოგობის მსურველ სტუდენტებს თანაბარ სასტარტო პირობებში აყენებს. მაგალითად ჰელსინკის უნივერსიტეტში, განათლების ფაკულტეტზე ყოველწლიურად მიღებული პირველკურსელების აკადემიური პროფილები ძალიან გასხვავებულია. ტიპიურ პირველკურსელს სკოლაში აქვს საშუალოზე ოდნავ მაღალი ნიშნები და საშუალოზე  მცირედით  მაღალი შედეგი მისაღებ გამოცდებზე.

ფინური განათლების სისტემის ექპერტები სულაც არ მიიჩნევენ, რომ მაღალი აკადემიური მოსწრება პირდაპირ ნიშნავს, რომ სტუდენტისგან კარგი მასწავლებლი დადგება. მომავალი სტუდენტების შერჩევის პრინციპი არის იმ ახალგაზრდების მოძებნა, რომელთაც სათანადო პიროვნული თვისებები გააჩნიათ, ფლობენ ინტერპერსონალურ უნარ-ჩვევებს, აქვთ მორალი და დიდი სურვილი მომავალი პედაგოგიკას მიუძღვნან.  მაშინ როცა ბევრისთვის TFA არის პლატფორმა სხვა პრესტიჟული კარიერისაკენ (იურიდიული, საბანკო საქმე, ბიზნესი, საჯარო მმართველობა) მიმავალ გზაზე, ფინეთში პედაგოგიკას მთელ ცხოვრებას უძღვნიან.

და, ვინაიდან ფინელებისათვის მასწავლებლის პროფესია ისეთივე დაფასებულია, როგორც მედიცინა, იურიდიული ან ინჟინერია, ამერიკული პროექტის ანალოგს ფინეთში, „ასწავლე ფინეთისთვის“, მომავალი არ აქვს, ისევე, როგორც ნებისმიერი სერიოზული პროფესიის დაუფლების „შემოკლებულ“ მოდელებს.

წყარო: washingtonpost.com

ა.ნ.

edu.aris.ge საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი